„საქართველოს ისტორიაში მე პირველი პრემიერი
ვარ პატიმრობაში და ვამაყობ ამით“
- ვანო მერაბიშვილი.
საზოგადოებას ჯერ კიდევ არ განელებოდა რა ბაჩანა ახალაიას, ანუ ყოფილი ციხეების უფროსის, ჩამოლაბორან- ტება-დაპატიმრება, მეორე თავზარდამცემი ამბავი დაატყდა თავს - ქვეყნის „ხერხემალი“ კუდუსუნის ძვლად ტრანსფორმირდა ციხის ვიწრო ოთახში. ყოფილი პრემიერ-მინისტრი, უფრო ადრე - შინაგან საქმეთა მინისტრი, ანუ ციხეში გამშვები, ვანო მერაბიშვილი, იგივე ლევან მაისურაძე, იგივე „ხერხემალი“, ახლა თვითონ გაუშვეს ციხეში. საინფორმაციო გამოშვებები შოკისმომგვრელ სიახლეებს ატყობინებდნენ ხალხს: „პრემიერი დაკავებულია“, „უპრეცედენტო პოლიტიკური დევნა“ და ა.შ. განსაკუთრებული ხმის თრთოლვითა და სევდანარევი ბგერებით, რუსთავი 2-მა დაგვამახსოვრა თავი.
რა თქმა უნდა, შოკისმომგვრელ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ საზოგადოების დიდ ნაწილს, ასე 500–700 ადამიანს, მართლაც ტკივილი და ცრემლი მოუტანა ყოფილი პრემიერის დაკავებამ. დაკავებიდან რამოდენიმე წუთში, ნაციონალური მოძრაობის მყისიერი ბრიფინგი გაიმართა, სადაც ფერწასული თანაგუნდელები, ცრემლშემშრალი სიბრაზით გაიძახოდნენ – ეს პოლიტიკური დევნაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი დავალებით ხორცილდებაო.
ნიშანდობლივია, რომ ბრიფინგზე არ გამოჩენილა ნაციონალური მოძრაობის ერთერთი კორიფე კობა ხაბაზი. ჯერჯერობით უცნობია, ემიჯნება თუ არა ბატონი კობა არსებულ რეალობას. უღიმღამო ბრიფინგმაც და თავდაპირველმა ეიფორიამაც ჩაიარა, მაგრამ მეორე დღეს, როგორც კი მამალმა იყივლა, დაიწყო არნახული საპროტესტო აქციები. პროტესტმა, ჯერ მთელი სოციალური ქსელი მოიცვა. ნაციონალური მოძრაობის განრისხებული მხარდამჭერები სხვადასხვა ფორმით აფიქსირებდნენ ვირტუალურ პროტესტს. გთავაზობთ ციტატებს ჩემი Facebook კედლიდან:

