Friday, October 12, 2012

მე, საძულველი პროფესიის ადამიანი 5



პროფესია მეხუთე: მე პოლიტიკოსი

ბავშვობისას ბევრი გვიოცნებია, ვინ რა უნდა გამოვსულიყავით, მაგრამ რეალობა უფრო სასტიკია და ზოგი არათუ გახდა იმ პროფესიის ადამიანი, რაზეც ოცნებობდა, არამედ, შესაძლოა, შესძულდა კიდეც. მე ჩემთვის საძულველ პროფესიებს ჩამოვთვლი. ვერ ვიტან:
5.  პოლიტიკოსებს.
და ყველა იმათ, ვისაც ადამიანებსა თუ საზოგადოებაზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ. ჩემი დაკვირვებით, ამ პროფესიის ადამიანების უმეტესობა ადამიანის სახეს კარგავს და სხვანაირები ხდებიან. ჟურნალისტები ფრენის თავისუფლებას კარგავენ და სირაქლემას ემსგავსებიან, ექიმები - გულქვა მგლებს, პოლიციელები - უხეშ მარტორქებს, იურისტები - ქედმაღალ აქლემებს, პოლიტიკოსები - უტიფარ კამეჩებს.
ლხინში ახირებული ჯეელივით ჯაჯღანა შესავალი კი გამომივიდა, მაგრამ ცხოველების შეურაცხყოფა სულაც არ მიფიქრია. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ცხოველი და პროფესიის ადამიანი მიყვარს და წარმატებებს ვუსურვებ. მე კი ვეცდები, ამ რუბრიკაში ყველა ცხოველისა და პროფესიის დადებითი მხარე დაგანახოთ. მათი კრიტიკა კი აუცილებელია, რათა ნაფერები კატასავით არ გაიტრუნონ.


„კამეჩო“-ო, თუ ვინმემ მოგმართათ, თქვენს აღშფოთებას საზღვარი არ ექნება! მართლაც, როგორ აიტანთ თავი წარმოიდგინოთ ზორბა, მოუხეშავი, ტლანქი, მუქი ფერის ცხოველის ადგილას, რომელსაც სიზარმაცის გამო ლაფში ჩაფლული ურემი შინ მიტანილი ჰგონია? მაგრამ არ იქნება სწორი, ისიც არ გაიფიქროთ, რომ შესაძლოა, კამეჩიც ვერ აიტანდა თქვენნაირ სუფთა, კეთილსურნელოვან და მომღიმარ არსებასთან შედარებას. ზოგი კამეჩი ამ თემაზე სდუმს, ხოლო ზოგი მკვეთრად გამორჩეული რეაქციით გვპასუხობს - სარქენად გვეტანება ან  გვიფრთხის...

სინამდვილეში არ გვაქვს არანაირი საბაბი, „კამეჩობა“ ვიუკადრისოთ. ის, ვინც ამ ეპითეტით ჩვენს დაკნინებას ცდილობს, საქმეში ჩაუხედავია და არ იცის, რომ კამეჩი მეტად პუნქტუალური, მოწესრიგებული, გონიერი და გუნდური პრინციპის ცხოველია. მათ მკვეთრად გამოხატული ხასიათი აქვთ, რაც თითოეული კამეჩის ინდივიდუალურობას განაპირობებს. თამამად შეგიძია კამეჩებს სახელებით მიმართოთ და „ელაპარაკოთ“, ოღონდ ფრთხილად, რადგან ისინი ინტონაციებს არჩევენ და თუ არაკორექტულად მიმართავთ, შეიძლება გაანაწყენოთ.


კამეჩების გუნდი, ანუ ნახირი რომ ნახოთ, გაოცდებით. შეიძლება სულაც პოლიტიკური პარტია გეგონოთ, იმდენად იგრძნობა ორგანიზებულობა ყველაფერში: ბალახობისას, გაგრილებისას და გადაადგილებისასაც კი. სულ ერთად არიან და არ იფანტებიან, პირიქით, რომელიმე კამეჩი თუ ჩამორჩა, ან თავისით მიხვდება და გამოიქცევა გუნდისკენ, ანდაც ერთი დაძახილიც საკმარისია. მოკლედ, კამეჩებს იქითკენ მიჰყავთ საქმე, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი იქით არ იმსახურებს კამეჩად წოდებას. არადა, ამ ბოლო დროს პოლიტიკა ძალიან შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში და უამრავი კითხვისნიშნიანი პოლიტიკოსი გამოაჩინა...

