Monday, April 1, 2013


რედაქტორის ხე (ნაძვი)


ლურჯი იების თოვლი


იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა? იყო ერთი ზღაპარი, რომელშიც ერთ ხელმწიფეს ჭირვეული ასული ჰყავდა. მეფეს ერთადერთი შვილი ისე ჰყავდა განებივრებული, რომ ყველაფერი, რასაც დაინახავდა ან გაიგონებდა, სათავისოდ უნდოდა. ერთხელ ამ ზღაპარში შორეული ქვეყნიდან ვიღაც ჩავიდა და ამბავი ჩაიტანა: საიდანაც მოვდივარ, განსაკუთრებულად კარგი ქვეყანაა და ზამთარში ლურჯი იების თოვლი მოდისო. ეს ამბავი მეფის ასულის ყურამდე მივიდა თუ არა, მაშინვე მასაც მოუნდა ლურჯი იების თოვლი, მაგრამ ეგრე სად იყო? სანამ ერთი ბრძენის რჩევით მთელი ქვეყანა იმ შორეულ ქვეყანასავით კარგად არ მოიქცა, მანამ არ მოვიდა ზღაპრის ქვეყანაში ლურჯი იების თოვლი...


თოვლი კარგია, ლურჯი იების მით უფრო, მაგრამ დღეს პირველი აპრილია და გილოცავთ ახალ წელს, რომაულ ახალ წელს.

ცოტა რამაა საჭირო ადამიანებში დაბნეულობის გამოსაწვევად. მაგალითად, ჟურნალის თარიღი ახალი წლის მოლოცვას თითქოს უნდა ემთხვეოდეს, მაგრამ აპრილიც რომაა? ამ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს: ჩვენი ჟურნალი ოდითგანვე გამოირჩეოდა ინოვაციებით, წინა ნომერიც ამის დასტურია. გვინდოდა უფრო ინოვაციური ყოფილიყო მომდევნო ნომერიც და ამისთვის ჟურნალის ციფრული ვერსია 2012 წლის 10 დეკემბერს ზეუსწრაფესი გზავნილით გავაგზავნეთ პლანეტა ნიბირუს ულტრათანამედროვე სტამბაში და ჟურნალი 12 დეკემბერს უნდა გამოსულიყო (პლანეტასთან ერთად)... თუმცა, იქ ჩვენზე უარესი საფოსტო მომსახურება ჰქონიათ და დაბეჭდილმა ჟურნალმა „ცოტათი“ დააგვიანა ან აგვცდა (მიუხედავად ყდაზე დატანილი შტამპისა „Express delivery“).

სურნელოვანი ნიკაპი


მოგეხსენებათ, კარლოს სანტანა "საპნის ოპერების" ყველაზე სასურველი მამაკაცია. მისი საფირმო ნიშანი კი, არა მისი ათლეტური ტანი, არამედ მისი ნიკაპი გახლავთ. 2012 წლის გამოკითხვის თანახმად, მისი ნიკაპი, პლანეტის ყველაზე სექსუალურ ნიკაპად აღიარეს.

ერთი შეხედვით, სანტანას ნიკაპი თითქოს ჩვეულებრივი ნიკაპია, რომელიც მხოლოდ დიდი ზომით გამოირჩევა, თუმცა არც ასეა საქმე. როგორც ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, სანტანას ნიკაპი გამოყოფს სურნელოვან ნივთიერებას, რომელიც მდედრობითი სქესის წარმომადგებლების სექსუალურ აღზნებას იწვევს. "საპნის ოპერების" სექსბომბად წოდებული მონიკა როდრიგესი ამბობს: "მისი ნიკაპის სურნელი გაზაფხულის ნაადრევი ყვავილებისა და თაფლის სურნელების შერწყმაა, სწორედ ამ სურნელების გამო მივანდე კარლოსს ჩემი სხეულის ყოველი ნაკვთი". მეცნიერები ასევე საუბრობენ, რომ კარლოსის ნიკაპს შეუძლია გამოყოს ისეთი ფერმენტები, რომლებიც საშვილოსნოს ავთვისებიან სიმსივნესაც კი კურნავს. ცხადია, რომ ეს მოვლენა ყოვლად ამოუხსნელია. ბრიტანელი მეცნიერების ვარაუდის დონეზე კი, მიზეზი  კარლოს სანტანას დედაა, რომელიც ყვავილოვან მდელოზე გააუპატიურეს ნასვამმა მეფუტკრეებმა.

