Showing posts with label ფეისბუქი. Show all posts
Showing posts with label ფეისბუქი. Show all posts

Sunday, April 1, 2012

უხილავი ბავშვების შოკოლადის არმია

მოგეხსენებათ, ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება, მაგრამ დღეს ინფორმაცია იმაზე უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მაშინ, ინტერნეტი რომ არ იყო. დიდი ფიქრი არ დაგვჭირდება იმისათვის, რომ ინფორმაციის ეს თვისება შეიძლება სასარგებლოდაც გამოვიყენოთ და საკუთარი თავი გავიპოპულარულოთ. ჰოდა, გადავწყვიტე, მომეძია გზები და  საშუალებები, რითაც ჩვენს ჟურნალს ცნობილს გავხდიდი.  ერთ მშვენიერ დღეს ინტერნეტში ხეტიალისას ვიდეოს გადავაწყდი, რომელიც მომიწოდებდა, გამევრცელებინა და ცნობილი გამეხადა მაქსიმალურად. რადგან ეს ჩემს გეგმებში არ შედიოდა, არც ვუყურე და არც გავავრცელე, ისე გავაგრძელე საქმიანობა. მაგრამ ვიდეო „არ მომეშვა“ და ახლა სხვა საიტიდან შემომძახა: შეჩერდი 30 წუთით და უყურე ვიდეოს! ჩვენ უნდა გავხადოთ Joseph Kony ცნობილი, რომ ათასობით ბავშვის სიცოცხლე და მომავალი გადავარჩინოთ!

ჯანდაბა! ვინ არის კონი? რატომ უნდა იყოს ცნობილი ის და არა მე? - ეს კითხვები ბუნებრივად გამიჩნდა, რადგან, რამდენადაც გვინდა ვიყოთ ცნობილები, იმდენად ვერ ვიტანთ ჩვენზე ცნობილ ადამიანებს. ვინაიდან ცნობილად ყოფნის სურვილი მაინცდამაინც არ მკლავს, შოკოლადისფერი ბინდი არ გადამკვრია გონებაზე და საღი აზრით დავიწყე ჟურნალისტური გამოძიება კონიზე და უხილავ ბავშვებზე.

Wednesday, February 29, 2012

ინტერნეტდამოკიდებულება - მითი თუ რეალობა?

ანუ, რა სარგებლობა მოაქვს ინტერნეტს

დღეს-დღეობით მთელ მსოფლიოში თითქმის ყველა ოჯახს აქვს სახლში კომპიუტერი და ინტერნეტი. უიმისოდ, ალბათ, შენც, მკითხველო, ცხოვრება ვერ წარმოგიდგენია.
ერთ მშვენიერ თუ არც ისე მშვენიერ დღეს, როცა ჯერ კიდევ არ იცოდა ხალხმა, რას ნიშნავდა სიტყვა „ინტერნეტი“, კომპიუტერული ტექნიკის ფასებმა იკლეს მთელ მსოფლოში.  ხალხმა მაშინვე აიტაცა და მაგიდის შუაგულში დაღვრილი რძესავით გავრცელდა მასებში. მოგვიანებით ინტერნეტიც ხელმისაწვდომი გახდა. ამ მოვლენამ საქართველოში ფესვები, დაახლოებით, 1995 წლიდან გაიდგა - აქაც დაიწყო ამ ტექნიკის „შემოყრა“ და გაბატონდა „ყოვლისშემძლე ინტერნეტი და კომპიუტერი“!
თავიდან ინტერნეტი დაბალსიჩქარიანი იყო და ტელეფონის ხაზზე იყო ჩამოკონწიალებული. შეხვიდოდი ინტერნეტში - ვერ დარეკავდი ტელეფონზე, დარეკავდი ტელეფონზე - ვერ შეხვიდოდი ინტერნეტში. კუსავით ზოზინა ინტერნეტს უზრუნველჰყოფდა მოდემი, რომელიც დაკავშირებისას გოჭივით ჭყივილს იწყებდა. დაკავშირების ნიშანი დუმილი იყო - იგი თქვენ გითმობდათ ასპარეზს კლავიატურაზე კაკუნისთვის MIRC-ის რომელიმე ოთახში, ჩატი იყო ერთგვარი, სადაც ათასობით შენნაირი იჯდა და საუბრობდა.

Tuesday, January 24, 2012

პოპულარულობის კალეიდოსკოპი, ანუ როგორ არ უნდა გახდე პოპულარული


ასე სანუკვარი პოპულარულობისაკენ მიმავალი გზა მოლიპულია. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ იჩქარებ, შეიძლება ფეხი აგიცურდეს და იქვე დაეცე, ან შეიძლება ისე აცურდე, რომ მთელი გზა სრიალ–სრიალით გაიარო წარმატებამდე ისე, რომ გონს მოსვლაც ვერ მოასწრო. როგორც წესი, ასე მიღწეულ წარმატებას ისევე თვალისდახამხამებაში კარგავენ, როგორც მიაღწიეს. ამიტომ ჟურნალი „მართლა შოკოლადი“ წარმატებისკენ მიმავლ გზაზე მოკლე, მაგრამ მყარ ნაბიჯებს ირჩევს და თქვენ, ძვირფასო მკითხველო, გთავაზობთ ცხოვრებისეულ მაგალითებს და გირჩევთ, თუ როგორ არ უნდა გახდეთ პოპულარული. გახსოვდეთ, პოპულარულობას გენიალური იდეები მოგიტანთ, ოღონდ სხვისი გენიალური იდეის გამეორების შემთხვევაში თქვენი გაპოპულარულების შანსი 10%–მდე მცირდება.

2012 წელი ჯერ არ იყო დამდგარი, რომ ინტერნეტს პოპულარულობის მაძიებელთა მთელი არმია მიაწყდა. ახლა განვიხილავთ რამდენიმე მათგანის მცდელობას, ავსახავთ რჩევაში და დანარჩენი თქვენ შეაფასეთ.