დაფიქრებულხართ იმაზე, რა არის პოლიტიკა? ვინ არიან პოლიტიკოსები? ალბათ, დროა იფიქრო ამაზე, ჩემო პოლიტიკოსო მკითხველო. არა, არ მოგჩვენებია, შეგიძლია კვადრატულ ფრჩხილებში ჩასმული ნაწერი პირველ პირში წაიკითხო და საკუთარ თავზე მიიღო: [[მე პოლიტიკოსი ვარ! არასდროს ჩამოვშორდები პოლიტიკას და ყოველთვის გავატარებ მას ჩემი შეხედულებებისამებრ, როგორც აქამდე!]]

ეს არც ფიცია და არც მაკვარანცხულად დაგებული მახე, რომ თქვენთვის ეს სიტყვები მეთქმევინებინა — ეს ჩვენი ყოველდღიურობაა. დიახ, ჩვენ ყოველდღიურად ვატარებთ ჩვენ-ჩვენ პოლიტიკას: დაწყებული დილით მეზობელთან მისალმებით, რომელსაც ტექნიკურად შეაპარებთ, საღამოს იქნებ თქვენი კომპიუტერის შესაკეთებლად მოიცალოს და დამთავრებული საღამოს სახლში ჯერ არ მოსული ოჯახის წევრის მოკითხვით, „1-2 პური ამოაყოლე“-თი. ამ პატარ-პატარა პოლიტიკის მხრებზე დგას დიდი პოლიტიკა, ისევე, როგორც თითო ოჯახი არის სახელმწიფოს თითო ფეხი, საყრდენი. თავის მხრივ, ოჯახი პატარა სახელმწიფოა, რომელიც უნდა თუ არ უნდა, თავის პოლიტიკას ატარებს.

ამ ბოლო დროს შეინიშნება ნეიტრალურების, „პოლიტიკა არ მაინტერესებს“, არავისტების, შუაშისტების თუ რავიცი, რას უწოდებენ თავის თავს, მომრავლება. ალბათ, არ ეწყინებათ, თუ მათ ცუდ პოლიტიკოსებად მოვიხსენიებ და ავხსნი კიდეც, რატომაც. როგორც აღვნიშნე, პოლიტიკას აქტიურად ვიყენებთ ყოველდღიურობაში. უამისოდ, გაგვიჭირდებოდა ცხოვრება. სწორი პოლიტიკის გარეშე, ვერ მივაღწევთ ყველა მხარისთვის მისაღებ შედეგს. მაგალითად, მე უარვყოფდე ვაჭრობის პოლიტიკას და ისიც მინდოდეს, სახლში თუ არ მომიტანს მაინცდამაინც, გამყიდველი ადგილზე და ულაპარაკოდ მიკლებდეს ფასს კარტოფილზე. თუმცა, ჩემი აზრით, შუაშისტების როლი უფრო უარყოფითია და სხვა შედარებას გავაკეთებ:

 საწარმოს ხელმძღვანელი არაგეგმიურად რომ არიგებდეს ხელფასებს, ზოგს 2-3 თვის დაგვიანებული რომ ჰქონდეს, ამის გამოსასწორებლად სწორი პოლიტიკური მიდგომაა გაფიცვა. შუაშისტ(ებ)ი, რომელიც პოლიტიკას უარყოფს, არ ერევა გაფიცვაში (კმაყოფილია რაც აქვს) და ამით იმას აღწევს, რომ საწარმოს ხელმძღვანელს რამდენიმე დასაქმებულის გამოპანღურება და ახლით შეცვლა არ უჭირს.

