Showing posts with label პრაქტიკული. Show all posts
Showing posts with label პრაქტიკული. Show all posts

Friday, October 12, 2012

პრაქტიკული მათემატიკა (მე-2 ნაწ.)


ვასრულებთ წინა ნომერში გამოქვეყნებული ახალგაზრდა, ნიჭიერი, მაგრამ უცნობი ავტორის ნაწარმოებს. მოთხრობა დაიწერა 2003 წელს და 2012 წლამდე მხოლოდ ერთ ეგზემპლარად და ორ ასლად იყო მთელ მსოფლიოში გავრცელებული. ერთი ასლი ბოროტ ადამიანს ჩაუვარდა ხელთ, მეორე – ჩვენ, ხოლო დედანი – ავტორს. იმედია, აქ აღწერილი ამბავი ცოტათი მაინც შეგაყვარებთ საგან მათემატიკას.
 
 
„სასამართლოს დადგენილებით შენი ქარხანა დაიხურება, ანგარიშები გაიყინება, შენ კი აღარ გაბედო ამ ეშმაკის მანქანების გაკეთება, თორემ სამუდამოს მოგისჯი და სულს ამოგაცლიო!“ - დამიბარა წასვლის წინ და კარები ისე გაიჯახუნა, ფანჯრებმა ზრიალი დაიწყეს...
-უხ, მაგისი!... - ვეღარ მოვთოკე ნერვები, - რას გერჩოდნენ, ან ხელსაწყოები რატომ წაგართვეს, იმ ნაძირლებმა?
-დამაცა, დავამთავრო. რომ დავლაგდი, მეც გული მომივიდა და სასამართლოში გასაჩივრება გადავწყვიტე. იმდღესვე წავედი კიდეც ქალაქში, მაგრამ რაც იქ ვნახე... უკან გამოვიპარე.
-რა ნახე ამისთანა?

-ელექტროშოკებით შეიარაღებული პოლიციელები ჩემს გვირგვინებს ძალით თუ ნებით აგროვებდნენ და ნაგვის მაქანაში ყრიდნენ. ერთი გნიასი იდგა, ვიტრინები და მანქანის მინები ჩამსხვრეული იყო, ნამდვილი ომი გეგონებოდა. სახლიდან ცხვირი აღარ გამომიყვია, ინტერნეტიდან ვადევნებდი თვალს მოვლენებს. ყველა ტელევიზია და გაზეთი მე მთათხავდა. მე მგონი, ლოგიკურიც იყო. ადამიანები ისე შიფრავდნენ ერთმანეთს, თითქოს გადამწვარ ნათურას ამოწმებენ სინათლეზეო. ორი კაცი შეხვდებოდა ქუჩაში ერთმანეთს, ორივე თავ-თავისთვის მიმავალი, უცებ ატეხავდნენ ჩხუბს და ჩაითრევდნენ სხვებსაც. ვითომ უმიზეზოდ, მაგრამ, ალბათ, ერთმანეთის აზრებს რადგან კითხულობდნენ, მაგიტომ. ეგ კი არა, მეც ლამის ვცემე რამდენიმე ჩემზე ცუდად გაფიქრების გამო. ისე გახშირებულა ასეთი ჩხუბები, რომ პირდაპირ ეთერშიც კი იღებდნენ. ამასთან, უმუშევრობამაც მოიმატა, რადგან ყველა უფროსს „მათემათიკოს გვირგვინი“ ეხურა თავზე.

Friday, June 1, 2012

პრაქტიკული მათემატიკა (1 ნაწ.)


ვიწყებთ ახალგაზრდა, ნიჭიერი, მაგრამ უცნობი მწერლის ნაწარმოების გამოქვეყნებას. მოთხრობა დაიწერა 2003 წელს და 2012 წლამდე მხოლოდ ერთ ეგზემპლარად და ორ ასლად იყო მთელ მსოფლიოში გავრცელებული. ერთი ასლი ბოროტ ადამიანს ჩაუვარდა ხელთ, მეორე – ჩვენ, ხოლო დედანი – ავტორს. ფანტასტიკური ჟანრის ამ ნაწარმოებში აღწერილია არც ისე ოროსანი ბიჭის თავგადასავალი, რომელიც საკუთარმა თავმა მომავლიდან მოიტაცა და მასზე, ანუ საკუთარ თავზე ცდის ჩატარება დააპირა. „მათემატიკა“ – ეს საზარელი სახელი ნუ შეგაშინებთ! სიტყვა „პრაქტიკული“ ცდილობს ეს საგანი სხვა კუთხით დაგვანახოს, ვინ იცის, იქნებ მერე თქვენც შეგიყვარდეთ მათემატიკა და წარმატებებს მიაღწიოთ.


ამბობენ, ზეცაში ადამიანის ცხოვრების წიგნი იწერება, რომელშიც ადამიანიც ცხოვრების სურათებია ჩაწერილი და რომელსაც ვერ შეცვლიო. მე ამ აზრს არ ვეთანხმები და ვფქრობ, კონკრეტულ სიტუაციებში ჩვენი ქცევა განაპირობებს ჩვენსავე მომავალს. ამიტომ, როცა რაიმეს ვაპირებ ასერთჯერ ვზომავ დაკვირვებით და ვრწმუნდები, გაჭრა საჭირო არ არის.

მე ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვიყავი ბავშვებისთვის დამახასიათებელი „ჩვეულებრივი“ ოცნებებით. ჩვეულებრივიო, რომ ვამბობ, ძალიან ზოგადი დახასიათებაა. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ ვხელმძღვანელობდი პრინციპით: „როცა სუყველა არის მართალი, მე მირჩევნია ვიყო მტყუანი“. ძალიან მინდოდა, ვყოფილიყავი ყველასგან გამორჩეული, რის გამოც ზოგჯერ ისეთ უცნაურ რამეებს ვაკეთებდი, რომ ყველას გიჟი ვეგონე, ზოგი დამცინოდა კიდეც. მე კი ვოცნებობდი, გამეკეთებინა ისეთი რამ, რაც ჯერ არავის გაუკეთებია დედამიწის ზურგზე. რაც დრო გადიოდა, მით უფრო მეტს ვოცნებობდი, ვიდრე მეგორებთან ვურთიერთობდი. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა შემექმნა და პრობლემებს არავის ვუზიარებდი, თვითონ ვცდილობდი მათ გადაჭრას. ნელ-ნელა ჩამომშორდნენ მეგობრები. მათი ადგილი წიგნებმა დაიკავეს. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ... მაგრამ მოდით,  მოვყვეთ თავიდან.