Friday, June 1, 2012

რედაქტორის ხე (არყის ხე)

თითქმის შეუსრულებელი ნისია


ჟურნალის გამოსვლის დრო კი არ მოდის, მიდის... მთელი ვარდობისთვე ჩაგვივარდა, ხან საქეიფოდ ვიყავით, ხან – უქეიფოდ, ხან – ძალიან დაკავებული, ხან – ზარმაცობის ზენიტში და მიილია მაისიც. ისე, ბილ გეიტსმა თქვა, ვცდილობ სამსახურში ზარმაცები ავიყვანო, რადგან საქმეების მარტივად მოგვარებას ცდილობენო. ცხადია, მეც შემიძლია იგივე გავაკეთო, მაგრამ თავად ვარ ზარმაცი და თავად ვცდილობ, მარტივი გამოსავალი ვნახო, რომ ჟურნალი როგორმე ვაცოცხლო.

ამბობენ, სიმართლეს ლამაზი თვალები აქვსო, ჰოდა, ჩვენც ჩავხედოთ და ვთქვათ, რომ ეს თვე ძალიან დაკავებული ვიყავი. მოგეხსენებათ, ამ ჟურნალზე არ ვმუშაობთ ჟურნალისტები. შესაბამისად, ჩვენ–ჩვენი საქმიანობაა პირველ რიგში მისახედი და ჟურნალისთვის დრო ცოტა, ან არ გვრჩება. საქმის გამოსასწორებლად ნამდვილი ჟურნალისტიც მივიღეთ კოლეგიაში და ექიმიც (ყოველი შემთხვევისთვის), მაგრამ საწყალ კაცს ქვა აღმართშიც მიეწევაო – ნამდვილი ჟურნალისტის მიერ დაწერილი სტატია დამეკარგა იძულებული გავხდი წაკითხულის შინაარსი დამეწერა.

1 ივნისისთვის, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ჩვენმა ჟურნალმა კონკურსი გამოაცხადა ბავშვთა ნახატებზე. რედაქციაში უამრავი ნახატი მოვიდა, რომელიც შოკოლადში გადავუცვალეთ ავტორებს და მკითხველს საშუალება მივეცით ექვს(6)კლუზიურად გაცნობოდნენ მათ და თავადაც მიეღოთ შოკო-კონკურსში მონაწილეობა.

სად დაიხატა ტიმატიმ ხინკალ-ჩალაღაჯ ტატუ


და რა გადახდა თავს 1995 თუ 96 წლებში ყაზახეთში?

საქართველო ოდითგან იყო სტუმართმოყვარეობით განთქმული ქვეყანა, მაგრამ ამ ბოლო დროს სტუმრებმა, უცხოური შოუ–ბიზნესის წარმომადგენლებმა, ჩვენთან სიარულს მოუხშირეს, რაც ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაზე დადებითად ისახება. ჩვენმა ჟურნალმა შოუ–ბიზნესის წარმომადგენლების სტუმრობის სტატისტიკა შეადგინა და აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტჯერ მზიურ საქართველოს ტიმატი სტუმრობდა, რომელიც ამა წლის მაისში მეხუთეჯერ გვეწვია და რომელიც მისი ტატუებითაა ცნობილი – ჩემი სკოლის დროინდელი რვეულივითა აქვს გადაჯღაბნილი ყველაფერი (ალბათ, ყველაფერი). რომ გავიგე, ჩამოდიოდა, მე, „მართლა შოკოლადის“ მართლა ჟურნალისტმა, მარუსამ, თმა წითლად გადავიღებე და ტიმატის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გავეშურე, რათა ჩვენი მკითხველისთვის ინფორმაცია ობიექტურად მიმეწოდებინა მისი ტატუების შესახებ.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, გახდა რა,  ტიმატიმ თავისივე საინფორმაციო ღრუთი აღიარა, რომ მის სხეულზე ყოველი ტატუ მისთვის საყვარელ ან მნიშვნელოვან რამეს აღნიშნავდა. მან ასევე სიყვარული აუხსნა ქართულ სამზარეულოსაც, ამიტომ ეჭვი გვქონდა, რომ სადმე ხინკლის ან ჩალაღაჯის ტატუს დაიხატებდა და ჩვენი მისიაც სწორედ ამ ტატუს ფირზე აღბეჭდვა იყო. თუმცა, იმედი გაგვიცრუვდა – მზისა და ვარდების მხარეს საკმაოდ ჩაფუთნული სწვეოდა „შავი ვარსკვლავი“ და კისრის მალებისა და თითების ტატუს მეტი არაფერი უჩანდა.

