Sunday, January 1, 2012

რედაქტორის სვეტი: პრესას გვიჭამენ, ხალხო!!!1!!!1ერთი!!!

  აი, დადგა 2012 წელი. ზოგი იძახის (იმდენი ჩინელი თუ "ზოგია") დრაკონის წელიწადიაო, მაგრამ ჩვენს სარედაქციო კოლეგიას არ სჯერა, რადგან აგერ ახლახანს მოვლიეთ დრაკონის წელი თავისი დრაკონული კანონებით, რაც ჩვენს სარედაქციო პოლიტიკას, და არამარტო ჩვენსას, ამავდროულად, არამარტო სარედაქციოს, შეეხო. მაგალითად, მიიღეს კანონი პრესის გავრცელების შესახებ და უამრავი ჯიხური აიღეს. აბა, კანონს ხომ არ დაარღვევდნენ? აღებული პრესის ჯიხურების ნაცვლად ლატარიისა და სურსათის ჯიხურები ჩამოდგეს და პრესას, პირდაპირი გაგებით, გვიჭამენ!

  ცხადია, როგორც მოქალაქეები, კანონს უნდა ვემორჩილებოდეთ, მაგრამ დრაკონული კანონები დაუმორჩილებლობის გრძნობას ისე აღვივებს, როგორც ქარი მინავლულ კოცონს. სწორედ დაუმორჩილებლობის გრძნობა გვაიძულებს არ შეველიოთ და ჩვენი ჟურნალი აწ უკვე აღებული ჯიხურებიდან გავავრცელოთ მაინც.

   ვინ ვარ მე და რატომ შევქმენი ეს ჟურნალი?

  მე, ვირტუალურად Sh@ko, რეალურად – შალვა, წარსულში მონღოლივით მომთაბარე ბლოგერობას ვეწეოდი, ანუ, შევდიოდი სხვადასხვა ბლოგზე და ვრცელი კომენტარებით ვხუნძლავდი. საკუთარი ბლოგი არ მქონია, რადგან ისეთი დაუდევარი ვარ, მაინც არ ვიმსახურებ... ჟურნალის დაბეჭდვის დღესაც ისეთი დაუდევრობა გამოვიჩინე, ლოჯისტიკის უფასო კურსების ჩატარებას შემომთავაზებდით.

   ყველაფრის მიუხედავად, ყველაფერი რიგზეა და დაუდევრობისთვის სამსახურიდან არავის გაშვება არ მომიწევს. თუმცა, თუ ჩემსავით პირველად უკანა გვერდებს კითხულობთ, მიხვდებოდით, ვერავის გავათავისუფლებდი... რადგან ლოჯისტიკაც და რედაქტორიც მე ვარ.

  ასეა თუ ისეა, იმედით შევეგებოთ ახალ წელს. ყველას გილოცავთ და გისურვებთ ბევრ გემრიელობებს. კეთილი დრაკონი ყოფილიყოს პრესისა და ჩვენ ყველას წარმატებების თილისმა!

No comments:

Post a Comment