Showing posts with label ვეფხისტყაოსანი. Show all posts
Showing posts with label ვეფხისტყაოსანი. Show all posts

Monday, April 1, 2013

ვაშლის და მსხლის ღვინის რეცეპტი 2


ნინო ხოფერიას „საოჯახო წიგნის“ მიხედვით

ნაწილი მსხალი


მე უტვინო ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი,
ვის ჰმორჩილებს ჯარი ბაღნთა, მისთვის ვხელობ ცოცხალმკვდარი,
დაიფანტოს სიავდრე და დამდგარიყოს კარგი დარი,
კვლა ვიტყვი, რომ რუსთველთანა არა ვარ მე შესადარი.

მინდოდა მეთავებინა და შემეწყვიტა მე ლექსი,
მარა მნებს, რომ მე დავწერო მსხლისა ღვინისაც რეცეპტი,
ვითხოვ შეწევნას თქვენგანა, დამრთოთ უტვინოს მე ნები,
სხვა რა უნდა ვქნა, მასა ვიქმ, ვწერ მასა, რაცა მენების.

მსხლის ღვინოც ისე კეთდება, როგორც კეთდება ვაშლისა,
ეს განსხვავება ერთია, სხმა არ სჭირდება წყალისა,
მსხალში შაქარიც ბევრია, რაოდენობაც წყალისა,
ამიტომ ღვინო-ბურახი ბევრად ტკბილია მსხალისა.

თუ გვინდა რომ მსხლისა ღვინო არ-შუშხუნა, იყოს ტკბილი,
ხუთ დღეს ერთხელ ვასხათ სხვაგან, არ ვაცადოთ მას დუღილი,
ბოლოს სარდაფს შევინახოთ, ჰერმეტულად დაცობილი,
თიხის ჭურჭელს შენახული ღვინო ხდების მეტად ტკბილი.

შამპანურივით შუშხუნა ღვინოს დრო უნდა ცოტა,
წვენი ჩავასხათ, მოვძებნოთ კასრი ან დიდი ბოცა,
კასრი გოგირდით შევბოლოთ, წვნის ჩასხმა უნდა როცა,
ჩასხმიდან დადუღებისთვის მცირე სჭირდება დროცა.

Wednesday, November 28, 2012

ვაშლის და მსხლის ღვინის რეცეპტი 1


ნინო ხოფერიას „საოჯახო წიგნის“ მიხედვით

ნაწილი ვაშლი

დავჯექ და წერა დავიწყე რეცეპტ ვაშლისა ღვინისა,
მასცა მივუძღვნი, ვის უყვარს ტყეშიდა ძებნა ხილისა,
ვწერ დარად “ვეფხისტყაოსნის”, რუსთაველისად დამისად,
კარგად ვუწყ, ფასი არა მაქვს წვერის მაგისა კალმისა.

მიბრძანეს მისად საქებრად წერა ლექსისა ზრდილისა,
“ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე კბილისა,
ბროლ-ბადახშისა თლილისა, მის მიჯრით მიწყობილისა”,
თუ არ დასწერო, არ შეგრჩეს მისგან ნაგლეჯი კბილისა.

მე რუსთველი მაპატიებს მისთა მსგავსად ლექსთა წერას,
რავი, ალბათ გადვირიე, ავყოლილვარ ალბათ წერას,
გამოცდები გადმეღობა, ასე ნებავს ბედისწერას,
ძალი მინდა, რომ გარდავხდე გამოცდას და ტესტთა წერას.

ვიცოდი რომ ძნელი იყო, ეს რომ ლექსად დამეწერა,
მაგრამ ვაშლის ღვინისა სმა გულზედ ფიქრად და-მეწერა,
გამოცდების ზუთხვა-კითხვას სჯობდა ლექსი დამეწერა,
ვაშლის ღვინის სიყვარულით მე მუზისა გავხდი წერა.

ნუნუ ბებოს რომ ვუამბე ჩემს გულის განაწონისა,
თქვა ზაფხულს კრეფა ვაშლისა, წონითა აუწონისა,
ქმნა ტკბილთა ღვინო-ბურახთა, სიკეთე მიუწონისა,
რათა დაკლება შემდგომში მით ზედმეტისა წონისა.