მე, საძულველი პროფესიის ადამიანი 4

პროფესია მეოთხე: მე იურისტი

ბავშვობისას ბევრი გვიოცნებია, ვინ რა უნდა გამოვსულიყავით, მაგრამ რეალობა უფრო სასტიკია და ზოგი არათუ გახდა იმ პროფესიის ადამიანი, რაზეც ოცნებობდა, არამედ, შესაძლოა, შესძულდა კიდეც. მე ჩემთვის საძულველ პროფესიებს ჩამოვთვლი. ვერ ვიტან:
4. იურისტებს;
5.  პოლიტიკოსებს
და ყველა იმათ, ვისაც ადამიანებსა თუ საზოგადოებაზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ. ჩემი დაკვირვებით, ამ პროფესიის ადამიანების უმეტესობა ადამიანის სახეს კარგავს და სხვანაირები ხდებიან. ჟურნალისტები ფრენის თავისუფლებას კარგავენ და სირაქლემას ემსგავსებიან, ექიმები - გულქვა მგლებს, პოლიციელები - უხეშ მარტორქებს, იურისტები - ქედმაღალ აქლემებს, პოლიტიკოსები - უტიფარ კამეჩებს.
ლხინში ახირებული ჯეელივით ჯაჯღანა შესავალი კი გამომივიდა, მაგრამ ცხოველების შეურაცხყოფა სულაც არ მიფიქრია. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ცხოველი და პროფესიის ადამიანი მიყვარს და წარმატებებს ვუსურვებ. მე კი ვეცდები, ამ რუბრიკაში ყველა ცხოველისა და პროფესიის დადებითი მხარე დაგანახოთ. მათი კრიტიკა კი აუცილებელია, რათა ნაფერები კატასავით არ გაიტრუნონ.

– სუს! მოგიგებს აქლემი და მედიდურად გაუყვება უდაბნოსკენ მიმავალ ბილიკებს, თითქოს იცის, მის მეტი ვერავინ გაბედავს ყვითელ უდაბნოს გადალახვას. ამიტომაც ჰქვია ამ თავდაჯერებულ და ქედმაღალ არსებას „უდაბნოს ხომალდი“ და რადგან კაპიტანი თვითონაა, მუდამ დიდ გულზეა. აბა, გაბედეთ და არ დაემორჩილოთ, ან გააბრაზეთ?! უტიფრად შემოგაფურთხებთ.

მიუხედავად მისი ქედმაღლობისა, ადამიანები აქლემს დიდ პატივს სცემენ და თავიანთ ძმად მიაჩნიათ. ხშირადაც გამოსდგომიათ სასიმამროსთან სასურველ ქალბატონში გადასაცვლელად. როგორ გგონიათ, რით იმსახურებენ აქლემები ასეთ პატივს? გაგიკვირდებათ და სწორედ თავიანთი უტიფრობის გამო, რომელიც 1 ან 2 „სუს“–ად აჰკიდა უდაბნოში გზააბნეულმა ჯინმა მას შემდეგ, რაც აქლემისგან პასუხად „სუს“–ის გარდა ვერაფერი მოისმინა. ამ „სუს“–ს ჩვენ კუზს ვეძახით და სწორედ ეს არის მისი ღირსება – აქ ინახება აქლემის მიერ დაგროვებული სურსათ–სანოვაგე, უდაბნოს წარმატებით გადალახვის ერთადერთი გარანტი.

ანა და მზე


ჩემს მაგიდაზე ტელეფონი წკარუნებს.
პატარა დისშვილი მირეკავს დედას არ ცალია, წამიყვანე, რა, მზიურში.
რატომ, მაინცდამაინც მზიურში? მიკვირს მე. მერე მახსენდება, რომ პირველი ივნისია, ბავშვების დღე, რა გასაკვირია, გასეირნება მოუნდა პატარას. ვპირდები, გამოგივლი-მეთქი და ტელევიზორის წინ, პულტით ხელში შეუმჩნევლად მეძინება.


სიზმრად ვიღაც გოგონას ვხედავ.
შავი თმა აქვს და დიდრონი თვალები.
ბავშვობიდან ვხატავდი _ ამბები ხშირად იწყება ასე. მინდა, სხვანაირად დავიწყო, მაგრამ ეს ამბავი მაინც ასე იწყება: ანა გოგუაძე ბავშვობიდან ხატავდა.
ერთხელ, თავისი ნახატები მის ერთ საყვარელ ადამიანს _ ნინო ქათამაძეს აჩვენა.
ფოტოების გადაღება არასოდეს გიცდია? ჰკითხა ნინომ, მგონია, კარგად გამოგივა.
ფოტოები! რატომაც არა!

