Showing posts with label პოლიტიკოსი. Show all posts
Showing posts with label პოლიტიკოსი. Show all posts

Monday, July 1, 2013

რედაქტორის ფურცელი: წერილი საპყრობილედან



გამარჯობა, მკითხველო. ახლა შენ კითხულობ „მართლა შოკოლადის“ მე-10 ნომერს და ალბათ, გიკვირს, ეს ჟურნალი ხომ დაიხურა უკვეო. მართალი ხარ, მაგრამ ხელახლა გახსნას რა უნდა? ჰოდა, აგერ ახალი ნომერიც, რომლის გამოშვებაც ბევრმა ფაქტორმა განაპირობა... ამის გამო, ჟურნალი მეტად პოლიტიკით გაჟღენთილი გამოვიდა, მაგრამ შევთანხმდეთ - პოლიტიკას სრულად ვერ ავუქცევთ გვერდს და სჯობს თვალი გავუსწოროთ, ვიდრე სოროში მივიმალოთ (თუმცა, იქაც მოგვწვდება მაინც).
უპირველეს ყოვლისა, ყველა პუბლიცისტობას და ჟურნალისტობას იბრალებს, ისე წერენ რაც თავად უნდათ, მე და ჩემი კოლეგები არ დავიბრალებთ და ისე დავწერთ, რა დაშავდება?! სამაგიეროდ, ყოვლად მიუკერძოებელი აზრი იქნება, რადგან არავინ გვაფინანსებს და რომც გვაფინანსებდნენ, ვთვლი, რასაც სწორად მივიჩნევთ, იმას დავწერდით მაინც.
გააქტიურების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია, ალბათ მიხვდით, ციხის ამბები. მე და ჩემი თანამოაზრეები ამ კადრების გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე ვრეაგირებდით ციხეებიდან გამოჟონილ ჭორებსა თუ ფაქტებზე პატიმრების წამების შესახებ. მაგრამ ხელისუფლებისგან სრულ იგნორთან ერთად, ხელისუფლების მომხრეებისგან დაცინვისა და თემის გაუბრალოების მცდელობების ატანა გვიწევდა (ჰო-ჰო, [რაღაცჟურნალი] რომ დაწერს, როგორ უნდა ენდოო). ახლა, მიუხედავად იმისა, რომ კადრები დაიდო, ზოგს მაინც ჰგონია, რომ მაშინდელი მმართველი პარტია კი არა, რამდენიმე შემოპარული აწამებდა ხალხს და იღებდა ვიდეოფირზე. მომხრეების ნაწილი კი გაემიჯნენ ამ ამბებს (?), თუმცა მაღალჩინოსნების დაკავებაზე მაინც ერთ ამბავს ტეხენ - პოლიტიკური დევნააო!

ბოდიში, თქვენ გელით საკანი, ანუ გალიაში ბულბულები ზიან?



„პოლიტიკა არ მაინტერესებს, არაა პოლიტიკა ჩემი საქმე“ – ხშირად გაიგონებდით ამ ფრაზას 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე. წინა ნომრებში სტატიაში, "მე პოლიტიკოსი", ვწერდი, რომ შეუძლებელია პოლიტიკას გვერდი აუარო სრულიად უწყინარ სიტუაციებშიც კი. ამიტომ მიკვირდა ასეთი ხალხის, როგორ შეიძლება არ  შეგტკიოდეს გული ქვეყანაზე. ბრჭყვიალა შუშის შენობებზე, უყაირათნოდ დაგებულ გზებზე და შადრევნებზე კი არა, იმ ხალხზე, ვინც შენს ქვეყანაში ცხოვრობს. არადა, მართლა ცუდად იყო ჩვენი საქმე არჩევნებამდე. ციხეებში პატიმრების წამებაზე რომ არაფერი ვთქვათ, გარეთ მყოფებსაც არ გვადგა კარგი დღე: ვიღაცას უბნის ინსპეტქორი სტუმრობდა და ოპოზიციურად განწყობილი მეზობლების ჩამოთვლას სთხოვდა, მერე მათთვის რაიმე აკრძალული ნივთის ჩადებას სთხოვდნენ, ვიღაცას ქონებას უყადაღებდნენ ოპოზიციისთვის „ზედმეტი“ თანხის  შეწირვის გამო და ა.შ. აღარ გავაგრძელებ.
არჩევნების მერე თითქოს სიტუაცია შეიცვალა და ყოფილი მთავრობის 9 წლიანი მმართველობის დროს ჩადენილი სხვადასხვა ქმედებები დამსხვრეული გემის ნაფოტებივით გამოირიყა იურიდიული ოკეანის ნაპირზე. ეს ნაფოტები სამხილებია ეჭვმიტანილი (გავადიპლომატიურე) ნაციონალური მოძრაობის წევრებისა, ჩემი აზრით, ძალიან ბევრ დანაშაულში. შეიძლება ვიდავოთ, რომელია მყარი სამხილი და რომელი არა, ან სწრაფად თუ სრულდება სამართალი, მაგრამ მოულოდნელად გააქტიურდა საზოგადოების ის ნაწილი, ზემოთჩამოთვლილი ფაქტებისდროინდელი პოლიტიკა რომ არ აინტერესებდათ. ნორმალურ შემთხვევაში მისასალმებელია საზოგადოების გაააქტიურება, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ახალგამოჩეკილებს აქცენტი სულ სხვა თემებზე გადააქვთ...

