Friday, June 1, 2012

უკანასკნელი იმპერატორი (მე-5 სერია)


ემიგრაციის გამომწვევი მიზეზი მხოლოდ ეკონომიურ მდგომარეობას არ უკავშირდება. იგი დღემდე ამოუცნობია, რადგან ვენესუელას ბევრი მკვიდრი ემიგრაციაში იმყოფებოდა იმ დროს, როცა შეეძლოთ ვენესუელის ნამდვილი ვარსკვლავები ყოფილიყვნენ და უზრუნველად ეცხოვრათ. ისინი არამარტო სამუდამოდ წავიდნენ ქვეყნიდან, არამედ საღამოობით, თუნდაც ერთი ღამით, ჩამოსვლაზეც კი უარს ამბობდნენ...

ერთ-ერთი ყველაზე ჯიუტი ემიგრანტი იყო Jamiro, ვენესუელელი ვარსკვლავთ-ბიჭუნა. იგი ვენესუელის იმპერატორის ინაუგურაციის დროს უკვე ემიგრაციაში იმყოფებოდა გაურკვეველი მიმართულებით. მისი ერთადერთი და განუმეორებელი მეუღლის, სინიორიტა Tamusii-ს ცნობით, მოგზაურობდა მთელ მსოფლიოში და თავს კარგად გრძნობდა. მიუხედავად იმისა, რომ Jamiro-ს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, იგი მეუღლის ერთგული იყო, თუმცა ვენესუელაში არაფრისდიდებით არ ჩამოდიოდა და Tamusii-ს იაჰუდან ეკურკურებოდა ხოლმე.

სინიორიტა Tamusii-ს, თავის მხრივ, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. მასზე უიმედოდ იყო შეყვარებული ვენესუელაში განთქმული კატების მომთვინიერებელი Zurazazu, მაგრამ Tamusii-ს გული ვერ მოინადირა. დიდი ხნის დამქანცველი ლოდინის შემდეგ, გადაწყვიტა, მოქმედება დაეწყო. Zurazazu-ს კატის ყველა თვისება შესისხლორცებული ჰქონდა და Tamusii-ს მოსატაცებლად მახე დაუგო. მან ერთ-ერთ ყველაზე გამოსაჩენ ადგილას მოიკალათა და Jamiro-ს მოუხმო (აი, ისე, ბეტმენს რომ უხმობენ): -Jamiro, გვიყვარხარ, დაბრუნდი!

ცხადია, Tamusii-ს გულმა ვერ მოუთმინა და ისიც მახლობლად მივიდა, იქ, სადაც შეკრებილნი იყვნენ ვენესუელის მაცხოვრებლები, მათ შორის მმართველიც, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ Jamiro-ს გამოჩენას. ვინაიდან Jamiro-მ თხაზე მეტი სიჯიუტე გამოიჩინა და არ დაბრუნდა, შეკრებილ ხალხს მობეზრდა ლოდინი (Zurazazu-სა და Tamusii-ს გარდა) და დაიშალნენ. Zurazazu-მაც დრო იხელთა და Tamusii-ს მოტაცება დაუპირა. ბეღურასავით დამფრთხალმა Tamusii-მ თავს ძლივს უშველა... მისი სახლი ახლოს იყო, თავი იქ შეაფარა და ხელმოცარულ კატების მომთვინიერებელს ქოქოლა დააყარა გაკაპასებულმა.

თუ Jamiro ჩვეულებრივი მოქალაქე იყო და პოპულარულობის ზენიტში მყოფმა გადაწყვიტა უგზო-უკვლო ემიგრაციაში წასვლა, Gobananas-ti პერსპექტიული და მზრუნველი მინისტრი იყო, კარგი მენეჯერი. თავის სამინისტროში ყველაფერი რიგზე ჰქონდა და ვენესუელის მმართველისთვის დღემდე გამოცანად რჩება მისი თხოვნა სამსახურიდან გაშვების თაობაზე. თავიდან არც აპირებდა მისი თანამდებობიდან მოხსნას, მაგრამ Gobananas-ti მუხლმოდრეკილი ეხვეწებოდა ყოველდღე და ვერ გაუძლო ამ მუდარას.

ნაღვლიანი და თვალცრემლიანი Gobananas-ti გათავისუფლების ბრძანების მოსმენისთანავე გასწორდა, თვალები აუბრჭყვიალდა, ჭრელ ჩემოდანში ნივთები ჩაალაგა და ნისლიანი ალბიონისკენ გაეშურა სიხარულისაგან ფრთაშესხმული.

თუმცა, მის წასვლას საკრალურად დაემთხვა ვენესუელაში თვითმკვლელობის მცდელობის გახშირებული მცდელობები...

No comments:

Post a Comment