Friday, October 12, 2012


რედაქტორის ხე (ბაობაბი)


შვეციური არდადეგები

პარასკევი საღამოა და არ მინდა ვორნები და ბანები ჩამოვარიგო-? ჰოდა, მეც ვისარგებლებ ამ შესანიშნავი საღამოთი და... დაგიბრუნდებით. დავბრუნდები იმ  იმედით, რომ მკაცრად არ განმსჯით ამდენხნიანი შესვენების გამო, ჩემი შვეციური არდადეგებისთვის. რატომ შვეცია და არა შვედეთი? ეს დილემა 1995 წლიდან მოყოლებული აწუხებს საზოგადოებას, იმათ, ვინც უყურა ფილმსშვეციის პრინცი იმერეთიდან“.

მე არც პრინცი ვარ და არც იმერელი, მით უმეტეს, არც პოლიტიკოსი, მაგრამ ხანდახან მეც კაი მამაძაღლი ვარ, ვაფრენ ხოლმე. სწორედ პოლიტიკაა, რომ მომწყვიტა ჟურნალისტურ საქმიანობას და არდადეგები გამიგრძელა. პოლიტიკაა, მთელ ჟურნალზე რომ აირეკლა რუბრიკის, „საძულველი პროფესიის ადამიანისგარდა, რიგით უწევდა მაგასპოლიტიკოსობა“. მიუხედავად ამისა, ჟურნალმა შეძლო გარდატეხა შეეტანა ქართულ ჟურნალისტიკურ სივრცეში და პირველ ანაგლიფურ-სამგანზომილებიან ჟურნალად მოევლინა ქვეყანას.

ანაგლიფურ ჟურნალს, შესაბამისი სათვალეც სჭირდება, მაგრამ მაგაზეც ვიზრუნეთ. სპეციალურად ამობეჭდილ ჟურნალებს მოჰყვება შესაბამისი სათვალე, ხოლო ელექტრო ვერსიაში ხელმარჯვე ოსტატი გასწავლით, როგორ დაამზადოთ 3D სათვალე კუსტარულად. მიღწეულზე შეჩერებას არ ვაპირებთ და წინასწარ გეტყვით, რომ მომდევო ნომრის ყდა არამარტო ანაგლიფური, არამედ აკრობატულიც იქნება, რომელსაც სანამ არ ნახავთ, წერილობით ვერ აგიხსნით.

ჩხუბის ალგორითმი - როგორ ვიჩხუბოთ სწორად




ჩხუბი მეგობართან ან საყვარელ ადამიანთან ვისთვის ქვეყნის აღსასრულთან ასოცირდება, ვისთვის -  დასისხლიანებულ თავ-ყბასთან. თვითონ ასოთწყობაა ისეთი, რომ „ჩხ-ჩხ“ და მხოლოდ სიტყვაც საჩხუბრად აძაგრულ კატას წააგავს. თუ არამარტო მიგაჩნიათ ჩხუბი ვინმესთვის თავ-ყბის გაერთიანებად, არამედ ხშირად ასეც იქცევით ჩხუბისას, ფსიქოლოგები გირჩევენ, გადახედოთ თქვენს კრედოს, რადგან სინამდვილეში ჩხუბი სხვა რამეა, არასწორად იყენებთ და მის ესთეტიურ მხარეს საერთოდ ვერ შეიგრძნობთ.
„მთელი ეს ჩხუბები, კარატე-მარატე, სამბოები სრული უაზრობაა“! - აცხადებს ზვიო. შეუძლებელია, არ დაეთანხმო. ჩხუბი მარტო ფიზიკური დაპირისპირება არაა, როგორც უმეტესობას ჰგონია. ის ურთიერ-თობის ერთ-ერთი სახეა და ემოციურ-ესთეტიურ დატვირთვას ატარებს, ოღონდ თუ მას სწორად წარმართავთ და ნერვები არ გიმტყუნებთ. თუ თქვენი ნერვების იმედი არ გაქვთ და კუნთებისკენ გაგირბით თვალი, თავს შეახსენეთ, რომ ჩხუბის აცილება უფრო იოლია, ვიდრე დაწყებულის შეწყვეტა და ამით ფსიქოლოგიურად განმტკიცდებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ესთეტიური ჩხუბის მოწყობა სხვა დროისთვის გადადეთ...
ამდენი ვილაპარაკეთ გარდა მთავარისა — რა არის და რა სარგებლობა მოაქვს ჩხუბს?

