Showing posts with label ჟურნალი. Show all posts
Showing posts with label ჟურნალი. Show all posts

Monday, April 1, 2013

რედაქტორის ხე (ნაძვი)


ლურჯი იების თოვლი


იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა? იყო ერთი ზღაპარი, რომელშიც ერთ ხელმწიფეს ჭირვეული ასული ჰყავდა. მეფეს ერთადერთი შვილი ისე ჰყავდა განებივრებული, რომ ყველაფერი, რასაც დაინახავდა ან გაიგონებდა, სათავისოდ უნდოდა. ერთხელ ამ ზღაპარში შორეული ქვეყნიდან ვიღაც ჩავიდა და ამბავი ჩაიტანა: საიდანაც მოვდივარ, განსაკუთრებულად კარგი ქვეყანაა და ზამთარში ლურჯი იების თოვლი მოდისო. ეს ამბავი მეფის ასულის ყურამდე მივიდა თუ არა, მაშინვე მასაც მოუნდა ლურჯი იების თოვლი, მაგრამ ეგრე სად იყო? სანამ ერთი ბრძენის რჩევით მთელი ქვეყანა იმ შორეულ ქვეყანასავით კარგად არ მოიქცა, მანამ არ მოვიდა ზღაპრის ქვეყანაში ლურჯი იების თოვლი...


თოვლი კარგია, ლურჯი იების მით უფრო, მაგრამ დღეს პირველი აპრილია და გილოცავთ ახალ წელს, რომაულ ახალ წელს.

ცოტა რამაა საჭირო ადამიანებში დაბნეულობის გამოსაწვევად. მაგალითად, ჟურნალის თარიღი ახალი წლის მოლოცვას თითქოს უნდა ემთხვეოდეს, მაგრამ აპრილიც რომაა? ამ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს: ჩვენი ჟურნალი ოდითგანვე გამოირჩეოდა ინოვაციებით, წინა ნომერიც ამის დასტურია. გვინდოდა უფრო ინოვაციური ყოფილიყო მომდევნო ნომერიც და ამისთვის ჟურნალის ციფრული ვერსია 2012 წლის 10 დეკემბერს ზეუსწრაფესი გზავნილით გავაგზავნეთ პლანეტა ნიბირუს ულტრათანამედროვე სტამბაში და ჟურნალი 12 დეკემბერს უნდა გამოსულიყო (პლანეტასთან ერთად)... თუმცა, იქ ჩვენზე უარესი საფოსტო მომსახურება ჰქონიათ და დაბეჭდილმა ჟურნალმა „ცოტათი“ დააგვიანა ან აგვცდა (მიუხედავად ყდაზე დატანილი შტამპისა „Express delivery“).

Wednesday, November 28, 2012

რედაქტორის ხე (პალმა)


 ყვითელი იახტის კვალდაკვალ


ადამიანებს ერთი ცუდი თვისება აქვთ, ელოდებიან რაიმე დღესასწაულს, რათა აღნიშნონ და იმხიარულონ. არადა, შეგვიძლია ყოველდღე ახალ-ახალი ერთჯერადი დღესასწაულის გამოგონება. აგერ, ვიზეიმოთ კიდეც ჟურნალის საიუბილეო მე-8 ნომრის გამოსვლა. იქნებ რიცხვი 8 არ გგონიათ მრგვალი რიცხვი? სულაც არა. არსებობს თვლის რვაობითი სისტემა, რომელშიც ჩვენი ათობითი 8-იანი სწორედაც რომ ასე მოიხსენიება - 10. ეს რიცხვი კი ნამდვილად „მრგვალია“. ამიტომ საიუბილეო ნომერში ჩვენ რევოლუციური გარდატეხა შევიტანეთ მსოფლიოს ჟურნალების ისტორიაში. ჩვენს ჟურნალს არამარტო სამგანზომილებიანი 1 ყდა ამშვენებს, არამედ აკრობატიკული 4 ყდიანი გარეკანი. ეს ყველაფერი ბეჭდურად ვერ გადმოიცემა, ამიტომ ხელმარჯვე ოსტატი აგიხსნით ამ ყდის დამზადების წესს ან შეგიძლიათ ნახოთ ეს ვიდეო, თუ როგორ გამოიყურება რეალობაში. 