ვაშლის და მსხლის ღვინის რეცეპტი 2


ნინო ხოფერიას „საოჯახო წიგნის“ მიხედვით

ნაწილი მსხალი


მე უტვინო ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი,
ვის ჰმორჩილებს ჯარი ბაღნთა, მისთვის ვხელობ ცოცხალმკვდარი,
დაიფანტოს სიავდრე და დამდგარიყოს კარგი დარი,
კვლა ვიტყვი, რომ რუსთველთანა არა ვარ მე შესადარი.

მინდოდა მეთავებინა და შემეწყვიტა მე ლექსი,
მარა მნებს, რომ მე დავწერო მსხლისა ღვინისაც რეცეპტი,
ვითხოვ შეწევნას თქვენგანა, დამრთოთ უტვინოს მე ნები,
სხვა რა უნდა ვქნა, მასა ვიქმ, ვწერ მასა, რაცა მენების.

მსხლის ღვინოც ისე კეთდება, როგორც კეთდება ვაშლისა,
ეს განსხვავება ერთია, სხმა არ სჭირდება წყალისა,
მსხალში შაქარიც ბევრია, რაოდენობაც წყალისა,
ამიტომ ღვინო-ბურახი ბევრად ტკბილია მსხალისა.

თუ გვინდა რომ მსხლისა ღვინო არ-შუშხუნა, იყოს ტკბილი,
ხუთ დღეს ერთხელ ვასხათ სხვაგან, არ ვაცადოთ მას დუღილი,
ბოლოს სარდაფს შევინახოთ, ჰერმეტულად დაცობილი,
თიხის ჭურჭელს შენახული ღვინო ხდების მეტად ტკბილი.

შამპანურივით შუშხუნა ღვინოს დრო უნდა ცოტა,
წვენი ჩავასხათ, მოვძებნოთ კასრი ან დიდი ბოცა,
კასრი გოგირდით შევბოლოთ, წვნის ჩასხმა უნდა როცა,
ჩასხმიდან დადუღებისთვის მცირე სჭირდება დროცა.

რა გველის გველის წელში?


ჩინური კალენდრის მიხედვით 2013 წელი შავი გველის წელიწადია. ეს წელიც გველივით სწრაფი და მოქნილი იქნება, მოვლენებიც დინამიურად განვითარდება. ამიტომ წინდახედულობა და გამჭრიახობა უნდა გამოვიჩინოთ. ისე, ცოდვა გამხელილი სჯობს და ჩვენში გველები დიდად არ ევასებათ. ვინ იცის, გველის დანახვისას რამდენი გაქცეულა წივილ-კივილით, ან რამდენს გაუჭეჭყია მისთვის თავი ისე, სინდისის ქენჯნის გარეშე?! შედარებით განვითარებულ და კომპიუტერთან მიმჯდარ ადამიანებს კი უკვირთ, რანაირად შეიძლება გველმა იმუშაოს კომპიუტერთან, ctrl+alt+delete-ს როგორ დააჭერსო? ბრიტანელი მეცნიერები კი უფრო შორს წავიდნენ და იკვლევენ, გველი ცხოველია თუ კუდი.
აი, ჩინელებთან კი ყველაფერ პირიქითაა - გველი, არამარტო საკვები, არამედ სილამაზისა და სიბრძნის სიმბოლოა. 2013 წელსაც სწორედ სილამაზე და სიბრძნე იქნება დაფასებული. შესაძლებელია, ადამიანებმაც შეიცვალონ იმიჯი გველის მსგავსად, რომელიც პერანგს იცვლის ხოლმე, და განსხვავებულ ამპლუაში მოგვევლინონ. წელს არ იქნება ომები და ღია დაპირისპირება, სამაგიეროდ უხვად იქნება გესლიანი სისინი და ჭორ-ინტრიგების აგორება. ჩვენმა ასტოლოგმა, ჩონჩხის ჭვრეტამ, რომელიც სხვათაშორის, ჩონჩხის მზერას გარე ბიძაშვილია, წლის „კვირის პალიტრაში“ განჭვრიტა მიმდინარე წლის ასტროლოგიური პროგნოზი და ზოდიაქოს ცამეტივე ნიშანს მოუთხრობს, დაახლოებით როგორ განვითარდება მათ ცხოვრებაში მოვლენები.

