Showing posts with label გაჩეხვა. Show all posts
Showing posts with label გაჩეხვა. Show all posts

Friday, June 1, 2012

ხეები უკუღმართ ქვეყანაში


არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო...  და მართლაც, მწყერი ხეზე არ ჯდება, მაგრამ, ვაითუ, მოხდეს სასწაული და მწყერი ხეზე შეჯდეს, არ უნდა ვიყოთ დაცული? ამიტომაც ხეები უნდა მოვჭრათ, რათა სასწაულის მოხდენის შემთხვევაში, მოსახლეობის ყოველგვარი ხიფათი ავარიდოთ!!!
 დაახლოებით ამგვარი აბსურდული მიზეზი შეიძლება მოუძებნო ხეების მასიურ გაჩეხვას, რომელიც „სულ რაღაც 7 ხე მოიჭრა, მერე რა“ ან „ღობეს ჩხირი, ღობეს ჩხირი“–ს პრინციპით ათასებამდე ავიდა.
 „მართლა შოკოლადი“ ჯერ კიდევ კიკვიძის ბაღის გაჩეხვის დროს ცდილობდა მერიის მაღალჩინოსნებთან დაკავშირებას და ხეების ჭრის ნებართვის მოძიებას, მაგრამ, მიუხედავად ბევრი მცდელობისა, შედეგს ვერ მიაღწია... ბოლოს გადავწყვიტეთ, ინფორმაცია უშუალოდ საქმის შემსრულებლებისგან მიგვეღო და ჩვენი კორესპონდენტი, ალიკა ტოტებაძე, ერთერთ ხისმჭრელს, ვინმე კირილე ცულაძეს, იგივე „ცულას" გაესაუბრა.
 – გამარჯობა, ბატონო კირილე! მოდით, პირდაპირ  კითხვით მოგმართავთ: რას ერჩით ამ ხეებს, რატომ ჭრით ასე განუკითხავად? რამე დაგვიშავა?
   – ზდაროვა... როგორ თუ რა დაგვიშავა? განა, თქვენ არ გიშავებთ? ლამაზმა ქალმა რომ ქუჩაში ჩაიაროს, თვალი რომ გავაყოლო და ხეს მოეფაროს, არ უნდა ამოვგლიჯო ძირფესვიანად?! არ უნდა გავჩეხო?! ეგღა მაკლია, ქალის სილამზით ტკბობაში ხე გადამეღობოს!!!

Wednesday, February 29, 2012

რედაქტორის ხე (ფიჭვი)

თებერვალი დადგაო, ხეში ბეტონი ჩადგაო...

წლევანდელი თებერვალი შედარებით გამორჩეული იყო, თუნდაც იმით, რომ ნაკიანია და 29 რიცხვით დავითვალეთ. მაგრამ მას სულ სხვა რამ გამოარჩევს  და, მინდა გითხართ, რომ გამორჩეული მაინცდამაინც კარგს არ ნიშნავს...

ამ თებერვალს, გამოთქმის თანახმად, ზოგიერთ ხეში წყალი კი არა ბეტონი ჩადგა, პირდაპირი მნიშვნელობით – თბილისის სხვადასხვა უბნებში ხეები მოჭრეს და მათ ადგილას ბეტონი ჩაასხეს მომავალი მშენებლობისათვის. ხეები, რათქმაუნდა, ადრეც იჭრებოდა, მაგრამ წელს პარკებსა და რეკრეაციულ ზონებშიც დაიწყეს ამის გაკეთება.

მავანი შეიძლება შემომედავოს, მშენებლობა კარგია და მისაღებიო, ამიტომ წინასწარ ვიტყვი – არც მე ვარ ლამაზი დ ორიგინალური მშენებლობის წინააღმდეგი, მაგრამ არსებობს ერთი „მაგრამ“... თბილისში ძალიან ბევრი მოსახლეა, ასევე, ბევრი მანქანა. არაფერს ვიტყვი ჩვენთან შემოტანილი ბენზინის ვარგისიანობაზე, თორემ სხვა თემაზე მოგვიწევს გადასვლა. მოკლედ, თბილისში ჰაერი ძალიან დაბინძურებულია!  თუ ეჭვი გეპარებათ, შეგიძლიათ ქუჩაში მიმავალმა ფეხს აუჩქროთ, მეტიც, გაირბინოთ, რათა ცოტა ხნის შემდეგ იგრძნოთ, რა სწრაფად იღლებით და როგორ გეწვით ცხვირი ღრმად სუნთქვისას. სოფლებში, სადაც ჰაერი უფრო სუფთაა, იგივე სიმპტომები არ  გექნებათ.