Wednesday, February 29, 2012

მე, საძულველი პროფესიის ადამიანი 2

პროფესია მეორე: მე ექიმი.

ბავშვობისას ბევრი გვიოცნებია, ვინ რა უნდა გამოვსულიყავით, მაგრამ რეალობა უფრო სასტიკია და ზოგი არათუ გახდა იმ პროფესიის ადამიანი, რაზეც ოცნებობდა, არამედ, შესაძლოა, შესძულდა კიდეც. მე ჩემთვის საძულველ პროფესიებს ჩამოვთვლი. ვერ ვიტან:
2. ექიმებს;
4. იურისტებს;
5. პოლიტიკოსებს
და ყველა იმათ, ვისაც ადამიანებსა თუ საზოგადოებაზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ. ჩემი დაკვირვებით, ამ პროფესიის ადამიანების უმეტესობა ადამიანის სახეს კარგავს და სხვანაირები ხდებიან. ჟურნალისტები ფრენის თავისუფლებას კარგავენ და სირაქლემას ემსგავსებიან, ექიმები - გულქვა მგლებს, პოლიციელები - უხეშ მარტორქებს, იურისტები - ქედმაღალ აქლემებს, პოლიტიკოსები - უტიფარ კამეჩებს.
ლხინში ახირებული ჯეელივით ჯაჯღანა შესავალი კი გამომივიდა, მაგრამ ცხოველების შეურაცხყოფა სულაც არ მიფიქრია. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ცხოველი და პროფესიის ადამიანი მიყვარს და წარმატებებს ვუსურვებ. მე კი ვეცდები, ამ რუბრიკაში ყველა ცხოველისა და პროფესიის დადებითი მხარე დაგანახოთ. მათი კრიტიკა კი აუცილებელია, რათა ნაფერები კატასავით არ გაიტრუნონ.
მგლები, ბუნების სანიტრებად წოდებულნი, ბევრს აშინებს. ზღაპრებშიც სულ ბოროტ როლებშია, მაგრამ რაც ჩვენ სისასტიკე გვგონია, ბუნებისთვის ჩვეული ყოველდღიურობა და მეტი, შვების მომტანია, რადგან ისინი ხშირად დაავადებულ ცხოველებს მიირთმევენ და ამ დაავადების გავრცელების რისკს ამცირებენ.
ექიმები, რაც არ უნდა გულქვა მგლები და სისხლიმსმელი ვუძახოთ, მაინც ექიმები არიან და გაჭირვების ჟამს მათი იმედი გვაქვს. ისინიც ადამიანები არიან და თავიანთი მეთოდებით ცდილობენ ჩვენს ან ჩვენი ახლობლის განკურნებას. ვეცდები, კარგი ექიმი დავუპირისპირო კარგ ექიმს, შესაბამისად,  კარგი მკურნალობა - კარგ მკურნალობას.

არ შეგშლიათ, თვალებიც არ აგჭრელებიათ. აქ ორ კარგ მკურნალობას დავუპირისპირებთ ერთმანეთს (საიდუმლოდ გეტყვით წინასწარ, ბოლოში მესამე კარგი მკურნალობაც გამოჩნდება, მაგრამ ეგ ბოლოში).
პირველი კარგი მკურნალობა აბსოლუტურია, მისი გამოსავალი საუკეთესოა, მის ექიმს ვერცერთი ექიმი შეედავება. პირველი მკურნალობა სხვა ჩუმ დაავადებებსაც დროულად გამოავლენს და მათი მორჩენის მეტ შანსს ქმნის.