უკანასკნელი იმპერატორი (მე-10 სერია)


სადღაც ერთი დაგრეხილი ჩიტი ცხოვრობდა... ისე იგრიხებოდა, ავატარზე თვალები ზურგზე გაურბოდა... ხანდახან ფეხი ეკეცებოდა და ბალანი ცვიოდა, უფრო სწორად ბუმბული. ეს ჩიტი საგვარეულო იყო და იმპერატორებს შთამომავლობით გადაეცემოდა, ხოლო იმპერატორები კი ბებოებს აწველინებდნენ, რათა ვენესუელის მოსახლეობას ჩიტის რძე არ მოჰკლებოდათ. ვინაიდან  ბებოები სწრაფად ვერ დარბოდნენ და, მითუმეტეს, ვერც ფრინავდნენ, ქვეყანაში ჩიტის რძის დეფიციტი იყო ხოლმე. იმპერატორმა Sh@ko- ერთ-ერთ პრიორიტეტად დაგრეხილი ჩიტის მოშინაურება და მისთვის გალიის აშენება დაისახა.

იმპერატორმა ვენესუელის ჯადოსნურ ტყეებში ბევრი იარა, მაგრამ ჩიტის ასავალ-დასავალს ვერ მიაგნო. ბედად, მდელოზე ყვავილებით მორთულ  შუქნიშანთან დაჭედებული გვირილების გვირგვინიანი პოლიციელი შენიშნა, რომელმაც, მართალია, ჩიტისკენ მიმავალი გზა ვერა, მაგრამ სამი ჯადოქრის სახლის გზა კი მიასწავლა. ჯადოქრების: iato-ს, Sunny-სა და Chilli- სახლი სულ მათი წითური თმებივით იყო აბურდული. როგორც აღმოჩნდა, ჩიტი სულ თავიდან მათ დაგრიხეს და პირველ იმპერატორს უსახსოვრეს. მათ Sh@ko- ჩიტი აპოვნინეს და დაგრეხილი გალიის აშენებაშიც დაეხმარნენ, რადგან ჩიტი ჩვეულებრივი  გალიებიდან ადვილად იპარებოდა. ამის შემდეგ იმპერატორი თვითონ წველიდა ჩიტს და მოსახლეობასაც ჩიტის რძე არ აკლდა.

უკანასკნელი იმპერატორი (მე-11 სერია)


მელომანიის ოლქის გამგებელი სხვებისაგან სიმწვანით გამოირჩეოდა, რადგან ფერია იყო. იგი Red Hot Chilli Peppers-ის მე-5 გოგო-წევრიც იყო.  მისი სიმწვანე ისეთი უსაზღვრო იყო, რომ მხოლოდ სპეციალური განათებით გადაღებულ ფოტოებზე ჩანდა. ამის გამო ყველას ეგონა, რომ Red Hot Chilli Peppers მხოლოდ 4 წევრი მამაკაცისაგან შედგებოდა, რადგან სპეციალური განათება ჯერ არ იყო გამოგონებული. სახელად Greenie ერქვა და ჯგუფთან ერთად სურათებს მხოლოდ ის იღებდა თავისი ჯადოსნური ნიჭის წყალობით. მაგრამ რადგან თავმდაბალი იყო, ამის საქვეყნოდ აფიშირებას ერიდებოდა, თუმცა ჯგუფის განვითარებისთვის თავს არ ზოგავდა.

