ალბათ, ყველას გახსოვთ შარშანდელი 1 ივლისი, როცა ჟურნალმა
მკითხველებთან ერთად ინტერნეტდამოკიდებუ- ლებას შეუტია აქციით, რომელსაც მოვლენების
განვითარების შესაბამისად, ორიდან ერთი ფინალი შეიძლება ჰქონოდა: ან ინტერნეტზე დამოკიდებულების,
ან ინტერნეტისგან დამოუკიდებლობის დონის განსაზღვრა. რადგან ორივე შემთხვევა გათვალისწინებული
იყო, შეიძლება ითქვას, რომ აქციამ წარმატებით ჩაიარა და აქციის მონაწილეთა სიმცირის
შესაბამისად, 1 ივლისი გამოცხადდა ინტერნეტზე დამოკიდებულების დღედ, ვინაიდან შოკოლადებითაც
კი ვერ გამოვიტყუეთ მკითხველთა უდიდესი ნაწილი ინტერნეტს მიღმა, პუშკინის სკვერში.
მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, თუმცა ამის ასე დატოვებას
არ ვაპირებდით. ბოლო ერთი თვე მაინც ვემზადებოდით ცხოვრების ამ მავნე ჩვევაზე, ინტერნეტდამოკიდებულე-ბაზე,
რევანშის ასაღებად. თუმცა, მანამდე ჩვენი ერთგული მკითხველის დაჟინებული თხოვნით ვცადეთ
გაგვეახლებინა საბავშვო ნახატების კონკურსი და, თუ ჩვენს ფეისბუქის გვერდსაც სტუმრობთ
ხოლმე, შეამჩნევდით სარეკლამო ფერად ბანერს, რომელიც პატარებს კონკურსში მონაწილეობის
მიღებისკენ მოუწოდებდა. როგორც ჩანს, პატარებმა ნახატების ხატვას ინტერნეტში სათამაშოდ
ძრომიალი არჩიეს და კონკურსიც ვერ შედგა.
ამ ფაქტმა გადაგვაწყვეტინა,
ტაქტიკა შეგვეცვალა და ინტერნეტდამოკიდებულებას ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდით
შევწინააღმდეგებოდით. ალბათ, გაგონილი გაქვთ, თუ არადა დღეიდან იცოდეთ, რომ თბილის-ქალაქში
ტარდება საყოველთაო მარათონული შეჯიბრი - „ჩემი ქალაქი დარბის“, რომელშიც მონაწილეობას იღებენ როგორც პროფესიონალი,
ისე მოყვარული სპორტსმენები, დაყოფილი ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით. ერთ-ერთი
მარათონული რბოლა 30 ივნისს უნდა გამართულიყო და თვეში ერთხელ გაიმართება წლის ბოლომდე.
ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია ახლავე დარეგისტრირდეს და დაელოდოს მომდევნო რბოლას, მანამდე
კი გაგაცნობთ ჩვენს მზაკვრულ გეგმას, რომელიც კომპიუტერთან უქმად ჯდომისა და ინტერნეტში
ძრომიალის საწინააღმდეგოდ განვახორციელეთ.
თუმცა,
როგორც კომედიებში ხდება ხოლმე, ყველაფერი ყირამალა დადგა. მარათონი გადაიდო და ჩვენი
გეგმა, მისი მონაწილეები შოკოლადის მედლებით დაგვეჯილდოვებინა, ჩაიშალა. მცირეოდენი
დაბნეულობის შემდეგ კოლექტივმა მაინც გადავწყვიტეთ, შოკოლადით დაჯილდოვების ცერემონიალი
მაინც ჩაგვეტარებინა, ოღონდ სხვა ფორმით. გეგმა „ბ“–ს სახელიც კი სახელდახელოდ თემატური
შევურჩიეთ – „წაიკითხეთ „მართლა შოკოლადი“ და აჰა შოკოლადი“ დავარქვით და წინასწარ
დაანონსებულ დროს მოვედით რიყეზე.
ცხელი და ნოტიო ამინდის გამო ორგანიზატორები შარშანდელზე
ცოტა მოვგროვდით და ხალხიც, ვისთვისაც შოკოლადები უნდა გადაგვეცა, ძალზე ცოტანი იყვნენ.
სხვა ჟურნალისტები რომ ვყოფილიყავით, აქაც დავიბნეოდით, მაგრამ შოკოლადი მართლა დადებითად
მოქმედებს გონებაზე, ამიტომ გარდა იმ ცოტა ხალხისა, შოკოლადების გადასაცემად რეიგანის
ძეგლთანაც მივედით. თუ ინტერნეტის პასიური მომხმარებელი ბრძანდებით, შეიძლება გაგიკვირდეთ
ჩვენი ეს ნაბიჯი, მაგრამ ფეისბუქის აქტიური მომხმარებელი სადმე მაინც გადააწყდებოდა
რონალდ რეიგანის მოსიყვარულე ქალბატონების პოსტებს, სადაც ისინი გულისტკივილს გამოთქვამენ,
თუ ერთ დღეს მაინც ვერ მოახერხებდნენ მასთან მისვლას, იმდენად ხშირად, მგონი ყავით
დადიან მასთან საჭორაოდ. ჰოდა, აჰა, რონალდ, ჩვენი შოკოლადი: სტუმრებსაც გაუმასპინძლდები
და თავადაც ნასიამოვნები დარჩები.
No comments:
Post a Comment