მეორე კარგი მკურნალობაც კარგია, მაგრამ მომატებული აქვს რისკი გართულდეს.
აბა რითიღაა კარგი? - იაფია!
აა, არ ყოფილა მეორე ექიმი კარგი, სასწორზე ადამიანის ჯანმრთელობაა, ის კი ფულს ითვლის, ეკონომიას აკეთებს, სხვის სიცოცხლეს რისკავს.
მოიცა და, ექიმი თავის ფულს ზოგავს თუ პაციენტის?
მეორე ექიმი პაციენტის ფულს ზოგავს. სინამდვილეში, მეორე ექიმი რაც მეტ ფულს დაუზოგავს პაციენტს, მით მეტ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე, გარკვეულწილად მართლაც რისკავს... და ეს რისკი ამართლებს, თუ იცი რამდენ პროცენტში? ალბათ, 90%_ში ანდა ნაკლებში... და რა ხდება იმ 10 %_ში, რომელთაც ექიმმა გამოკვლევა თავიდანვე არ ჩაუტარა? 9%_ში არც არაფერი, მეორე ეტაპად დაზუსტდება დიაგნოზი და განსხვავებული მკურნალობა დაენიშნება. ბოლო აქაც კეთილია.
1% -ში კი, დაგვიანებული გამოკვლევის შედეგად მკურნალობის ხარისხი კლებულობს
შედეგად მკურნალობა ხანგრძლივდება და ძვირდება. ბოლო მაინც კეთილია. თუმცა, იმ ერთი პროცენტის ერთ პროცენტში (ანუ ერთ პრომილეში) მკურნალობის დაგვიანებამ შეიძლება ავადმყოფის ინვალიდობა ან სიკვდილი გამოიწვიოს.
პირველი კარგი ექიმი 999% პრომილე პაციენტებისას უკეთებს თავის კომპიუტერულ კვლევას, მრტ, სისხლის ბიოქიმიას, რენტგენს, ტოვებს საავადმყოფოში ავადმყოფს დაკვირვების მიზნით, ავადმყოფის პატრონებთან ლანძღავს იმ ექიმებს ვინც ასე არ იქცევა, ბევრს ახარჯვინებს პატ–რონებს გამოკვლევასა და მკურნალობაში და თვი–თონაც პროპორციულად დიდ გასამრჯელოს მო–ითხოვს, მოითხოვს და ღებულობს კიდევაც.
მეორე ექიმი ავადმყოფთა 100-ვე პროცენტს პირველ ვიზიტზე არ უკეთებს იშვიათი კაზუსების გამოკვლებებს (ვირუსოლოგია, დოპლერი, ჰოლტერ ეკგ, ჰორმონები სისხლში, კომპიუტერიული ტომოგრამა და ა.შ.). სამაგიეროდ, 100-ვე პროცენტს აფრთხილებს სამომავლოდ შესაძლო გამოკვლევების საჭიროებაზე. დეტალურად უყვება, თუ რა პირობებში შეიძლება ეგ შესაძლო გამოკითხვა გახდეს აუცილებელი. ზოგ შემთხვევაში მეორე ექიმი პაციენტის მხარეს ზოგავს, თუკი ატყობს, რომ ნავარაუდები გამოკვლევები პაციენტის ოჯახისთვის ხელმიუწვდომელ სიმაღლეზეა, ექიმი მხოლოდ განმეორებით ვიზიტს ითხოვს შესაბამისი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში.
ამით მეორე ექიმი თავის ავტორიტეტს რისკის ქვეშ აყენებს. პაციენტის მხარეს შეუძლია უცოდინრობა ან უგულისყურობა დააბრალოს ექიმს. ასეთ შემთხვევაში ექიმს გაამტყუნებს კოლეგაც, ადმინისტრაციაც, სამინისტროც და კანონიც.
მაშ, რა აიძულებს ექიმს (მეორე სახეობის ექიმს) არ დანიშნოს გამოკვლევს 1000-ვე პრომილე ავადმყოფში? პასუხი მარტივია - თანაგრძნობა. თანაგრძნობა პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ. არადა ას თავგანწირვა და ჩუმი რისკი დიამეტრალურად საწინააღმდეგო შეფასებად ტრანსფორმირდება - უცოდინარი და უგულისყურო. მაგრამ პათეტიკამ არ გაგიტყუოთ! ეს თავგანწირვა ძალიან იშვიათად მაგრამ მაინც, პაციენტის სიკვდილის მიზეზი ხდება...
მაგალითად, თვალის ექიმმა არ დანიშნა თავის კომპიუტერული ტომოგრაფია - პაციენტი მოკვდა 1 თვე საავადმყოფოებში მკურნალობის შემდეგ, საინფორმაციოები კი იმ ექიმის სახლის შუშების მტვრევის ხმით იწყებოდა, როცა მას გარდაცვლილის ოჯახის წევრები პერიოდულად მიუვარდებოდნენ და ექიმს ჩაქოლვით ემუქრებოდნენ.ხოლო  ყელ-ყურ-ცხვირის ექიმმა სიცხიან ავადმყოფს სისხლის ანალიზი არ გააკეთებინა, რენტგენიც სამომავლოდ გადადო, მოზარდი მომაკვდავი მიიყვანეს საავადმყოფოში 3 დღის შემდეგ, მიმღებშივე მოკვდა. საინფორმაციოების 5 გამოშვებას აეწია რეიტინგი ექიმის კაბინეტის კარზე (განყოფილების გამგე იყო) წიხლების რტყმევისა და ხავილის ჩვენებით. სხვა ექიმმა ჰუმანიტარულად მიღებული უცნობი ანტიბიოტიკი დაუნიშნა ავადმყოფ ბავშვს, როცა პატრონებმა დანიშნული წამალი ვერ იყიდეს, ბავშვი პირველივე ინექციაზე მოკვდა (70 წლის ექთანმა გააკეთა ჩვეულებრივი გზით, სწრაფად და არა ნელა და განზავებული, როგორც ამას უცნობ ენაზე დაწერილი ანოტაცია მოითხოვდა) ექიმის ზურგს აკიდებული კამერები 3 სერია დასდევდნენ ბნელ დერეფანში ექიმს, სანამ კაბინეტში შეიკეტებოდა... მასაც ჰქონდა კაბინეტი, ისიც განყოფილების გამგე იყო.
ვიცი სამი შემთხვევა, როდესაც ასეთ ძნელ სიტუაციაში ჩავარდნილი ექიმი საზოგადო დადანაშაულებისა და რაც მთავარია საკუთარი თავის დადანაშაულების შედეგად განმარტოვდა, საკუთარ თავში ჩაიკეტა, კიბოთი დაავადდა და მოკვდა.
მაშ, არ ყოფილა მეორე ექიმის გზა რომანტიკული და ზნეობრივად გმირული. მას სიკვდილები მოჰყვება, მაგრამ არსებობს მესამე გზა, ზომიერი რისკის გზა. მესამე ექიმი მართლაც იდეალური ადამიანია (და არა იდეალური ექიმი. იდეალური ექიმი პირველია, მის სამედიცინო საქმიანობას ზადს ვერ უნახავ). ის იმ დონეზე არის იდეალური ადამიანი, რამდენადაც არ არის იდეალური ექიმი, ანუ რამდენადაც ზოგავს პაციენტის მხარეს ფინანსურად.

