Friday, October 12, 2012

პრაქტიკული მათემატიკა (მე-2 ნაწ.)


ვასრულებთ წინა ნომერში გამოქვეყნებული ახალგაზრდა, ნიჭიერი, მაგრამ უცნობი ავტორის ნაწარმოებს. მოთხრობა დაიწერა 2003 წელს და 2012 წლამდე მხოლოდ ერთ ეგზემპლარად და ორ ასლად იყო მთელ მსოფლიოში გავრცელებული. ერთი ასლი ბოროტ ადამიანს ჩაუვარდა ხელთ, მეორე – ჩვენ, ხოლო დედანი – ავტორს. იმედია, აქ აღწერილი ამბავი ცოტათი მაინც შეგაყვარებთ საგან მათემატიკას.
 
 
„სასამართლოს დადგენილებით შენი ქარხანა დაიხურება, ანგარიშები გაიყინება, შენ კი აღარ გაბედო ამ ეშმაკის მანქანების გაკეთება, თორემ სამუდამოს მოგისჯი და სულს ამოგაცლიო!“ - დამიბარა წასვლის წინ და კარები ისე გაიჯახუნა, ფანჯრებმა ზრიალი დაიწყეს...
-უხ, მაგისი!... - ვეღარ მოვთოკე ნერვები, - რას გერჩოდნენ, ან ხელსაწყოები რატომ წაგართვეს, იმ ნაძირლებმა?
-დამაცა, დავამთავრო. რომ დავლაგდი, მეც გული მომივიდა და სასამართლოში გასაჩივრება გადავწყვიტე. იმდღესვე წავედი კიდეც ქალაქში, მაგრამ რაც იქ ვნახე... უკან გამოვიპარე.
-რა ნახე ამისთანა?

-ელექტროშოკებით შეიარაღებული პოლიციელები ჩემს გვირგვინებს ძალით თუ ნებით აგროვებდნენ და ნაგვის მაქანაში ყრიდნენ. ერთი გნიასი იდგა, ვიტრინები და მანქანის მინები ჩამსხვრეული იყო, ნამდვილი ომი გეგონებოდა. სახლიდან ცხვირი აღარ გამომიყვია, ინტერნეტიდან ვადევნებდი თვალს მოვლენებს. ყველა ტელევიზია და გაზეთი მე მთათხავდა. მე მგონი, ლოგიკურიც იყო. ადამიანები ისე შიფრავდნენ ერთმანეთს, თითქოს გადამწვარ ნათურას ამოწმებენ სინათლეზეო. ორი კაცი შეხვდებოდა ქუჩაში ერთმანეთს, ორივე თავ-თავისთვის მიმავალი, უცებ ატეხავდნენ ჩხუბს და ჩაითრევდნენ სხვებსაც. ვითომ უმიზეზოდ, მაგრამ, ალბათ, ერთმანეთის აზრებს რადგან კითხულობდნენ, მაგიტომ. ეგ კი არა, მეც ლამის ვცემე რამდენიმე ჩემზე ცუდად გაფიქრების გამო. ისე გახშირებულა ასეთი ჩხუბები, რომ პირდაპირ ეთერშიც კი იღებდნენ. ამასთან, უმუშევრობამაც მოიმატა, რადგან ყველა უფროსს „მათემათიკოს გვირგვინი“ ეხურა თავზე.


გული უცნაურად დამწყდა მოვლენების მოულოდნელი განვითარების გამო.

-უყურე შენ! მე კიდევ მთელი ცხოვრება ტელეპატობაზე ვოცნებობდი... მართალია, რაც მოჰყევი? - ყოველი შემთხვევისთვის მაინც დავეჭვდი.

-ახლა ერთადერთი ეგზემპლარი გიჭირავს ხელში... მაგ ოხერმა სხვა მხრივაც ვერ გაამართლა — ოცნების ინტეგრირება ვერ შეძლო.

-ოცნების ინტეგრირება რაღაა? - ვკითხე ზრდილობისთვის და მზერა სხვა მანქანებისკენ გავაპარე.

-ოცნების ინტეგრირება არის ოცნების პირველსაწყისის პოვნა, ანუ რა აიძულებს ადამიანს, იოცნებოს მაშინაც კი, როცა მას აქვს ყველაფერი რაც სჭირდება. ოცნება კი ყოველ წერტილზე განიცდის უსასრულო წყვეტას, ამის გამო ინტეგრალი ამ წერტილზე არ არსებობს. ერთ მოხალისეზე გამოვცადე რამდენჯერმე და თავი კინაღამ ავუფეთქე, - შემატყო, არ ვუსმენდი და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა, - ეგ ხელსაწყო, რომელსაც ახლა უყურებ, ჩემი ყველაზე გენიალური გამოგონებაა — ადამიანის ხასიათის შეცვლა შეუძლია. ეგ კი არა, კაცი შეიძლება ქალადაც გადააქციო ან პირიქით.

