Friday, June 1, 2012

პრაქტიკული მათემატიკა (1 ნაწ.)


ვიწყებთ ახალგაზრდა, ნიჭიერი, მაგრამ უცნობი მწერლის ნაწარმოების გამოქვეყნებას. მოთხრობა დაიწერა 2003 წელს და 2012 წლამდე მხოლოდ ერთ ეგზემპლარად და ორ ასლად იყო მთელ მსოფლიოში გავრცელებული. ერთი ასლი ბოროტ ადამიანს ჩაუვარდა ხელთ, მეორე – ჩვენ, ხოლო დედანი – ავტორს. ფანტასტიკური ჟანრის ამ ნაწარმოებში აღწერილია არც ისე ოროსანი ბიჭის თავგადასავალი, რომელიც საკუთარმა თავმა მომავლიდან მოიტაცა და მასზე, ანუ საკუთარ თავზე ცდის ჩატარება დააპირა. „მათემატიკა“ – ეს საზარელი სახელი ნუ შეგაშინებთ! სიტყვა „პრაქტიკული“ ცდილობს ეს საგანი სხვა კუთხით დაგვანახოს, ვინ იცის, იქნებ მერე თქვენც შეგიყვარდეთ მათემატიკა და წარმატებებს მიაღწიოთ.


ამბობენ, ზეცაში ადამიანის ცხოვრების წიგნი იწერება, რომელშიც ადამიანიც ცხოვრების სურათებია ჩაწერილი და რომელსაც ვერ შეცვლიო. მე ამ აზრს არ ვეთანხმები და ვფქრობ, კონკრეტულ სიტუაციებში ჩვენი ქცევა განაპირობებს ჩვენსავე მომავალს. ამიტომ, როცა რაიმეს ვაპირებ ასერთჯერ ვზომავ დაკვირვებით და ვრწმუნდები, გაჭრა საჭირო არ არის.

მე ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვიყავი ბავშვებისთვის დამახასიათებელი „ჩვეულებრივი“ ოცნებებით. ჩვეულებრივიო, რომ ვამბობ, ძალიან ზოგადი დახასიათებაა. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ ვხელმძღვანელობდი პრინციპით: „როცა სუყველა არის მართალი, მე მირჩევნია ვიყო მტყუანი“. ძალიან მინდოდა, ვყოფილიყავი ყველასგან გამორჩეული, რის გამოც ზოგჯერ ისეთ უცნაურ რამეებს ვაკეთებდი, რომ ყველას გიჟი ვეგონე, ზოგი დამცინოდა კიდეც. მე კი ვოცნებობდი, გამეკეთებინა ისეთი რამ, რაც ჯერ არავის გაუკეთებია დედამიწის ზურგზე. რაც დრო გადიოდა, მით უფრო მეტს ვოცნებობდი, ვიდრე მეგორებთან ვურთიერთობდი. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა შემექმნა და პრობლემებს არავის ვუზიარებდი, თვითონ ვცდილობდი მათ გადაჭრას. ნელ-ნელა ჩამომშორდნენ მეგობრები. მათი ადგილი წიგნებმა დაიკავეს. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ... მაგრამ მოდით,  მოვყვეთ თავიდან.


სკოლაში მათემატიკის დარგში დიდად არ გამომიჩენია თავი, საშუალო დონის მოსწავლე ვიყავი. მათემატიკამ გვარიანად გამიშრო სისხლი, ამიტომ ვერ წამომედგინა, თუ ოდესმე რაიმე კიდევ დამაკავშირებდა მასთან, ჭირის დღესავით მეზიზღებოდა ათასგვარი განტოლებებითა და ფუნქციებით სავსე საგანი.

მზე ჯერ ხეირიანად არ იყო ამოსული, ლოგინიდან წამოვხტი და პიკნიკისთვის მზადება დავიწყე. არდადეგებზე სულ სოფელში ჩავდიოდი და თითქმის ყოველდღე დავდიოდი ახლომდებარე ტყეში სასეირნოდ. ახლაც, ამინდს მშვენიერი პირი უჩანდა და გამონაკლისი რად უნდა დამეშვა? საგზალთან ერთად სათავგადასავლო რომანიც ჩავჩურთე ზურგჩანთაში, დედის საყვედურები, როგორც ყოველთვის, მეორე ყურიდნ გავუშვი და ამოჩემებული ადგილისაკენ გავწიე.