მე, საძულველი პროფესიის ადამიანი 5



პროფესია მეხუთე: მე პოლიტიკოსი

ბავშვობისას ბევრი გვიოცნებია, ვინ რა უნდა გამოვსულიყავით, მაგრამ რეალობა უფრო სასტიკია და ზოგი არათუ გახდა იმ პროფესიის ადამიანი, რაზეც ოცნებობდა, არამედ, შესაძლოა, შესძულდა კიდეც. მე ჩემთვის საძულველ პროფესიებს ჩამოვთვლი. ვერ ვიტან:
5.  პოლიტიკოსებს.
და ყველა იმათ, ვისაც ადამიანებსა თუ საზოგადოებაზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ. ჩემი დაკვირვებით, ამ პროფესიის ადამიანების უმეტესობა ადამიანის სახეს კარგავს და სხვანაირები ხდებიან. ჟურნალისტები ფრენის თავისუფლებას კარგავენ და სირაქლემას ემსგავსებიან, ექიმები - გულქვა მგლებს, პოლიციელები - უხეშ მარტორქებს, იურისტები - ქედმაღალ აქლემებს, პოლიტიკოსები - უტიფარ კამეჩებს.
ლხინში ახირებული ჯეელივით ჯაჯღანა შესავალი კი გამომივიდა, მაგრამ ცხოველების შეურაცხყოფა სულაც არ მიფიქრია. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ცხოველი და პროფესიის ადამიანი მიყვარს და წარმატებებს ვუსურვებ. მე კი ვეცდები, ამ რუბრიკაში ყველა ცხოველისა და პროფესიის დადებითი მხარე დაგანახოთ. მათი კრიტიკა კი აუცილებელია, რათა ნაფერები კატასავით არ გაიტრუნონ.


„კამეჩო“-ო, თუ ვინმემ მოგმართათ, თქვენს აღშფოთებას საზღვარი არ ექნება! მართლაც, როგორ აიტანთ თავი წარმოიდგინოთ ზორბა, მოუხეშავი, ტლანქი, მუქი ფერის ცხოველის ადგილას, რომელსაც სიზარმაცის გამო ლაფში ჩაფლული ურემი შინ მიტანილი ჰგონია? მაგრამ არ იქნება სწორი, ისიც არ გაიფიქროთ, რომ შესაძლოა, კამეჩიც ვერ აიტანდა თქვენნაირ სუფთა, კეთილსურნელოვან და მომღიმარ არსებასთან შედარებას. ზოგი კამეჩი ამ თემაზე სდუმს, ხოლო ზოგი მკვეთრად გამორჩეული რეაქციით გვპასუხობს - სარქენად გვეტანება ან  გვიფრთხის...

სინამდვილეში არ გვაქვს არანაირი საბაბი, „კამეჩობა“ ვიუკადრისოთ. ის, ვინც ამ ეპითეტით ჩვენს დაკნინებას ცდილობს, საქმეში ჩაუხედავია და არ იცის, რომ კამეჩი მეტად პუნქტუალური, მოწესრიგებული, გონიერი და გუნდური პრინციპის ცხოველია. მათ მკვეთრად გამოხატული ხასიათი აქვთ, რაც თითოეული კამეჩის ინდივიდუალურობას განაპირობებს. თამამად შეგიძია კამეჩებს სახელებით მიმართოთ და „ელაპარაკოთ“, ოღონდ ფრთხილად, რადგან ისინი ინტონაციებს არჩევენ და თუ არაკორექტულად მიმართავთ, შეიძლება გაანაწყენოთ.