-შეუძლებელია! - შევძახე გაოცებულმა, - ასეთი რამ როგორ შეიძლება მოხდეს?

-შენ პირდაპირი მნიშვნელობით გაიგე? მთავარი ხომ ტვინია?! კაცი ქალად გადაქცევის შემდეგ ფიზიკურად არ იცვლება, მაგრამ უჩნდება ქალური შეგრძნებები და სურვილები, მაგალითად... ჰმ! ამქვეყნად მამაკაცებს ჯერაც ვერ გაუგიათ რა სურთ ქალებს, მაგრამ გარდაქმნილი კაცი რომ კეკლუცობას დაიწყებს და ისეთი თვალებით შემოგხედავს, რომ თავიდან ფეხებამდე ჟრუანტელი დაგივლის, იგი უკვე ქალია, აბა, რა!

-ასეთი რამ როგორ მოახერხე? - ნამდვილად კმაყოფილი ვიყავი ჩემი მომავალი გამოგონებით.

-ავიღოთ ადამიანის განტოლება, რადგან ეს არის პასუხი ყველაფერზე. ადამიანი შედგება ნების, გონებისა და ხასიათისაგან. ეს უზოგადესი განტოლებაა. აბა, ნება, ანუ სურვილი რამდენი აქვს ადამიანს?! მისი გონება ფართოა, მაგრამ შემოსაზღვრული. აბა, დათვალე გონების მონაცემები! და ხასიათი? ერთი სიტყვით ხომ ვერ გამოთქვამ? თითოეული თვისების კომპონენტები დეკარტის კოორდინატთა სიბრტყეში რომ გადავიტანოთ შესაბამისი კოორდინატებით, მრავალკუთხა ფიგურას მივიღებთ. მისი კუთხეების რაოდენობა, სულ მცირე, 24-ია, რადგან თვლის ოცდაოთხობითი სისტემა უნივერსალურია მთელ გალაქტიკაში. ჯერ ამ ფიგურის განტოლებას შევადგენთ და დავიმახსოვრებთ, ის სივრცითი სხეულის ერთ-ერთი წახნაგია. შემდეგ დანარჩენი წახნაგებისა და მათი განტოლებების გამოთვლის ჯერია. მათ რომ ერთმანეთთან შევაერთებთ, მივიღებთ რთულზე ურთულეს მრავალწახნაგა გეომეტრიულ სივრცულ სხეულს — ჰომორეფლექსოკაედრს. ჩემი სუპერთანამედროვე „პენტიუმ-13“-იც კი ძალიან დიდ დროს ანდომებს ამის გაკეთებას. თუ ფიგურა მჭიდროდ არის შეკრული, ე.ი. ყველაფერი სწორად გამოვითვალეთ. ამ ფიგურის ერთი წახნაგი არის ადამიანის ერთი რომელიმე თვისება. მისი სიდიდე და კუთხეების რაოდენობა შესაბამისი თვისების განვითარებისა და გამოყენების აღმნიშვნელია. ფიგურის წახნაგების განტოლებებისაგან შედგება მატრიცა. აი, ეს მატრიცა უნდა შევიყვანოთ გარდამქმნელში, რომლის სადენების მეორე ბოლოზეც მიერთებულია მოხალისე ექსპონანტი. მანქანა გარდაქმნის განტოლებებს და შეცვლილ მონაცემებს პატრონს უბრუნებს. შედეგად, ადამიანი იცვლება.

-მოიცა, მოიცა, - ჩავერთე ლაპარაკში, - შენ ცდებს პირდაპირ ადამიანებზე ატარებ?

-აბა, რა ვქნა? ცხოველთა დაცვის საზოგადოება ცხოველების ხელყოფისათვის ჯარიმებს გამომიწერს, თანაც სოლიდურს...

-ე! აბა, იმ ციყვს რომ სულს ხდი სირბილით, იმაზე არა?..

-ჰა-ჰა-ჰა! შენ ხომ იცი, როგორი ეშმაკები ვართ მე და შენ? დღემდე ვერცერთმა საზოგადოებამ ვერ დამდო ბრალი, რადგან დამტკიცებულია, რომ მისი ბუნებაში გაშვება უფრო დატანჯავს მას, ვიდრე მუდმივი მოძრაობა. გული ხომ არასდროს ჩერდება?! არ ღირს ამაზე კამათი...