ხელმარჯვე ოსტატი


მოგესალმებით, ჩემო ჭკვიანებო. როგორ ხართ, გააკეთეთ 3D სათვალეები წინა ნომრის გაკვეთილის მიხედვით? დამეთანხმეთ, რომ ძნელი არ იყო.

ახლა მინდა გასწავლოთ ამ ნომრის სუპერ-აკრობატული ექვს(6)კლუზიური ყდის გაკეთება. თუ ვიდეო ნახეთ, როგორი შთამბეჭდავია მოძრაობაში ჩვენი ახალი ყდა და მოგინდათ თქვენც გქონდეთ, რადგან ჟურნალი არ იყიდება, ძალიან იოლად შეგიძლიათ დაამზადოთ ყდა სახლის პირობებში. ამისთვის უბრალოდ დაგჭირდებათ ჟურნალის ოთხივე ყდა, ფერად პრინტერზე ამობეჭდილი, ორი მუყაოს ფირფიტა ზომებით 20x28 სანტიმეტრი, წებო, საკანცელარიო დანა და ქაღალდის სკოჩი (ყდები რომ დაეწებოს ფირფიტაზე).

სურათს თუ შეხედავთ, ჩემი ახსნა აღარც დაგჭირდებათ, უბრალოდ მიმდევრობას ჩამოვწერ. მუყაოს ფერს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყდის ფურცელი გადაეკვრება ზემოდან. მაშ ასე:

Friday, June 1, 2012

რედაქტორის ხე (არყის ხე)

თითქმის შეუსრულებელი ნისია


ჟურნალის გამოსვლის დრო კი არ მოდის, მიდის... მთელი ვარდობისთვე ჩაგვივარდა, ხან საქეიფოდ ვიყავით, ხან – უქეიფოდ, ხან – ძალიან დაკავებული, ხან – ზარმაცობის ზენიტში და მიილია მაისიც. ისე, ბილ გეიტსმა თქვა, ვცდილობ სამსახურში ზარმაცები ავიყვანო, რადგან საქმეების მარტივად მოგვარებას ცდილობენო. ცხადია, მეც შემიძლია იგივე გავაკეთო, მაგრამ თავად ვარ ზარმაცი და თავად ვცდილობ, მარტივი გამოსავალი ვნახო, რომ ჟურნალი როგორმე ვაცოცხლო.

ამბობენ, სიმართლეს ლამაზი თვალები აქვსო, ჰოდა, ჩვენც ჩავხედოთ და ვთქვათ, რომ ეს თვე ძალიან დაკავებული ვიყავი. მოგეხსენებათ, ამ ჟურნალზე არ ვმუშაობთ ჟურნალისტები. შესაბამისად, ჩვენ–ჩვენი საქმიანობაა პირველ რიგში მისახედი და ჟურნალისთვის დრო ცოტა, ან არ გვრჩება. საქმის გამოსასწორებლად ნამდვილი ჟურნალისტიც მივიღეთ კოლეგიაში და ექიმიც (ყოველი შემთხვევისთვის), მაგრამ საწყალ კაცს ქვა აღმართშიც მიეწევაო – ნამდვილი ჟურნალისტის მიერ დაწერილი სტატია დამეკარგა იძულებული გავხდი წაკითხულის შინაარსი დამეწერა.

1 ივნისისთვის, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ჩვენმა ჟურნალმა კონკურსი გამოაცხადა ბავშვთა ნახატებზე. რედაქციაში უამრავი ნახატი მოვიდა, რომელიც შოკოლადში გადავუცვალეთ ავტორებს და მკითხველს საშუალება მივეცით ექვს(6)კლუზიურად გაცნობოდნენ მათ და თავადაც მიეღოთ შოკო-კონკურსში მონაწილეობა.