შოუბიზნესი ერის პულსაციას აჰყვა


წიწილებს შემოდგომით ითვლიანო და აი, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ  წიწილების გადათვლით საქართველო ახლი რეალობის წინაშე აღმოჩნდა. ვგულისხმობ იმას, რომ ერთმა პოლიტიკურმა ძალამ მეორე პოლიტიკურ "სისუსტეს"  არჩევნები მოუგო.
ცხადია, ცვლილებებზე დაკვირვება აუცილებელია, რათა დროულად გამოვლინდეს პოზიტიური თუ ნეგატიური ელფერის მოვლენები. ჩვენ ახალი პოლიტიკური რეალობის შემდგომი ცვლილებებით შოუბიზნესის ბედმა დაგვაინტერესა და ჩვენი კორესპონდენტი გუბაზ ქობალია შოუბიზნესის წარმომადგენლებთან სასაუბროდ გავაგზავნეთ. ვინაიდან, არჩევნებმა დიდი გაურკვევლობა გამოიწვია მთელ ქვეყანაში, ამ საყოველთაო არეულობების გამო ინტერვიუების ჩაწერა სხვადასხვა ადგილას მოხდა. მართლა შოკოლადი უცვლელად გთავაზობთ მათ კომენტარებს.
 
სტეფანე მღებრიშვილი: აუ არ ვიცი რაა, შოკში ვაარ! როგორ შეიძლება ადამიანმა ხმა მისცეს ასეთ ბნელ ძალას, ალბათ საზოგადოება აზროვნების კრიზის განიცდის... გეფიცებით, სერიოზულად ვფიქრობ თურქეთში წასვლაზე და ისევ ჩემი სფეროს, ჯამბაზობის ოსტატობის განახლებას. маразм!!!
 
ნინო  ჩხეიძე: მე, როგორც ხელოვანი, გავემიჯნები პოლიტიკურ პროცესებს, თავს შევიკავებ კომენტარისგან... (როგორც ჩვენი კორესპონდენტი, გუბაზ ქობალია აღნიშნავს, ნინო ჩხეიძეს სინანულის ცრემლი წასკდა)
 
ბუბა კიკაბიძე: лариса ивановну хочу!

ცირკი ემზარას მიმართვა ამომრჩეველს


ფასიანი პოლიტიკური სტატია®
მოგესალმებით, ჩემო თანამოქალაქენო! ადვილი არ იყო ჩემთვის ეს ნაბიჯი, მაგრამ გავაცნობიერე რა, რომ უნდა გადამედგა, გადავდგი კიდეც. მაშინვე მივხვდი, რომ ეს იყო სწორი ნაბიჯი, რადგან დღეს საქართველოს აუცილებლად სჭირდება მეოთხე ძალა და ეს ძალა ვართ ჩვენსაზოგადოებრივი მოძრაობაცირკია ემზარადა მისი დასი.
თუმცაღა, ნაბიჯი ხეირიანად არ გვქონდა გადადგმული, რომ უდიდეს წინააღმდეგობებს წავაწყდით! ეს არ იყო ჩვეულებრივი პრობლემები, მთელი სახელმწიფო მანქანა ჩვენს წინააღმდეგ ამუშავდა: დაგვიყადაღეს ცხვრის ფარა, გაგვიყიდეს და გადაგვიხნეს საძოვრები, გადაგვიკეტეს წყალი და სხვა მრავალი უსიამოვნება შეგვყარეს, რის გამოც, როგორც გუშინწინ შემატყობინეს, არჩევნებს უჩვენოდ ჩაუვლია... თუმცა, ისიც გავიგე, რომ ჩვენი მთავარი კონკურენტიც დამარცხებულა, ამიტომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. მითი, რომ ის უძლეველი იყო, წარსულს ჩაბარდა.
მერე რა, მეგობრებო, რომ არჩევნებამდე სულ რაღაც 3 წელი და 350 დღე დარჩა?! ჩვენ დღეიდან ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას, რომელიც უპრეცედენტო იქნება მსოფლიოში და ზუსტად 3 წელი და 348 დღე გასტანს, რაც იქნება იმისი წინაპირობა, რომ ჩვენი მთავარი კონკურენტი მომავალ არჩევნებში ამჯერად ჩვენ დავამარცხოთ! მე დღეიდან მზად ვარ, ჩემი კურდღელივით მხდალი  კონკურენტი დღესვე გამოვიწვიო დებატებში, დამიჯდეს სადაც უნდა, როგორც უნდა და გავარჩიოთ ქვეყნის ავან-ჩავანი. მანამ კი ინტერვიუს ავაღებინებ ერთ-ერთ ობიექტურ და მიუკერძოებელ ჟურნალს (მკითხე, ბიჯო! © ემზარა)