Friday, October 12, 2012

მე, საძულველი პროფესიის ადამიანი 5



პროფესია მეხუთე: მე პოლიტიკოსი

ბავშვობისას ბევრი გვიოცნებია, ვინ რა უნდა გამოვსულიყავით, მაგრამ რეალობა უფრო სასტიკია და ზოგი არათუ გახდა იმ პროფესიის ადამიანი, რაზეც ოცნებობდა, არამედ, შესაძლოა, შესძულდა კიდეც. მე ჩემთვის საძულველ პროფესიებს ჩამოვთვლი. ვერ ვიტან:
5.  პოლიტიკოსებს.
და ყველა იმათ, ვისაც ადამიანებსა თუ საზოგადოებაზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ. ჩემი დაკვირვებით, ამ პროფესიის ადამიანების უმეტესობა ადამიანის სახეს კარგავს და სხვანაირები ხდებიან. ჟურნალისტები ფრენის თავისუფლებას კარგავენ და სირაქლემას ემსგავსებიან, ექიმები - გულქვა მგლებს, პოლიციელები - უხეშ მარტორქებს, იურისტები - ქედმაღალ აქლემებს, პოლიტიკოსები - უტიფარ კამეჩებს.
ლხინში ახირებული ჯეელივით ჯაჯღანა შესავალი კი გამომივიდა, მაგრამ ცხოველების შეურაცხყოფა სულაც არ მიფიქრია. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ცხოველი და პროფესიის ადამიანი მიყვარს და წარმატებებს ვუსურვებ. მე კი ვეცდები, ამ რუბრიკაში ყველა ცხოველისა და პროფესიის დადებითი მხარე დაგანახოთ. მათი კრიტიკა კი აუცილებელია, რათა ნაფერები კატასავით არ გაიტრუნონ.


„კამეჩო“-ო, თუ ვინმემ მოგმართათ, თქვენს აღშფოთებას საზღვარი არ ექნება! მართლაც, როგორ აიტანთ თავი წარმოიდგინოთ ზორბა, მოუხეშავი, ტლანქი, მუქი ფერის ცხოველის ადგილას, რომელსაც სიზარმაცის გამო ლაფში ჩაფლული ურემი შინ მიტანილი ჰგონია? მაგრამ არ იქნება სწორი, ისიც არ გაიფიქროთ, რომ შესაძლოა, კამეჩიც ვერ აიტანდა თქვენნაირ სუფთა, კეთილსურნელოვან და მომღიმარ არსებასთან შედარებას. ზოგი კამეჩი ამ თემაზე სდუმს, ხოლო ზოგი მკვეთრად გამორჩეული რეაქციით გვპასუხობს - სარქენად გვეტანება ან  გვიფრთხის...

სინამდვილეში არ გვაქვს არანაირი საბაბი, „კამეჩობა“ ვიუკადრისოთ. ის, ვინც ამ ეპითეტით ჩვენს დაკნინებას ცდილობს, საქმეში ჩაუხედავია და არ იცის, რომ კამეჩი მეტად პუნქტუალური, მოწესრიგებული, გონიერი და გუნდური პრინციპის ცხოველია. მათ მკვეთრად გამოხატული ხასიათი აქვთ, რაც თითოეული კამეჩის ინდივიდუალურობას განაპირობებს. თამამად შეგიძია კამეჩებს სახელებით მიმართოთ და „ელაპარაკოთ“, ოღონდ ფრთხილად, რადგან ისინი ინტონაციებს არჩევენ და თუ არაკორექტულად მიმართავთ, შეიძლება გაანაწყენოთ.