ჟურნალის ყდა — მაგიური და მიმზიდველი. თუ ოდესმე ჟურნალის ყდაზე მოხვდებით, იგრძნობთ, რომ ეს უბრალო ფოტო არ არის. ამით თითქოს მთელი ჟურნალი თქვენ გეძღვნებათ, მთელი ქვეყანა ნახავს თქვენს სურათს, ყველა შეგიყვარებთ და აქედან პოპულარულობამდეც ერთი ნაბიჯია. პოპულარულობა კი ის არის, რაც უმეტეს ჩვენგანს ასე ძალიან გვინდა და მისი გულისთვის უამრავ ოინბაზობას ჩავდივართ.
ჟურნალის ყდა მარტო თქვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, ის ჩვენი, ჟურნალების, სავიზიტო ბარათია. ლამაზად გაფორმებული ყდა ჟურნალის წარმატებას ნახევარია და სულაც არ აქვს მნიშვნელობა, სტატიები საინტერესო იქნება თუ არა. მაგალითისთვის „მართლა შოკოლადის“ პირველ ნომერს მოვიყვან, რომლის ყდაზეც თეთრკაბიანი აღშფოთებული გოგო ეხატა. დაკვირვებული მკითხველი მის შესახებ მხოლოდ იმას გაიგებდა, რომ შოკოლადებით დატვირთული ყვითელი იახტა აჩუქეს და ასე მოიგეს მისი გული, ხოლო შოკოლადებს ისევე შეჭამდა, როგორც თქვენ ანალოგიურ სიტუაციაში. მიუხედავად ამ იდუმალებისა, ჟურნალის პირველმა ნომერმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა. საქართველოს ყველა რეგიონიდან, განსაკუთრებით ბათუმიდან, გვირეკავდნენ და გვიგზავნიდნენ შოკოლადებს ამ არაჩვეულებრივი გოგონასთვის გადასაცემად. რადგან მისი კოორდინატები დაუდგენელია, შოკოლადები ჩვენს რედაქციაში ინახება და პატრონს ელის.