Sunday, April 1, 2012

გამრავლების ტაბულა


ჟურნალის ყდა — მაგიური და მიმზიდველი. თუ ოდესმე ჟურნალის ყდაზე მოხვდებით, იგრძნობთ, რომ ეს უბრალო ფოტო არ არის. ამით თითქოს მთელი ჟურნალი თქვენ გეძღვნებათ, მთელი ქვეყანა ნახავს თქვენს სურათს, ყველა შეგიყვარებთ და აქედან პოპულარულობამდეც ერთი ნაბიჯია. პოპულარულობა კი ის არის, რაც უმეტეს ჩვენგანს ასე ძალიან გვინდა  და მისი გულისთვის უამრავ ოინბაზობას ჩავდივართ.

ჟურნალის ყდა მარტო თქვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, ის ჩვენი, ჟურნალების, სავიზიტო ბარათია. ლამაზად გაფორმებული ყდა ჟურნალის წარმატებას ნახევარია და სულაც არ აქვს მნიშვნელობა, სტატიები საინტერესო იქნება თუ არა. მაგალითისთვის „მართლა შოკოლადის“ პირველ ნომერს მოვიყვან, რომლის ყდაზეც თეთრკაბიანი  აღშფოთებული გოგო ეხატა. დაკვირვებული მკითხველი მის შესახებ მხოლოდ იმას გაიგებდა, რომ შოკოლადებით დატვირთული ყვითელი იახტა აჩუქეს და ასე მოიგეს მისი გული, ხოლო შოკოლადებს ისევე შეჭამდა, როგორც თქვენ ანალოგიურ სიტუაციაში. მიუხედავად ამ იდუმალებისა, ჟურნალის პირველმა ნომერმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა. საქართველოს ყველა რეგიონიდან, განსაკუთრებით ბათუმიდან, გვირეკავდნენ და გვიგზავნიდნენ შოკოლადებს ამ არაჩვეულებრივი გოგონასთვის გადასაცემად. რადგან მისი კოორდინატები დაუდგენელია, შოკოლადები  ჩვენს რედაქციაში ინახება და პატრონს ელის.

Tuesday, January 24, 2012

რედაქტორის სვეტი: "სტოლბას" დავდგამ აქანა!


ალბათ, გახსოვთ ის ანეკდოტი, როგორ იქცევიან სხვადასხვა ეროვნების გოგოები მასთან გატარებული ღამის მერე... ზოგი დაუმშვიდობებლად მიდის, ზოგი — გემშვიდობება და ისე, ხოლო ქართველი გოგო გუბნება: „სტენკას“ დავდგამ აქანა!

იმასაც გაიხსენებთ, „რედაქტორის სვეტი“ პირველ გვერდზეა ხოლმე, მაგრამ  შემთხვევაში მე, ქართველი ბიჭი, ჩემი რედაქტორად ყოფნის შემდეგ ჩემს „სტოლბას“ სადაც მინდა იქ დავდგამ! ვინ იცის, იქნებ ჭკუაში დაგიჯდათ ჩემი ჩვევა და თქვენც ბოლოდან დაგეწყოთ ჟურნალის კითხვა, ე.ი. პირველად ამას წაიკითხავდით.
ჟურნალი „მართლა შოკოლადი“... ვინ არის? რა უნდა? რატომ შეიქმნა? რატომ იყიდება დახლ-მაცივარში? თუ კითხვებზე პასუხი არ გაქვთ, სულ სხვა მხრიდან მოვუვლი საკითხს და პირდაპირ გეტყვით: პრობლემა ჩვენშია, ჩვენ ყველაში! ერთმანეთის არ გვჯერა და იმიტომ! ყველაფერი ხუმრობა და არარეალური გვგონია... ჟურნალის სათაური — „მართლა შოკოლადი“ ყველაფერს გვეუბნება, ანუ ეს არაა ჟურნალი, მართლა შოკოლადია! კიდევ არ გჯერათ? ისე, ძნელია, დაიჯერო, ეს „ჟურნალი“ ელექტრონულ ფორმატში როგორ იქნება მართლა შოკოლადი. მაგრამ, აბა, გაიხსნეთ, სულ ვიძახდი, ბეჭდური ვერსია განსხვავებულია მეთქი. ისინი იმათთვის იყო განკუთვნილი, ვინც გამორჩეულია ჩემთვის.