Monday, April 1, 2013

რედაქტორის ხე (ნაძვი)


ლურჯი იების თოვლი


იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა? იყო ერთი ზღაპარი, რომელშიც ერთ ხელმწიფეს ჭირვეული ასული ჰყავდა. მეფეს ერთადერთი შვილი ისე ჰყავდა განებივრებული, რომ ყველაფერი, რასაც დაინახავდა ან გაიგონებდა, სათავისოდ უნდოდა. ერთხელ ამ ზღაპარში შორეული ქვეყნიდან ვიღაც ჩავიდა და ამბავი ჩაიტანა: საიდანაც მოვდივარ, განსაკუთრებულად კარგი ქვეყანაა და ზამთარში ლურჯი იების თოვლი მოდისო. ეს ამბავი მეფის ასულის ყურამდე მივიდა თუ არა, მაშინვე მასაც მოუნდა ლურჯი იების თოვლი, მაგრამ ეგრე სად იყო? სანამ ერთი ბრძენის რჩევით მთელი ქვეყანა იმ შორეულ ქვეყანასავით კარგად არ მოიქცა, მანამ არ მოვიდა ზღაპრის ქვეყანაში ლურჯი იების თოვლი...


თოვლი კარგია, ლურჯი იების მით უფრო, მაგრამ დღეს პირველი აპრილია და გილოცავთ ახალ წელს, რომაულ ახალ წელს.

ცოტა რამაა საჭირო ადამიანებში დაბნეულობის გამოსაწვევად. მაგალითად, ჟურნალის თარიღი ახალი წლის მოლოცვას თითქოს უნდა ემთხვეოდეს, მაგრამ აპრილიც რომაა? ამ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს: ჩვენი ჟურნალი ოდითგანვე გამოირჩეოდა ინოვაციებით, წინა ნომერიც ამის დასტურია. გვინდოდა უფრო ინოვაციური ყოფილიყო მომდევნო ნომერიც და ამისთვის ჟურნალის ციფრული ვერსია 2012 წლის 10 დეკემბერს ზეუსწრაფესი გზავნილით გავაგზავნეთ პლანეტა ნიბირუს ულტრათანამედროვე სტამბაში და ჟურნალი 12 დეკემბერს უნდა გამოსულიყო (პლანეტასთან ერთად)... თუმცა, იქ ჩვენზე უარესი საფოსტო მომსახურება ჰქონიათ და დაბეჭდილმა ჟურნალმა „ცოტათი“ დააგვიანა ან აგვცდა (მიუხედავად ყდაზე დატანილი შტამპისა „Express delivery“).
 
ჰოდა, დღეს პირველი აპრილი იმიტომაა ჟურნალი რომ  გამოვიდა, თუ პირიქით, ჟურნალის გამოსვლის აღსანიშნავადაა პირველი აპრილი, გასარჩევად არ ღირს. დღეს პირველი აპრილია და რომაელები მას ახალი წლის აღსანიშნავად იყენებდნენ, მავანნი კი სხვების მოსატყუებლად, თითქოს მანამდეც არ იტყუებოდნენ და შემდეგშიც არ მოიტყუებიან. ამ მავანების დამსახურებაა ის, რომ დღეს გავრცელებულ ინფორმაციებს ნაკლებად დაეჯერება. მეც ვისარგებლებ შემთხვევით და გავაცხადებ: ჟურნალის ეს ნომერი ბოლოა და ვიხურებით. ამ ფორმატში იმიტომ ვამბობ, რომ მეც მირჩევნია ტყუილი იყოს, თუმცა, როცა ერთი კარები იხურება, სხვა აუცილებლად იღება.
 
ამ დროს ჩვენს ქვეყანაში თბება და თოვლის, თუნდაც ლურჯი იების თოვლის მოსვლის ალბათობაც იკლებს. იმ მკითხველს, ვისაც დააინტერესა, რომელია ზღაპარზე უკეთესი ქვეყანაო, ვეტყვი, ეს საქართველოა. ყდაზე დატანილი სურათზეც საქართველოა, თბილისი. თუ სურათს ნამდვილად იისფრად ხედავთ, ე.ი. კარგი ადამიანი ხართ და არავისი გშურთ. შურიანები და ბოღმიანები ამ სურათს თეთრად ხედავენ.

თუ ყველა კარგად მოვიქცევით, ამ ზამთარს კვლავ მოვა იისფერი თოვლი. მანამ კი რომაულ ახალ წელს გილოცავთ ყველას. 

No comments:

Post a Comment