Showing posts with label სახურავი. Show all posts
Showing posts with label სახურავი. Show all posts

Wednesday, February 29, 2012

კარლასა და ბიჭუნას გასტრონომიული მოთხოვნილებები

გაკვირვებული შეჰყურებდა ბიჭუნა იდუმალ სტუმარს, უკვირდა საიდან გაჩნდა ეს გოგონა აქ. განსაკუთრებით კი მისი კაბა აოცებდა, ჭრელაჭრულა კაბა ახალგაღვიძებულ თვალებს ჭრიდა:
-გაიღვიძე პატარავ? - ჰკითხა იდუმალმა სტუმარმა და გადაიკისკისა.
-ვინ ბრძანდებით? - გაკვრივებულმა ბიჭუნამ კითხვაზე კითხვით უპასუხა.
-მე კარლა მქვია, შენ? - ეშმაკური თვალები მიანათა ბიჭუნას.
-მე...  ბიჭუნა - ეშმაკურად გაუღიმა კარლას.
-შენ ხარ ჩემი ახალი მეზობელი? - მხიარულად თქვა კარლამ - ყველაზე ძალიან რა გიყვარს?
-შოკოლადი - სერიოზულად უპასუხა ბიჭუნამ.
- რა დამთხვევაა! - წამოიძახა კარლამ, - მეც ყველაფერს შოკოლადი მირჩევნია, გაქვს შოკოლადი?
-არა, არ მაქვს - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ბიჭუნამ - მშობლები არ მაჭმევენ...
კარლა ჩაფიქრდა, ბიჭუნა გაკვრივებული მიშტერებოდა:
-მოვიფიქრე! - წამოიძახა კარლამ, - შოკოლადი უნდა მოვიპაროთ, ჩვენც ვჭამოთ და სხვა ბავშვებსაც ვაჭამოთ, რომლებსაც მშობლები უშლიან.
-მართალია ! - შეჰყვირა ბიჭუნამ და ცქმუტვა დაიწყო, - მაგრამ, რა უნდა გავაკეთოთ? - დაეჭვდა ბიჭუნა.
-ადვილია - თქვა კარლამ - თოკი  და ბინოკლი დაგვჭირდება.
-რატომ? - ჩაეკითხა ბიჭუნა.
- გეგმა მაქვს! - და ბიჭუნას ჩურჩულით აუხსნა, რომ ჩვენ ვერ გაგვეგონა.

Sunday, February 12, 2012

სახურავის ბინადარი კარლასა და ბიჭუნას თავგადასავალი


გადავწყვიტე, სტატიის ნაცვლად ზღაპარი დამეწერა. ზოგისთვის სასაცილო, ზოგისთვის სასიამოვნო და ზოგისთვის სისულელე, მკითხველი ხომ ათასგვარია. პირველად როცა დავფიქრდი, თუ რა და როგორ დამეწერა, ერთმა გარემოებამ ჩამაფიქრა, რა დროში უნდა განვითარებულიყო მოვლენები? ერთი პირობა კი ვიფიქრე წარსულზე დამეწერა, რადგან  წარსულში ხომ ყველაფერი უფრო ლამაზი და ფერადია, მაგრამ ბოლოს არჩევანი დღევანდელი თბილისის ერთი ბინის სახურავზე შევაჩერე და ერთი თბილისელი ბიჭუნა ვაქციე გმირად, რომლის ცხოვრებაც საოცრად მოსაწყენია, მის ლამაზ სამყაროს კი ეპოქა აბინძურებს. ალბათ, გგონიათ, ეპოქის პრობლემატიკაზე საუბრით მოგაწყენთ თავს... არა, ცდებით! უბრალოდ, მინდა ნახოთ თუ როგორ შეგვიძლია გავულამაზოთ ერთმანეთს ცხოვრება, მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი წარმავალია, როგორ გავახაროთ სითბოს ნაყოფი გულში და სამუდამო  მოგონებად დავუტოვოთ ერთურთს.

ყველა ადამიანს, რაოდენ რეალისტიც არ უნდა იყოს იგი, სჯერა რაღაც საოცრების არსებობის და აქვს თავის პატარა სამყარო, სადაც ყველაფერი ლამაზი და ფერადია... ჩვენს ბიჭუნასაც აქვს თავისი სამყარო – იგი   მსუნაგი თბილისელი ბიჭუნაა, რომელსაც შოკოლადი ძალიან უყვარს, მაგრამ მშობლები შოკოლადის ჭამას უშლიან.