პირველ კადრად ანამ ნინოს ხელები გადაიღო.

ხეები უკუღმართ ქვეყანაში


არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო...  და მართლაც, მწყერი ხეზე არ ჯდება, მაგრამ, ვაითუ, მოხდეს სასწაული და მწყერი ხეზე შეჯდეს, არ უნდა ვიყოთ დაცული? ამიტომაც ხეები უნდა მოვჭრათ, რათა სასწაულის მოხდენის შემთვევაში, მოსახლეობის ყოველგვარი ხიფათი ავარიდოთ!!!
 დაახლოებით ამგვარი აბსურდული მიზეზი შეიძლება მოუძებნო ხეების მასიურ გაჩეხვას, რომელიც „სულ რაღაც 7 ხე მოიჭრა, მერე რა“ ან „ღობეს ჩხირი, ღობეს ჩხირი“–ს პრინციპით ათასებამდე ავიდა.
 მართლა შოკოლად ჯერ კიდევ კიკვიძის ბაღის გაჩეხვის დროს ცდილობდა მერიის მაღალჩინოსნებთან დაკავშირებას და ხეების ჭრის ნებართვის მოძიებას, მაგრამ, მიუხედავად ბევრი მცდელობისა, შედეგს ვერ მიაღწია... ბოლოს გადავწყვიტეთ, ინფორმაცია უშუალოდ საქმის შემსრულებლებისგან მიგვეღო და ჩვენი კორესპონდენტი, ალიკა ტოტებაძე, ერთერთ ისმჭრელს, ვინმე კირილე ცულაძეს, იგივეცულას" გაესაუბრა.
 გამარჯობა, ბატონო კირილე! მოდით, პირდაპირ  კითხვით მოგმართავთ: რას ერჩით ამ ხეებს, რატომ ჭრით ასე განუკითხავად? რამე დაგვიშავა?
   ზდაროვა... როგორ თუ რა დაგვიშავა? განა, თქვენ არ გიშავებთ? ლამაზმა ქალმა რომ ქუჩაში ჩაიაროს, თვალი რომ გავაყოლო და ხეს მოეფაროს, არ უნდა ამოვგლიჯო ძირფესვიანად?! არ უნდა გავჩეხო?! ეგღა მაკლია, ქალის სილამზით ტკბობაში ხე გადამეღობოს!!!

საბავშვო ნახატების ექვს(6)კლუზიური გამოფენა.

ჟურნალმა, "მართლა შოკოლადი", ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან, 1 ივნისთან დაკავშირებით კონკურსი მოაწყო კოდური სახელწოდებით "პატარა ვან გოგი". ამისთვის მათ წინასწარ ვაჩუქეთ სახატავი ინვენტარი და ვთხოვეთ, დაეხატათ რაც უნდოდათ. რადგან ყველა ნახატი ექვს(6)კლუზიური გამოვიდა, ამიტომ გამარჯვებულად ყველა ბავშვი გამოვლინდა და ყველა მათგანს გადაეცა ლარების ექვივალენტი შოკოლადში.

მკითხველებისთვის კი კონკურსი! ვინც საუკეთესო სახელს დაარქმევს 1 სურათს მაინც, დაჯილდოვდება შოკოლადით!

პირობა ასეთია: სურათებს აქვს ნომერი. კომენტარში წერთ სასურველ ნომერს და სასურველ სახელს. სასურველია, უსათაურო სურათზე მოიფიქროთ, მაგრამ თუ მაინცდამაინც უკვე დასათაურებულ სურათზე მოგინდათ ახალი სათაურის დარქმევა, არაა პრობლემა, დაწერეთ სურათის ნომერი და თქვენი ვერსია. კომენტარის დაწერისას, თუ დარეგისტრირებული არ ხართ, აირჩიეთ NAME/URL და ჩაწერეთ თქვენი სახელი ან ნიკი. ვებ გვერდი შეგიძლიათ არ შეავსოთ.

დასათაურებული სურათების რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა, არც პრიზის რაოდენობა გაიზრდება ამით (იმაზე მეტს ხომ ვერ შეჭამთ, ვიდრე თქვენი კუჭი დაიტევს?). ასე, რომ 11 გამარჯვებული იქნება და ყველას ერგება შოკოლადი. კონკურსი გაგრძელდება 2012 წლის 25 აგვისტომდე.

პრაქტიკული მათემატიკა (1 ნაწ.)