მაგალითები უამრავი შეიძლება მოვიყვანოთ, მაგრამ აღარ არის საჭირო. შუაშისტების მომრავლება „დიდი პოლიტიკის“ არაჯანსაღად წარმოებამ განაპირობა და მათზეც ჩამოვაგდოთ ერთი-ორი სიტყვა. იმედია მიხვდით, „დიდი პოლიტიკოსები“ ჩვენი მანდატით აღჭურვილი პირები არიან, რომლებსაც ვუსმენთ და რომლებიც, ისევ ჩვენი მხარდაჭერა რომ არა, ჩვენნაირი წვრილი პოლიტიკოსები იქნებოდნენ. ასე გამოდის, რომ პოლიტიკოსის სიძლიერეს მისი მხარდამჭერების ხმამაღალი თანხმობა განსაზღვრავს, ხოლო სისუსტეს - მოწინააღმდეგე პოლიტიკოსის მხარდამჭერების ხმამაღალი თანხმობა (მოწინააღმდეგის სასარგებლოდ, რასაკვირველია). მაგრამ არსებობს მესამე თანხმობაც - დუმილი, რომელიც არავისტებშია აკუმულირებული.

ამ თანხმობას, ცხადია, ორივე პოლიტიკოსი გამოიყენებს, მაგრამ გამარჯვება იმას დარჩება, ვისაც ხმამაღალი თანხმობა უფრო მეტი აქვს. ასეა თუ ისე, არავისტების თუ შუაშისტების მომრავლების მიზეზი სათავისკენ უნდა ვეძიოთ... ვის, ვის და მრავალრიცხოვანი მხარ-დამჭერის მქონე პარტიას უფრო აწყობს შუაშისტების არსებობა, მათი დუმილით ან ხმამაღალი თანხმობა. ქალბატონ ნინია კაკაბაძეს დავეთანხმები და ამერიკის მოსახლეობის 40%-ის მსგავსად, მეც შუაშისტებში შეიძლება ჩამთვალოთ, მაგრამ ამერიკაშივე  მმართველი პარტიის მიერ ოპოზიციის ფარულად მოსმენისთვის წარმატებული პრეზიდენტის კარიერა შეეწირა.  ჩვენს ქვეყანაში კი რაც მოსმენები ხდება, ყველას წინასაარჩევნოდ ვუყურებთ ხოლმე 24 საათიან რეჟიმში, გადატრიალების „ხელმძღვანელებიდან“ ან მოსმენის დამკვეთიდან ან განმხორციელებლებიდან დასჯილი კი ჯერ არავინ გვინახავს...

ეს არის ჩიხი, დილემა და ქართულ პოლიტიკას ეს დილემა აქვს გადასაჭრელი. ამ არჩვნებით კი გადაიჭრა, მაგრამ ბოლომდეა მისაყვანი. საზოგადოება, ანუ პატარა პოლიტიკოსები ერთიანად უნდა ჩავერთოთ ამის გადაჭრაში გამონაკლისების და შუაშისტობების გარეშე, როგორც ამერიკის შუაშისტების ის 40%-ივე ჩაერთვებოდა უოტერგეიტის სკანდალში. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენს გარეშე არცერთ „დიდ პოლიტიკოსს“ არ ექნება შეუზღუდავი უფლებები, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მთავარი პოლიტიკოსები. როგორც დიდ ოჯახში ყველას თავისი მოვალეობა აქვს, ისე უნდა ვფუსფუსებდეთ და თუ ვინმე არაფერს აკეთებს საერთო საქმისთვის, ანუ შუაშისტია, გამომცხვარი ნამცხვრის კარგი ნაჭერი არ შეხვდება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ნიჰილიზმი იმაზე, რომ „გლეხი კაცითვინ არავინ არალი“, „ჩვენ რა შეგვიძლია, მავანს როგორც უნდა, ისე იქნება ყველაფერიო“. 1999 წლიდან ვახტანგ ჯავახაძესაც არ უნდა სულგაყიდული მავანის იმედზე ყოფნა და ჩვენ რა?!

მავანმა სახლი გაყიდა, მავანმა სული გაყიდა,
ვინ უნდა ამოგვიყვანოს, ნეტავი, ამ ტალახიდან?
როდესაც მივეპარები, შამპანურსა და კონიაკს,
ჩემი - ტალახში ჩაფლული - შინ მიტანილი მგონია.
და როცა გამოვფხიზლდები, აღარ დავეძებ პატრიოტს,
ჩვენი - ტალახში ჩაფლული - ჩვენ უნდა ამოვათრიოთ!

შალვა ჩუგუნაძე

No comments:

Post a Comment