Monday, April 1, 2013

ვაშლის და მსხლის ღვინის რეცეპტი 2


ნინო ხოფერიას „საოჯახო წიგნის“ მიხედვით

ნაწილი მსხალი


მე უტვინო ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი,
ვის ჰმორჩილებს ჯარი ბაღნთა, მისთვის ვხელობ ცოცხალმკვდარი,
დაიფანტოს სიავდრე და დამდგარიყოს კარგი დარი,
კვლა ვიტყვი, რომ რუსთველთანა არა ვარ მე შესადარი.

მინდოდა მეთავებინა და შემეწყვიტა მე ლექსი,
მარა მნებს, რომ მე დავწერო მსხლისა ღვინისაც რეცეპტი,
ვითხოვ შეწევნას თქვენგანა, დამრთოთ უტვინოს მე ნები,
სხვა რა უნდა ვქნა, მასა ვიქმ, ვწერ მასა, რაცა მენების.

მსხლის ღვინოც ისე კეთდება, როგორც კეთდება ვაშლისა,
ეს განსხვავება ერთია, სხმა არ სჭირდება წყალისა,
მსხალში შაქარიც ბევრია, რაოდენობაც წყალისა,
ამიტომ ღვინო-ბურახი ბევრად ტკბილია მსხალისა.

თუ გვინდა რომ მსხლისა ღვინო არ-შუშხუნა, იყოს ტკბილი,
ხუთ დღეს ერთხელ ვასხათ სხვაგან, არ ვაცადოთ მას დუღილი,
ბოლოს სარდაფს შევინახოთ, ჰერმეტულად დაცობილი,
თიხის ჭურჭელს შენახული ღვინო ხდების მეტად ტკბილი.

შამპანურივით შუშხუნა ღვინოს დრო უნდა ცოტა,
წვენი ჩავასხათ, მოვძებნოთ კასრი ან დიდი ბოცა,
კასრი გოგირდით შევბოლოთ, წვნის ჩასხმა უნდა როცა,
ჩასხმიდან დადუღებისთვის მცირე სჭირდება დროცა.

პროზის დაწერა შაირად ცოტათი გა-ცა-მიჭირდა,
შემომელია ქართული, აზრის გამოთქმა მიჭირდა,
მოვიხმე გონების ძალნი, არ შევურიგდი მე ჭირს და
მსწრაფლ გამინათდა გონება, ვთქვი, თუ: „ეს რა გამიჭირდა“?

ამგვარი წესის ღვინოი მეტად რომ საამურია,
ისეთს შუშხუნსა შეიქმის, გეგონოს შამპანურია,
ამასთან მეტად ტკბილი და საამო სასუმულია,
არ მჯერა, რომ არ შეცდუნდეს მუსულმანების ურია.

გასრულდა წესი ღვინოთა, ჩემგან ნაწერი ხელითა,
მოშველიებით ტვინისა, ძველი ქართული ენითა,
მინდა შეგკადროთ მეფენო, საქმითა მეცნიერითა,
მერმე ვიშიშვი ამგვარ ქმნას საქმისა უტვინებითა.

გამოცდები წინ მომელის, ხსნა ვიპოვო რომელ ერთგან?
ტესტი თუ ვერ ჩავაბარე, გამოვეცა ყველას მე გან,
თუ ვერ მნახეთ მხიარული, მომაძახეთ: „მსწრაფლ გარე გა!“
ჩავაბარებ? შემოგესმათ მთის ფეხებით ჩემით დრეკა.

მოგითხრობთ მცირედ ამბავსა, ესე შაირთა წერისა,
საქმე არ მქონდა ტყვე-ქმნილსა, მიტომ დავჯექ და ვლექს ისა,
შემექო იგი, ვისთვისაც, „მირთმა ხამს მართ მიშერისა,
მას არა ვიცი შევკადრო შეხმა ხოტბისა შე-რისა“.

თორნიკე დალი-ჯანის ძე ილოს უქია, სოფლელსა,
მარი - ნუნუსა ბებოსა, დათვის ბელს ჰგავსო რომელსა,
აბანოს ღვინო - მამასა, მას ენა დაუშრომელსა,
ვაშლ-მსხალის ღვინო - შაკუნას, მისთვის ნერწყვშეუშრობელსა.

ვასრულებ წერას ყოველთა, რეცეპტებისა ღვინეთა,
არ ძალმიძს სრულ-ქმნა სიტყვისა მარილად გასაცინეთა,
თავი ვამსგავსე იმ მშვილდსა, უხაბრო მონადირეთა,
ბევრის მომკვლელი შეჰყურებს ნადირს, სხვის ნანადირევთა.

No comments:

Post a Comment