იდეალური ექიმი კი არ არის იდეალური ადამიანი, მის ადამიანობას ის ადამიანობა აკლია, რომელიც აიძულებდა მას აეღო პასუხისმგებლობა, არ დაეზარებოდა 100- ვე პროცენტისთვის დაწვრილებით მოეყოლა ის, თუ რა შემთხვევაში როგორ უნდა მოქცეულიყო პაციენტი ხვალ ზეგ და მაზეგ.
მესამე ექიმს არც პაციენტი მოუკვდება ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებით და არც პაციენტის ოჯახი დაურჩება გატყავებული და გაფცქვნილი მთელი გრძელი მომავალი თვის განმავლობაში. მესამე ექიმი, კარგი ექიმი და კარგი ადამიანი შეიძლება გაილანძღოს. და... არავინ ამოუდგება მას გვერდში, მაგრამ მისი ყოველდღიური თავდადება და რისკი პაციენტების 77%_ დაუზოგავს უსარგებლო ხარჯს.
მინდა მკითხველს ექიმის აივნიდან დავანახო თითქოსდა მარტივი საკითხი. კარგი მკურნალობა და კარგი ექიმობა ადვილია, უფრო ძნელია იყო კარგი ექიმიც და კარგი ადამიანიც. მითუმეტეს, რომ კარგ ადამიანობას კარგი ექიმობის ნებაყოფლობითი დათმობა ჭირდება. მინდა, რომ შემხვდეს მესამე ექიმი, პირველი არ მინდა, არც მეორე და, საიდუმლოდ გეტყვით, ის ექიმი, რომელიც დაგხვდებათ... თქვენს ხელშია რომელი იქნება, პირველი, მეორე თუ მესამე (დიდი ალბათობით).
ქართველები კი, მიდრეკილნი ვართ, ვაქციოთ ნებისმიერი ექიმი პირველ ექიმად და მერე აუცილებლად ვნანობთ შედეგს.      

No comments:

Post a Comment