Showing posts with label სპაიდერმენი. Show all posts
Showing posts with label სპაიდერმენი. Show all posts

Sunday, April 1, 2012

მე, საძულველი პროფესიის ადამიანი 3


პროფესია მესამე: მე პოლიციელი

ბავშვობისას ბევრი გვიოცნებია, ვინ რა უნდა გამოვსულიყავით, მაგრამ რეალობა უფრო სასტიკია და ზოგი არათუ გახდა იმ პროფესიის ადამიანი, რაზეც ოცნებობდა, არამედ, შესაძლოა, შესძულდა კიდეც. მე ჩემთვის საძულველ პროფესიებს ჩამოვთვლი. ვერ ვიტან:
3.   პოლიციელებს;
4.    იურისტებს;
5.    პოლიტიკოსებს
და ყველა იმათ, ვისაც ადამიანებსა თუ საზოგადოებაზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ. ჩემი დაკვირვებით, ამ პროფესიის ადამიანების უმეტესობა ადამიანის სახეს კარგავს და სხვანაირები ხდებიან. ჟურნალისტები ფრენის თავისუფლებას კარგავენ და სირაქლემას ემსგავსებიან, ექიმები - გულქვა მგლებს, პოლიციელები - უხეშ მარტორქებს, იურისტები - ქედმაღალ აქლემებს, პოლიტიკოსები - უტიფარ კამეჩებს.
   ლხინში ახირებული ჯეელივით ჯაჯღანა შესავალი კი გამომივიდა, მაგრამ ცხოველების შეურაცხყოფა სულაც არ მიფიქრია. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ცხოველი და პროფესიის ადამიანი მიყვარს და წარმატებებს ვუსურვებ. მე კი ვეცდები ამ რუბრიკაში ყველა ცხოველისა და პროფესიის დადებითი მხარე დაგანახოთ. მათი კრიტიკა კი აუცილებელია, რათა ნაფერები კატასავით არ გაიტრუნონ.

მარტორქის უხეშობაზე ჯერ კიდევ ბავშვობიდან გაიგებდით. პირადად მე რადიარდ კიპლინგმა მიამბო, თუ როგორ შეუჭამა მარტორქამ ნამცხვარი ერთ ეთიოპელს, რომლის ბრჭყვიალა ქუდიც მართლაცდა აღმოსავლური ბრწყინვალებით ირეკლავდა მზის სხივებს.  თან, არამარტო შეუჭამა, არამედ სამზარეულო და ღუმელიც მიუნგრ-მოუნგრია, რომლის დანთების ნებასაც რთავდა ხოლმე დედა, და კუდის კმაყოფილი ქიცინით წავიდა საბანაოდ.
სიუხეშისა და გაბარიტების გამო მარტორქას ბევრი ცხოველი ერიდება, მაგრამ ბოროტი სულაც არაა. იგი ბალახისმჭამელი ცხოველია და მის პერიმეტრზე წესრიგის დაცვა უყვარს. მაგალითად, თუ დაინახა დაუდევრად დანთებული კოცონი, მივარდება და ჩააქრობს, ორი ცხოველი თუ ჩხუბობს და მარტორქა გამოჩნდა, მაშინვე გაშველდებიან...