ყოველთვის მარტო სიარული მიყვარდა. თან ისეთი ადგილი მქონდა შერჩეული, ისევ მე თუ მივეხეტებოდი იქ, სხვა ვერავინ მოიფიქრებდა თითქმის გაუვალ ბუჩქებში ქვემოდან გაძვრომას. მზე უკვე კარგად აცხუნებდა, მაგრამ ჩემი ბუნაგი მუდამ გრილი და ჩრდილიანი იყო და ასეც დამხვდა. საუზმე უცებ გადავსანსლე და წიგნის კითხვას შევუდექი. კითხვისას თავი საშინლად დამიმძიმდა და მთქნარება ამიტყდა.

-რა ხდება? - ვიფიქრე, - დედაჩემმა ძილის წამალი ხომ არ შემომაპარა?

ამ სულელურ აზრზე თვითონვე გამეცინა.

-რა იქნება, თავი სულ ერთი წუთით ჩამოვდო წიგნზე და დავასვენო?! - არ მომეშვა ფიქრი.

რაც გავიფიქრე გავაკეთე კიდეც - თავი მუხლებზე დადებულ წიგნზე დავდე, სულ ერთი წუთით...

ჩემს ჩაბნელებულ წარმოსახვაში საიდანღაც ცივი წერტილი გაჩნდა. ცოტა ხნის შემდეგ - მეორეც. ის იყო, ნელ-ნელა აზრზე მოვდიოდი, რომ ცივი წერტილი ახლა კისერზე დამეცა და, თითქოს წრფეს ავლებენო, ზურგისკენ ჩაუყვა. გამაჟრჟოლა და თვალები გავახილე. სადღა იყო მზე?! შავ ღრუბლებს ალყაში ვყავდი მოქცეული, ვიღაცა კი, მოყვარული ფოტოგრაფივით, სურათებს მიღებდა. ფიქრის დრო არ იყო, ზურგჩანთას ხელი დავავლე და გავიქეცი. ბნელოდა, თვითონაც არ ვიცოდი, საით მივრბოდი. ხის ფოთლებზე წვიმა თავდავიწყებით აშხაპუნდა. მივხვდი, გალუმპვა არ ამცდებოდა და, ის იყო, ბედს უნდა შევგუებოდი, რომ შორს სინათლე შევნიშნე. ამასობაში წვიმამ გზა მომიჭრა - უკან დასახევიც და წინ მიმავალიც. მეტი ჩარა არ იყო, ღრმად ჩავისუნთქე და წინ გავიჭერი.

საშინელი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ერთი-ორად დავმძიმდი, სინათლე უფრო და უფრო მშორდებოდა, წვიმის წვეთები კი კალთებზე მეკიდბოდნენ და წინ არ მიშვებდნენ. გაჭირვებით მივაღწიე სახლამდე და გაოფლილი საჩეხს შევეფარე (თუმცა, რა გაოფლილი, წვიმაში მოვყევი). სული მოვითქვი და დამარცხებულ წვიმას ნიშნისმოგებით შევხედე, თან უკან-უკან, კარისკენ წავედი. ფანჯრიდან გამომავალი შუქი წვიმის წვეთებს უცნაურად აელვარებდა, გარკვევით ჩანდა ბრჭყვიალა ერთიანები და ნოლიანები. გავშეშდი. უცებ ვიგრძენი, ზურგსუკან კარი გაიღო და მოძრავმა იატაკმა ოთახში შემიყვანა. გონს მოსვლა ვერ მოვასწარი, რომ კარი ისევ დაიხურა.

ნელა შემოვბრუნდი ოთახისკენ. სანამ შემოვბრუნდებოდი, ვგრძნობდი, რომ მაგიდასთან მჯდომი მასპინძელიც ასევე ნელა ბრუნდებოდა ჩემსკენ. თვალი თვალში ორივემ ერთდროულად გავუყარეთ ერთმანეთს. საოცრად მგავდა, ასე მეგონა, სარკეში ვიყურებოდი, ოღონდ, ის ჩემზე გაცილებით უფროსი იყო. თმა თითქმის მთლიანად გათეთრებოდა. სახეზეც ეტყობოდა, რომ ძალიან იყო გამხდარი. შუბლში ღრმად ჩამჯდარ თვალებში ნაღველი და სიხარული ერთმანეთს ებრძოდა, ალბათ, მძიმე ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი.

