Showing posts with label პროკურორი. Show all posts
Showing posts with label პროკურორი. Show all posts

Friday, June 1, 2012

მე, საძულველი პროფესიის ადამიანი 4

პროფესია მეოთხე: მე იურისტი

ბავშვობისას ბევრი გვიოცნებია, ვინ რა უნდა გამოვსულიყავით, მაგრამ რეალობა უფრო სასტიკია და ზოგი არათუ გახდა იმ პროფესიის ადამიანი, რაზეც ოცნებობდა, არამედ, შესაძლოა, შესძულდა კიდეც. მე ჩემთვის საძულველ პროფესიებს ჩამოვთვლი. ვერ ვიტან:
4. იურისტებს;
5.  პოლიტიკოსებს
და ყველა იმათ, ვისაც ადამიანებსა თუ საზოგადოებაზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ. ჩემი დაკვირვებით, ამ პროფესიის ადამიანების უმეტესობა ადამიანის სახეს კარგავს და სხვანაირები ხდებიან. ჟურნალისტები ფრენის თავისუფლებას კარგავენ და სირაქლემას ემსგავსებიან, ექიმები - გულქვა მგლებს, პოლიციელები - უხეშ მარტორქებს, იურისტები - ქედმაღალ აქლემებს, პოლიტიკოსები - უტიფარ კამეჩებს.
ლხინში ახირებული ჯეელივით ჯაჯღანა შესავალი კი გამომივიდა, მაგრამ ცხოველების შეურაცხყოფა სულაც არ მიფიქრია. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ცხოველი და პროფესიის ადამიანი მიყვარს და წარმატებებს ვუსურვებ. მე კი ვეცდები, ამ რუბრიკაში ყველა ცხოველისა და პროფესიის დადებითი მხარე დაგანახოთ. მათი კრიტიკა კი აუცილებელია, რათა ნაფერები კატასავით არ გაიტრუნონ.

– სუს! მოგიგებს აქლემი და მედიდურად გაუყვება უდაბნოსკენ მიმავალ ბილიკებს, თითქოს იცის, მის მეტი ვერავინ გაბედავს ყვითელ უდაბნოს გადალახვას. ამიტომაც ჰქვია ამ თავდაჯერებულ და ქედმაღალ არსებას „უდაბნოს ხომალდი“ და რადგან კაპიტანი თვითონაა, მუდამ დიდ გულზეა. აბა, გაბედეთ და არ დაემორჩილოთ, ან გააბრაზეთ?! უტიფრად შემოგაფურთხებთ.

მიუხედავად მისი ქედმაღლობისა, ადამიანები აქლემს დიდ პატივს სცემენ და თავიანთ ძმად მიაჩნიათ. ხშირადაც გამოსდგომიათ სასიმამროსთან სასურველ ქალბატონში გადასაცვლელად. როგორ გგონიათ, რით იმსახურებენ აქლემები ასეთ პატივს? გაგიკვირდებათ და სწორედ თავიანთი უტიფრობის გამო, რომელიც 1 ან 2 „სუს“–ად აჰკიდა უდაბნოში გზააბნეულმა ჯინმა მას შემდეგ, რაც აქლემისგან პასუხად „სუს“–ის გარდა ვერაფერი მოისმინა. ამ „სუს“–ს ჩვენ კუზს ვეძახით და სწორედ ეს არის მისი ღირსება – აქ ინახება აქლემის მიერ დაგროვებული სურსათ–სანოვაგე, უდაბნოს წარმატებით გადალახვის ერთადერთი გარანტი.