ვიწყებთ ახალგაზრდა, ნიჭიერი, მაგრამ უცნობი მწერლის ნაწარმოების გამოქვეყნებას. მოთხრობა დაიწერა 2003 წელს და 2012 წლამდე მხოლოდ ერთ ეგზემპლარად და ორ ასლად იყო მთელ მსოფლიოში გავრცელებული. ერთი ასლი ბოროტ ადამიანს ჩაუვარდა ხელთ, მეორე – ჩვენ, ხოლო დედანი – ავტორს. ფანტასტიკური ჟანრის ამ ნაწარმოებში აღწერილია არც ისე ოროსანი ბიჭის თავგადასავალი, რომელიც საკუთარმა თავმა მომავლიდან მოიტაცა და მასზე, ანუ საკუთარ თავზე ცდის ჩატარება დააპირა. „მათემატიკა“ – ეს საზარელი სახელი ნუ შეგაშინებთ! სიტყვა „პრაქტიკული“ ცდილობს ეს საგანი სხვა კუთხით დაგვანახოს, ვინ იცის, იქნებ მერე თქვენც შეგიყვარდეთ მათემატიკა და წარმატებებს მიაღწიოთ.


ამბობენ, ზეცაში ადამიანის ცხოვრების წიგნი იწერება, რომელშიც ადამიანიც ცხოვრების სურათებია ჩაწერილი და რომელსაც ვერ შეცვლიო. მე ამ აზრს არ ვეთანხმები და ვფქრობ, კონკრეტულ სიტუაციებში ჩვენი ქცევა განაპირობებს ჩვენსავე მომავალს. ამიტომ, როცა რაიმეს ვაპირებ ასერთჯერ ვზომავ დაკვირვებით და ვრწმუნდები, გაჭრა საჭირო არ არის.

მე ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვიყავი ბავშვებისთვის დამახასიათებელი „ჩვეულებრივი“ ოცნებებით. ჩვეულებრივიო, რომ ვამბობ, ძალიან ზოგადი დახასიათებაა. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ ვხელმძღვანელობდი პრინციპით: „როცა სუყველა არის მართალი, მე მირჩევნია ვიყო მტყუანი“. ძალიან მინდოდა, ვყოფილიყავი ყველასგან გამორჩეული, რის გამოც ზოგჯერ ისეთ უცნაურ რამეებს ვაკეთებდი, რომ ყველას გიჟი ვეგონე, ზოგი დამცინოდა კიდეც. მე კი ვოცნებობდი, გამეკეთებინა ისეთი რამ, რაც ჯერ არავის გაუკეთებია დედამიწის ზურგზე. რაც დრო გადიოდა, მით უფრო მეტს ვოცნებობდი, ვიდრე მეგორებთან ვურთიერთობდი. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა შემექმნა და პრობლემებს არავის ვუზიარებდი, თვითონ ვცდილობდი მათ გადაჭრას. ნელ-ნელა ჩამომშორდნენ მეგობრები. მათი ადგილი წიგნებმა დაიკავეს. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ... მაგრამ მოდით,  მოვყვეთ თავიდან.

უკანასკნელი იმპერატორი (მე-5 სერია)


ემიგრაციის გამომწვევი მიზეზი მხოლოდ ეკონომიურ მდგომარეობას არ უკავშირდება. იგი დღემდე ამოუცნობია, რადგან ვენესუელას ბევრი მკვიდრი ემიგრაციაში იმყოფებოდა იმ დროს, როცა შეეძლოთ ვენესუელის ნამდვილი ვარსკვლავები ყოფილიყვნენ და უზრუნველად ეცხოვრათ. ისინი არამარტო სამუდამოდ წავიდნენ ქვეყნიდან, არამედ საღამოობით, თუნდაც ერთი ღამით, ჩამოსვლაზეც კი უარს ამბობდნენ...

ერთ-ერთი ყველაზე ჯიუტი ემიგრანტი იყო Jamiro, ვენესუელელი ვარსკვლავთ-ბიჭუნა. იგი ვენესუელის იმპერატორის ინაუგურაციის დროს უკვე ემიგრაციაში იმყოფებოდა გაურკვეველი მიმართულებით. მისი ერთადერთი და განუმეორებელი მეუღლის, სინიორიტა Tamusii-ს ცნობით, მოგზაურობდა მთელ მსოფლიოში და თავს კარგად გრძნობდა. მიუხედავად იმისა, რომ Jamiro-ს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, იგი მეუღლის ერთგული იყო, თუმცა ვენესუელაში არაფრისდიდებით არ ჩამოდიოდა და Tamusii-ს იაჰუდან ეკურკურებოდა ხოლმე.