მათემ კომპიუტერის ეკრანთან მიმიყვანა. ღია ლურჯ სივრცეში ნელა ირეოდნენ სხვადასხვა ფერის ჰომორეფლექსოკაედრები. ყველას ეწერა სახელი, ზოგს გვარიც წამოშველებული ჰქონდა.

-აი, ჩვენი! - თქვა მათემ და ერთ-ერთზე მიმითითა.

ზოგი ფიგურა ეკრანიდან გაქრა, ჩვენი ჰომორეფლექსოკაედრი კი ყველაზე მაღლა მოექცა და დანარჩენებთან სხვადასხვა ფერისა და სისქის ხაზებით შეერთდა, რომლებიც რაღაც თანრიგით მოწესრიგებულიყვნენ. მაშინვე ვიცანი ნათესავები და მეგობრები.

-ჯერ-ჯერობით, ყველაზე სრულყოფილი სისტემაა, - კმაყოფილმა მითხრა მათემ, - რომელ ადამიანზეც მიუთითებ, ის ყოველთვის სხვებზე მაღლა დგება, იმიტომ რომ ყოველი ადამიანი ერთადერთი და განუმეორებელია. ადამიანები რომ კატეგორიებად დავყოთ, ზოგადად ორი კატეგორია გამოვა — ქალები და კაცები, უფრო კონკრეტულად კი იმდენი, რამდენი ადამიანიც არსებობს. ხაზის სისქისა და ფერის მიხედვით გაარკვევ, როგორი ურთიერთობა აქვს ორ ადამიანს ერთმანეთთან: ახლობლური, მეგობრული თუ ნათესაური. ისეც გავითვალისწინე, რომ მტრები და უცნობები ეკრანიდან გამქრალიყვნენ. მოგვიანებით მივხვდი, რაც ემართებოდათ გარდაქმნილ ადამიანებს...

-რა ემართებოდათ? - გულმა ცუდი მიგრძნო და წამოვხტი.

მათემ ენაზე იკბინა:

-უკვე აღარავის ვუკეთებ გარდაქმნას. გარდაქმნილი ადამიანები, უბრალოდ, ნაცნობ მეგობრებს ვეღარ უგებდნენ, სხვა წრე იზიდავდათ, ახლო მეგობრები ახლო მტრები ხდებოდნენ. განტოლების წევრები ტოლობის მეორე მხარეს ხომ საპირისპირო ნიშნით გადადიან? არ მეგონა, თუ ადამიანებზეც იმოქმედებდა, დამშვიდდი რა!

მაგრამ მე უკვე ადუღებული ჩაიდანივით ვბუყბუყებდი. მომავლის იმედები ორთქლივით გაიფანტა, ნუთუ, ადამიანების საზიანოდ ასე მონდომებით უნდა მემუშავა?!

-როგორ დავმშვიდდე, როცა ადამიანების ბედი არ გადარდებს? გახდი, არა, ყველასგან გამორჩეული?! შენმა გამოგონებებმა რამდენი უბედურება მოუტანა სხვებს? რამდენ „მოხალისე ექსპონანტს“ გაუმრუდე ცხოვრება? თუ ფიქრობ, რომ სხვისი ცხოვრება კომპიუტერული თამაშია?

-ცხოვრება ჩემთვის მრავალუცნობიანი გატოლებაა, რომლის ამოხსნაც ჯერ არ შემიძლია და, ალბათ, მრავალი წელი კვლავ მომიწევს მუშაობა, - ნირწამხდარმა მიპასუხა მათემ, - ცხოვრების განტოლების ამოხსნით, ხოლო შემდეგ მისი საჭიროებისამებრ შეცვლით, მივაღწევ მსოფლიოში მშვიდობის დამკვიდრებას. ამისთვის ღირს ყველაფრის გაწირვა, მაგრამ, ვშიშობ, ვერ მოვასწრებ ამის გაკეთებას და პირველი ეტაპისთვის დროის მანქანა გამოვიგონე.

-რისთვის დაგჭირდა დროის მანქანა? - ჩავეძიე უნდოდ.

-თუნდაც იმიტომ, რომ სხვებისგან ვიყო გამორჩეული! დროის მანქანა ყველაზე რთული რამაა, რაც აქამდე შემიქმნია. მან ადამიანის მატრიცა უნდა გადასცეს დროში. ის ორობითი წვიმა დროის მანქანის მიერ იყო გამოწვეული. შენ გადალახე დროის ბარიერი...