უხერხული დუმილი დიდხანს გაგრძელდა, ორივე ერთმანეთს ვათვალიერებდით. მის მზერას ძლივს ვუძლებდი, შეშლილის გამოხედვა ჰქონდა. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ვკითხე:

-თქვენ ვინ ბრძანდებით?

-რამდენი წლის ხარ? - თითქოს არ გაუგია ჩემი ნათქვამი, შემიბრუნა კითხვა.

-ცხრამეტის.

მას სახე გაუნათდა და მაგიდისკენ მიბრუნდა. გახარებული ათვალიერებდა მაგიდაზე მდგარ ხელსაწყოს და „გამომივიდაო“, ბურტყუნებდა რაღაცას. მერე უცებ მობრუნდა და, რატომღაც, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა.

-ზღვის კაჟივით ჯანმრთელი ვარ, მაგრამ წვიმაში მოვყევი და დავსველდი, - მივუგე უკმეხად და უნებურად თავზე გადავისვი ხელი. თმა ნახევრად სველი მქონდა, ნახევრად - მშრალი. შეცბუნებლმა შეკითხვა გავუმეორე.

-ხო, ხო, ზუსტად ისეა, როგორც ვვარაუდობდი, - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა უცნობბმა და უსქეს რვეულში რაღაცის წერა დაიწყო.

იმთავითვე ვერ ვიტან გაურკვევლობებს. ამდენმა უცნაურობამ კი თავი ამატკია და იმხელაზე ვიყვირე „ბოლოს და ბოლოს, თქვენ ვინ ხართ მეთქი“, რომ თვითონვე გამიკვირდა.

-მათე, მათიკო, - საკმაოდ მშვიდად მიპასუხა მასპინძელმა, - რაც გინდა ის დამიძახე. ისე, ხალხი ორივეს ერთად მეძახის - „მათემათიკო“. უცნაური სახელია, არა? ეს შენი დამსახურებაა: მარტოობა გიყვარს, არავინ იცის სინამდვილეში როგორი ხარ, რა გიყვარს და რა მისწრაფებები გაქვს. ხალხისთვის უცნობი სისიდე ხარ, მათემატიკას კი უყვარს უცნობი სიდიდეები, შესაბამისად, ხალხსაც.

მათემ ღიმილით გადმომხედა, მანიშნა, პირი დამუწეო და განაგრძო:

-შენ მსოფლიოში ცნობილი გახდები როგორც „პერპეტუუმ მობილეს“ პირველი გამომგონებელი, რომელმაც მუდმივად არა, მაგრამ თეორიულად 88 წელი მაინც უნდა იმუშაოს. აი, ნახე!

მათე სახლის ერთ-ერთ კუთხეში მივიდა და კედელში გაკეთებული პატარა კარი გამოაღო. კარს უკან თახჩა იყო, სადაც თავბრუდამხვევი სისწრაფით ბრუნდავდა ბორბალი, რომელსაც ციყვი ატრიალებდა. მას, რატომღაც, ბალანი არ ჰქონდა.

-ეგ ციყვი რამდენი წუთის წინ შესვი? - ვკითხე ირონიულად, - ცოტა ხანში სული გასძვრება მაგ საცოდავს.

-ეგ ჩვეულებრივი ციყვი არ არის, შენ მას გულის კუნთი გადაუნერგე ტანზე. ეს შლანგი სპეციალურ საკვებ სითხეს აწვდის, რაც მის კვებას უზრუნველყოფს და მოდუნების საშუალებას არ აძლევს. როგორც ხედავ, შუქი ჩაუქრობლად მაქვს.

-შენ სტყუი! - აღმომხდა გაკვირვებისაგან, - მე არაფერი არ გადამინერგავს არანაირი ციყვებისათვის!

-შენ რა, კიდევ ვერ მიხვდი? - მათემ ხანგრძლივი პაუზა გააკეთა, - შენ ეს მე ვარ 30 წლით ადრე!!!

მუხლები მომეკვეთა და სკამზე დავეშვი. ის სკამი საიდან გაჩნდა, დღემდე ვერ გამიგია, ალბათ, იატაკიდან ამოვიდა.

-შენ ხომ გინდოდა, ყველასგან გამორჩეული ყოფილიყავი? აი, მიაღწიე კიდეც! რაც დიდი მათემატიკოსი გახდი, სახელიც შეიცვალე. ჩემი აზრით, შესანიშნავია - მ ა თ ე მ ა ტ ი კ ო ს ი   მ ა თ ე მ ა თ ი კ ო ! - დამარცვლა ბოლოში.