გამგებლობის პერიოდში ბევრი რამ გააკეთა მუსიკის განვითარების სფეროში. ღვაწლმოსილი შრომისა და შემოქმედებისთვის დაიმსახურა კიდეც „მწვანე ალიანსის“ ხელმძღვანელობა და „დამსახურებული ტყის ელფის“ წოდება ვენესუელის მმართველისაგან. „მწვანე ალიანსმა“ სახელი უმოკლეს ხანში გაითქვა. მასში გასაწევრიანებლად სურვილი გამოთქვა თვით Peppers-ის ბას-გიტარისტმა Flea-მ.  იგი ვენესუელაშიც კი გადმოსახლდა. მართალია, მას პასპორტში Cotne-Flea ეწერა, მაგრამ ეს ეჭვს არ იწვევდა და Greenie სიამოვნებით ისმენდა Flea-სგან რჩევებს, ან ისე, უბრალოდ საუბრობდნენ ხოლმე.

უკანასკნელი იმპერატორი (მე-12 სერია)


ფარული მტრის გამოვლენაში Sh@ko-მ დახმარებისთვის Gvantsa-ს მიმართა, ქვეყნის საიდუმლო აგენტს. იგი მეტად მოხერხებული იყო და არცერთ საქმეში კვალს არ ტოვებდა. მისი დაჭერა კიდევ იმიტომ იყო შეუძლებელი, რომ ახალი საიდუმლო ენა გამოიგონა თავის დასთან, RUSO-სთან ერთად. დასთან ამ ენით ურთიერთობა იყო მისი ერთადერთი შეცდომა თავის დროზე, რადგან სწორედ მათი საუბრების გაშიფვრით ამოიცნო იმპერატორმა საიდუმლო აგენტი და შესთავაზა თანამშრომლობა, თორემ მანამ არც კი იცოდა აგენტი თუ იყო.

პარალელურად, იმპერატორი ძალ-ღონეს არ იშურებდა იმპერიის ახალ ლეველზე გადასაყვანად, რადგან მაცხოვრებლები გაიზარდნენ და ვენესუელა დაუპატარავდათ. მან წინასწარ შეიგულა სახელმწიფოს ძრავი კოდური სახელწოდებით phpBB 3, რომლისგანაც დაიწყო სახელმწიფოს ვენესუელურ გემოზე მორგება: შექმნა სახელწიფო ენა, ქვეყანას ფერები შეურჩია და მოქალაქეების დახმარებით, სახელმწიფოს გერბიც შექმნა, რომელიც, ყველა თუ არა, ვენესუელასთვის საყვარელი მომღერლების ლოგოებისგან შედგებოდა. მხოლოდ ვენესუელის ადგილზე დაყენებაღა იყო საჭირო, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა...

იაპონური ხატვის პასუხი

წინა ნომერში გამოქვეყნებული იაპონური ხატვის პასუხი:


  
ის დაშიფრულია არა როგორც: „მე მიყვარხარ შენ“, როგორც უმრავლესობას ეგონა, არამედ ასე: „მე მიყვარს შოკოლადი“ იმიტომ, რომ უშოკოლადოდ ჩვენი ჟურნალი არც კი გაიყიდებოდა.

ხელმარჯვე ოსტატი


გამარჯობა მკითხველო. როგორ იყენებ ჩემს რჩევებს, გამოგდის? მიხარია, თუ ჩემთან ერთად აკეთებ ან იგონებ სახალისო რამეებს. მე ამ ნომერშიც მინდა მაგარი რაღაც გასწავლო. ზოგს ინტერნეტი იმიტომ ურჩევნია ჟურნალებს, რომ ის უფრო ცოცხალი და ანიმირებულია. ინტერნეტის ჭიებმა ალბათ, არც იციან ფურცლებისგან 2 ფრეიმიანი ანიმაციების კეთება, მაგრამ ჩვენ წინ წავიდეთ და 5 ფრეიმიანი მხიარული სათამაშო-ანიმაცია გავაკეთოთ. (თუ დაგაინტერესებთ, მთხოვეთ და 2 ფრეიმიანი ანიმაციების კეთებასაც გასწავლით, რომელიც უფრო იოლი გასაკეთებელია)