-რისთვის დაგჭირდა საკუთარი თავის საცდელ მაიმუნად გამოყენება? - შევაწყვეტინე კბილების ღრჭიალით და უკან დავიხიე. მათე ნელ-ნელა ბრაზდებოდა.

-მათემატიკით 27 წლისა დაინტერესდები, გვიან. ამიტომ ყველა შენი გამოგონება დაგვიანებული იქნება ეპოქისთვის. ამასთან, შენ ვერ მოასწრებ ცხოვრების განტოლების პოვნას და ამოხსნას. აქედანვე უნდა მიხედო „პრაქტიკულ მათემატიკას“, ნაშრომს, რომელიც შენთვის დავწერე. ის შენი მომავალი დიდების გასაღებია! მე გთავაზობ დახმარებას: მინდა დაბრუნდე აი, ამ რვეულთან ერთად, - მე გელათის კედლისისქე რვეული გამოვართვი და ხელში შევათამაშე, - და შეუდგე სწავლას, სწავლას და...

მოქნეული რვეული მათემატიკოს მთელი ძალით ვთხლიშე თავში და მისმა სხეულმა იატაკზე ყრუ ბრაგვანი გაადინა. რვეული დაიშალა და ფურცლები მთელ ოთახში მორიალდა. ჩემთვის უკვე ყველაფერი ნათელი იყო — ჩემივე თავი დაპროგრამებას მიპირებდა.

-შე საწყალო ჩემო თავო, ეს რა დაგმართნია?! - დავიწყე მონოლოგი და კარისკენ ნება-ნება წავედი, - განდიდების მანიას შეუპყრიხარ და სხვებს ცხოვრებას უმრუდებ. შორს რომ არ წავიდეთ, საკუთარ თავსაც არ ინდობ! ეს რა სცენარი დაგიწერია? - გაბრაზებულმა ფურცლებს ფეხი წავკარი, ავაფრიალე და მთელი ტანით მივუბრუნდი, - ცხოვრებას მიგეგმავ? რა აზრი აქვს ცხოვრებას, თუ ყოველი დღე ნაცნობი და ერთფეროვანი იქნება ჩემთვის, მრავალჯერ ნანახი ფილმის კადრებივით? მოდი, ვიმსჯელოთ შენზე მათემატიკურად: პირველი ჯართი გამოიგონე და ადამიანებს მავნებლობა მოუტანე — სხვისი აზრები და საიდუმლო რა შენი  საქმეა?! ერთ წერტილზე ბევრი წრფე გაივლება, შესაბამისად, ამ ფაქტზეც მრავალი აზრი გამოითქმის. კარგი! მეორე ჯართიც მავნებლობა არ არის? ადამიანი ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის, მაღაზიაში ხომ არ ყიდულობ, რომ შეცვალო? ორ წერტილზე ერთი წრფე გაივლება და შენს შესახებ აზრიც ერთია — შენ მავნებელი ხარ!

მათე თანდათან გონზე მოვიდა, იატაკზე წამოჯდა და იქედნური ღიმილით მითხრა:

-მტკიცე შეხედულებისთვის ერთი აზრი საკმარისი არ არის... ჰომორეფლექსოკაედრის ერთი წიბოს დასაფიქსირებლად სიბრტყეა საჭირო, შენ კი მხოლოდ ერთი წრფე გაქვს ხელთ.

-შენ საკუთარი თავი გასწირე მონოტორული ცხოვრებისათვის, წარმოდგენაც არ მინდა სხვებს რას უპირებ, ფსიქოპატო! აი, მესამე წერტილიც, მტკიცება იმისა, რომ დანარჩენ ორ წერტილთან ერთად სიბრტყე აიგება და, შესაბამისად, შენ მანიაკი ხარ!!! მე წავედი! - ორ ნაბიჯში კართან გავჩნდი.

-ჰიპოტენუზა! - დაიღრიალა მათემ.

შევკრთი და უკან მოვიხედე. მეორე ოთახიდან ძაღლისმაგვარი არსება გამოვიდა, ოღონდ უბეწვო და უკბილო, ნახევარმეტრიანი ენა დასთრევდა.

-მაგასაც გულის კუნთები გადაუნერგე? ეგ რას დამაკლებს, კბილები არა აქვს... - ალბათ, საკუთარი თავის დასამშვიდებლად უფრო ვთქვი და ხელი კარის საკეტისკენ გავაპარე.

-ეგ კათეტია, ეცი! - იყვირა მათემ და ძაღლისმაგვარი არსება ადგილს მოსწყდა...