-მათემატიკა არ მიყვარს! - ჩავურთე ცივად.

-შენ პირველმა გამოიყენე მათემატიკა პრაქტიკაში, - ხმაზე შევატყე, რომ გაღიზიანდა, - შენ შეადგინე ადამიანის განტოლება, რამაც საშუალება მოგცა, შეგექმნა ტელეპატური მანქანა, გარდამსახველი მანქანა, ახლახანს დაასრულე მუშაობა დროის მანქანაზე, რომლითაც დროის ბარიერზე გადმოიყვანე საკუთარი თავი, ანუ მე გადმოგიყვანე შენ.

თავი გამიბრუვდა. ნახევრად მშრალი წვიმა, მე 30 წლის შემდეგ, მოძრავი იატაკი და უჩინარი სკამი ციყვის მიერ დატრიალებული ბორბალივით აირია ერთმანეთში. ცოტა ხანში დავმშვიდდი და თავში ეშმაკურმა აზრმა გამიელვა:

-თუ ეს კაცი, ბიძად რომ მეკუთვნის, მე ვარ 30 წლის შემდეგ, რომ მოვაყოლო თავისი წარსული, ეს ხომ ჩემი მომავლის გაგების საუკეთესო ვარიანტია? ამისთვის ათას მკითხავ-მჩხიბავთან დადიან და მე ჩემზე ეუკეთესს ვის ვნახავ?

თვალი მათესკენ გავაპარე. მას თავზე გვირგვინისმაგვარი რაღაც დაეხურა და სულელივით იკრიჭებოდა.

-რა გაცინებს? - ვკითხე გაკვირვებით.

მათემ გვირგვინი მოიხადა და ღიმილით მითხრა:

-შენი აზრები წავიკითხე, მართლაც საუკეთესო ვარიანტია!

გაკვირვებულმა ხელი გავიწოდე, მანაც სასწრაფოდ მომაწოდა „გვირგვინი“. იგი საოცრად თხელი და მსუბუქი იყო.

-ეს აპარატი 2017 წელს გამოვიგონე. ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია, მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიოდნენ მეცნიერები და ჟურნალისტები ჩემს სანახავად, ყველას „მათემათიკოს გვირგვინი“ ეკერა პირზე. მაშინ ცოტა გაჭირვებით ვცხოვრობდი, მაგრამ პირველივე გვირგვინი რომ გავყიდე, წელში გავიშალე. შემდეგ ორი გავაკეთე და გავყიდე, შემდეგ - ოთხი და ასე უამრავჯერ. ისე გავმდიდრდი, ფულის დათვლაც კი მეზარებოდა. მთელი ქალაქი ტელეპატებად ვაქციე. გადავწყვიტე, მთელი მსოფლიოსთვის მომეფინა ჩემი ნახელავი. ქონების ნახევარი ერთ ქარხანაში დავაბანდე სერიული წარმოების ასაწყობად, მაგრამ მეორე დღეს მთავარი პროკურორი მეწვია სახლში. მას პირადად სურდა ჩემთან ლაპარაკი

„შენ გამოიგონე ტელეპატიური გვირგვინიო?“ - უცერემონიოდ მკითხა.

ვიფიქრე, ერთი კაცი მაინც დამრჩენია ქალაქში, ვისაც ჩემი გვირგვინი არა ჰქონიაო და მივუგე:

„დიახ, ბატონო! ხვალიდან სერიულ წარმოებას ვიწყებ და პირველივე ნაწარმი თქვენთვის 50%-იანი ფასდაკლებით იქნებაო“

პროკურორმა თვალები გადმოკარკლა და იყვირა:

„შენ ერთმა მთელი ქვეყანა გინდა ააოხროო?“

პროკურორმა სასამართლოს დადგენილება სულ ცხვირწინ მიქნია, ამასობაში პოლიციის თანამშრომლები მთელ სახლს ჩხრეკდნენ და ჩემი ხელსაწყოები მიჰქონდათ.

„სასამართლოს დადგენილებით შენი ქარხანა დაიხურება, ანგარიშები გაიყინება, შენ კი აღარ გაბედო ამ ეშმაკის მანქანების გაკეთება, თორემ სამუდამოს მოგისჯი და სულს ამოგაცლიო!“ - დამიბარა წასვლის წინ და კარები ისე გაიჯახუნა, ფანჯრებმა ზრიალი დაიწყეს...
 

No comments:

Post a Comment