Wednesday, November 28, 2012

ვაშლის და მსხლის ღვინის რეცეპტი 1


ნინო ხოფერიასსაოჯახო წიგნისმიხედვით

ნაწილი ვაშლი

დავჯექ და წერა დავიწყე რეცეპტ ვაშლისა ღვინისა,
მასცა მივუძღვნი, ვის უყვარს ტყეშიდა ძებნა ხილისა,
ვწერ დარად “ვეფხისტყაოსნის”, რუსთაველისად დამისად,
კარგად ვუწყ, ფასი არა მაქვს წვერის მაგისა კალმისა.

მიბრძანეს მისად საქებრად წერა ლექსისა ზრდილისა,
“ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე კბილისა,
ბროლ-ბადახშისა თლილისა, მის მიჯრით მიწყობილისა”,
თუ არ დასწერო, არ შეგრჩეს მისგან ნაგლეჯი კბილისა.

მე რუსთველი მაპატიებს მისთა მსგავსად ლექსთა წერას,
რავი, ალბათ გადვირიე, ავყოლილვარ ალბათ წერას,
გამოცდები გადმეღობა, ასე ნებავს ბედისწერას,
ძალი მინდა, რომ გარდავხდე გამოცდას და ტესტთა წერას.

ვიცოდი რომ ძნელი იყო, ეს რომ ლექსად დამეწერა,
მაგრამ ვაშლის ღვინისა სმა გულზედ ფიქრად და-მეწერა,
გამოცდების ზუთხვა-კითხვას სჯობდა ლექსი დამეწერა,
ვაშლის ღვინის სიყვარულით მე მუზისა გავხდი წერა.

ნუნუ ბებოს რომ ვუამბე ჩემს გულის განაწონისა,
თქვა ზაფხულს კრეფა ვაშლისა, წონითა აუწონისა,
ქმნა ტკბილთა ღვინო-ბურახთა, სიკეთე მიუწონისა,
რათა დაკლება შემდგომში მით ზედმეტისა წონისა.
პროზად რომ გადამეწერა, ვა, თუ არ მოგწონებოდა,
ვით დედას-ჩემსა არ მოსწონს, სულ ჩემსა ტვინს სწუნებოდა,
თემურის გადაეკითხა, კვლა დია გაჰხარებოდა,
დალის ამბავი ხომ ვიცი, დედიკოს მხარეს დგებოდა.

მინდა რუსთველ გავიხსენო, შევადარნეთ თავნი ჩვენნი,
არა მიგავს რუსთველისა თმა, თვალები, სახე, გენი,
იგი ჭრაქის შუქზე წერდა, მე სახლში მაქვს კარგი დენი,
შოთა ბატით ოქროს წერდა, მე - ოქროთი ბატის ენით.

რეცეპტის წერა ლექსადა ვინა სთქვა, ვინ გაიგონა?
სხვამ ვინ, თუ არა ჩემმავე უტვინო ტვინმა იგონა,
შოთა სიცილით მოკვდება, მან თუკი ეს გაიგონა,
მაგრამ დასცინეთ იმასა, ვინც ომი გამოიგონა!

შესავალში ღრმად შევტოპე, დავარღვიე ეტიკეტი,
ლექსი ერთ აზრს აღარ მისდევს, მას მოითხოვს ლექსთა წესი,
გამოცდა რომ მივატოვე, არც ეგ არის კარგი წესი,
ცოტა ხნით რომ შევისვენე, გავაგრძელე მე რეცეპტი.

კვლავაცა ვზი მაგიდასთან, კვლავ ავიღე მე ტბა გიშრის,
საგნებს მიტომ გავექეცი, წერა მინდა მე ნაფიქრის,
რითმაში რომ გამოვიდეს, სიმცირეს ვიქმ ქართულ სიტყვის,
ლექსის წერას ვინ დამიშლის? არ მადარდებს ვინ რას იტყვის.

აიღეთ ვაშლი მწიფეი, რაოდენობის დიდისა,
ჩაყარეთ რასმე ჭურჭელსა, ხოლო თუ არი ი ხისა,
სულ ერთნაირად ჩანაყეთ, იხმარეთ მსგავსი ძელ ხისა,
ხორცის საკეპში ჩაკეპეთ, ეს მასა არს ბურახისა.

ყურძნის წრბეში გაატარეთ, როს გაივლის დუღვის ჟამი,
კვლა მიუდგით ქვეშე რამე თიხის კოკა, ანუ ჯამი,
რაჟამს წვენი გამოწურვის, ჰერმეტულად უცეთ თავი,
პირველ ხარისხ ბურახია, სმა შეიქმის მეტად ამი.

მეორე წესი ცოტაი, წვენგამოწურულ ფაფასა
ვასხუროთ ცივი, ჭის წყალი და ღარს საცობი დავასვათ,
მეორე დღეს ჰქმენ იგივე, რაცა წინა დღით ჰყავ მასა,
„ბურახ ხარისხი მეორე“, ასე დააწერ დოქასა.

მეორე დღეს წვენს გამოსვლა ცოტა რომ გაუჭირდება,
მაშინ იხმარე შენ ძალა და წნეხი და-და-გჭირდება,
(ბოდიშ “შენობით” მართვისას, თვით ლექსმა ასე ინება),
მაგრამ ბურახი მზად არ არს და დუღვა მას დასჭირდება.

ორი კასრუნას ძებნაი არ იქნება საქმე ძნელი,
გადაასხით ორივეში თქვენ ცალ-ცალკე იგი წვენი,
კასრნი თავღია უნდ იყვნენ, გადაჰფარეთ დოლბანდ სქელი,
რა გამოხდის ცოტა ხანი, გადაეკვრის აპკი თხელი.

მე მინდა მასცა მივმართო, ვინც ტყეში დაეხეტების,
ვის უყვარს ძებნა წიფლისა, მისთა ნაფოტთაც ეძების,
თუ წვენსა მასა შევურევთ, არომატ კარგი ექნების,
ბოლოს, აპკი არ მოსწმინდოთ, თვარა წვენი ამჟავდების.

პირველი დუღვის ჟამიდან სულ ერთსა თვესა დავუცოთ,
გადაწურულნი ჩავასხათ კასრნში და თავნი დავუცოთ,
თუ გვინდა ტკბილის გამოხდა, მას დადუღება არ ვუცოთ,
ამით ვამთავრებ რეცეპტსა, მინდა რომ მაგრად გაკოცოთ.

No comments:

Post a Comment