ურჩხულს შეეძლო, ოთახი რამდენიმე ნახტომში გადმოეჭრა, მაგრამ მანძილი საშინლად გრძელი მეჩვენა. კარს კი ვეჯაჯგურებოდი, მაგრამ არა და არ იღებოდა. ზურგსუკან ცხოველის ქშენა და მათემათიკოს ველური ხარხარი მესმოდა.

ის-ის იყო, ურჩხული კანჭში უნდა მწვდომოდა, რომ გამომეღვიძა. ტყის ფოთლებიდან დაფლეთილი ხალიჩასავით მოჭყიატე ლურჯი ცა ტყვიისფერ ღრუბელს დაეპყრო და თვალებს აკვესებდა. უცებ წვიმის მოზრდილი წვეთი კისერზე დამეცა და ზურგისკენ გველივით ჩაუყვა. შევშფოთდი. წიგნი ზურგჩანთაში ჩავდე და გავიქეცი. წვიმამ დაუშვა. ანაზდად,  შევდექი. შორს სინათლე მოსჩანდა... თვალწი აჩქარებული კადრებივით გამირბინა ნანახმა სიზმარმა. წვიმა ერთიანად მასველებდა, მაგრმ წინ აღარ წავსულვარ. მოვბრუნდი და ნელი ნაბიჯით წამოვედი უკან.

წვიმამ მალე გადაიღო. ცოტა ხანში მზემ ღრუბლები გამოარღვია და ქარისაგან აჩეჩილ სველ თმაზე სხივები გადამისვა. გზა ნამდვილად ჩემი სახლისკენ მიდიოდა, მაგრამ თითქმის ახდენილმა სიზმარმა გუნება დამიმძიმა. მომეჩვენა, რომ ჩემი ცხოვრება უკვე დაგეგმილი იყო. აი, წავალ ასე, ნელი ნაბიჯით, შევალ ეზოში, დედის საყვედურებს ისევ მეორე ყურიდან გამოვუშვებ, შევისწავლი „პრაქტიკულ მათემატიკას“, გამოვიგონებ ათას უბედურებას და შეიძლება საგიჟეთშიც ამოვყო თავი...

ფიქრებში გართულმა ფეხი რაღაცას წამოვკარი, ტალახიან გზაზე გავიშოტე და ცხვირი მაგრად დავარტყი. ასეთი შემთხვევა არ მქონია გათვალისწინებული. წამოვიწიე. შავ გზაზე წითელი წერტილი გაჩნდა, ცოტა ხანში — მეორეც. ცხვირზე ხელი მივიფარე და ფიქრი დავიწყე:

„ორ წერტილზე ერთი წრფე შეიძლება გაავლო, ე.ი. შემიძლია ვიფიქრო, რომ ჯერ არა ვარ დაპროგრამებული... მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია.“
თითებშუა მესამე წვეთიც გაიპარა და წინა ორის შორიახლოს დაეცა. თვალები გამინათდა:
„ესეც მესამე წერტილი! ე.ი. ჯერ არ ვარ დაპროგრამებული!“

წამოვხტი, ცხვირი მოვიწმინდე და სახლამდე სირბილით მივედი. ეზოში რომ შევედი, სანამ დედაჩემი გონს მოეგებოდა, ყველაფრისთვის პატიება ვთხოვე და დავპირდი, შევიცვლებოდი. გაოცებულმა დედამ შუბლზე ხელი მიმადო და მითხრა:
-შენი საყვარელი წვნიანი მოგიმზადე, მაგრამ ჯერ გამოიცვალე, არ გაცივდე!
ასე გემრიელად არასოდეს მისადილია!

ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდა. ყოველი დღე მოულოდნელობებით იყო აღსავსე. მეც შევიცვალე, უფრო თამამი და ყურადღებიანი გავხდი. ადამიანებთან საუბარს, რომელსაც თითქმის გადაჩვეული ვიყავი, ნელ-ნელა შევეჩვიე. ამასთან, დავუბრუნდი ძველ მეგობრებს და ახლებიც შევიძნე. ცხოვრებისეულ პრობლემებს მარტო კი აღარ, მეგობრებთან ერთად ვუმკლავდები და, რაც ყველაზე მთავარია, ჩემი მეგობრების დამსახურებით, „პრაქტიკული მათემატიკა“ აღარასდროს გამხსენებია. პრინციპში, არც იყო საჭირო, ცხოვრება ხომ ისედაც მშვენიერია! 

დასასრული

No comments:

Post a Comment