ბედნიერება - აბსტრაქტული ცნება, მდგომარეობა, რომელშც ადამიანი თავს კარგად გრძნობს და რომლისკენაც მიისწრაფის ყველა გზითა და საშუალებით, რის სანაცვლოდაც, როგორც წესი, მოელის დიდ, ვეებერთელა, უკიდეგანო ბედნიერებას და სწორედ აქ ცდება. ცდება იმიტომ, რომ ადამიანების უმეტესობა მატერიალისტია და ყველაფერი უნდა დიდი (მაგალითად, ვაშლი), ბევრი (მაგალითად, კანფეტები) და უკიდეგანო (მაგალითად, სახლი). არადა, ბედნიერება მხოლოდ პაწაწინა მუხტია. თუ არის მუხტი - ხარ ბედნიერი, არ არის და არ ხარ, ოღონდ ეს არ ნიშნავს უბედური იყო. უბედურება კოლაფსია და მასზე არ ვილაპარაკებთ.
ბევრ დროს არ დავკარგავთ იმაზე ფიქრით, თუ რა არის ბედნიერება. ვისაც არ უნდა ჰკითხო, ყველა სხვადასხვაგვარად გიპასუხებს, იმიტომ რომ ბედნიერებას პარამეტრები არ აქვს. მაგალითად, ჩვენს ერთ-ერთ მკითხველს, რომელიც კახელია, ვკითხეთ: -ერთი ფურგონი შოკოლადი რომ გაჩუქოთ, რას იზამო? მან მოკლედ მოგვიჭრა: -შევჭამო. ჩავეძიეთ: -ორი ფურგონი რომ გაჩუქოთ, მერე რას იზამ, იმდენს ხომ ვერ შეჭამო?! - ვერ შევჭამ და დავკბიჩავო, - იყო პასუხი.
ასეა, ვისთვის შოკოლადის გაჩუქებაა ბედნიერება, ვისთვის - ამ ჟურნალის კითხვა, მთავარია, რომ ბედნიერი იყო. თუმცა, რაც არ უნდა ძლიერი იყოს ბედნიერების მუხტი, ყველაფერი წარმავალია და ადამიანს ყველაფერი ბეზრდება, ბედნიერებაც კი. როცა საკუთარი „ბედნიერების მარაგს“ ამოწურავს, მას უხდება ახალი ბედნიერების პოვნა და სწორედ აქ აწყდება პირველ სირთულეს - ცხოვრება არც ისეთი გულუხვი ეჩვენება ბედნიერების გაცემის კუთხით.