Showing posts with label რედაქტორის ხე. Show all posts
Showing posts with label რედაქტორის ხე. Show all posts

Monday, April 1, 2013

რედაქტორის ხე (ნაძვი)


ლურჯი იების თოვლი


იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა? იყო ერთი ზღაპარი, რომელშიც ერთ ხელმწიფეს ჭირვეული ასული ჰყავდა. მეფეს ერთადერთი შვილი ისე ჰყავდა განებივრებული, რომ ყველაფერი, რასაც დაინახავდა ან გაიგონებდა, სათავისოდ უნდოდა. ერთხელ ამ ზღაპარში შორეული ქვეყნიდან ვიღაც ჩავიდა და ამბავი ჩაიტანა: საიდანაც მოვდივარ, განსაკუთრებულად კარგი ქვეყანაა და ზამთარში ლურჯი იების თოვლი მოდისო. ეს ამბავი მეფის ასულის ყურამდე მივიდა თუ არა, მაშინვე მასაც მოუნდა ლურჯი იების თოვლი, მაგრამ ეგრე სად იყო? სანამ ერთი ბრძენის რჩევით მთელი ქვეყანა იმ შორეულ ქვეყანასავით კარგად არ მოიქცა, მანამ არ მოვიდა ზღაპრის ქვეყანაში ლურჯი იების თოვლი...


თოვლი კარგია, ლურჯი იების მით უფრო, მაგრამ დღეს პირველი აპრილია და გილოცავთ ახალ წელს, რომაულ ახალ წელს.

ცოტა რამაა საჭირო ადამიანებში დაბნეულობის გამოსაწვევად. მაგალითად, ჟურნალის თარიღი ახალი წლის მოლოცვას თითქოს უნდა ემთხვეოდეს, მაგრამ აპრილიც რომაა? ამ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს: ჩვენი ჟურნალი ოდითგანვე გამოირჩეოდა ინოვაციებით, წინა ნომერიც ამის დასტურია. გვინდოდა უფრო ინოვაციური ყოფილიყო მომდევნო ნომერიც და ამისთვის ჟურნალის ციფრული ვერსია 2012 წლის 10 დეკემბერს ზეუსწრაფესი გზავნილით გავაგზავნეთ პლანეტა ნიბირუს ულტრათანამედროვე სტამბაში და ჟურნალი 12 დეკემბერს უნდა გამოსულიყო (პლანეტასთან ერთად)... თუმცა, იქ ჩვენზე უარესი საფოსტო მომსახურება ჰქონიათ და დაბეჭდილმა ჟურნალმა „ცოტათი“ დააგვიანა ან აგვცდა (მიუხედავად ყდაზე დატანილი შტამპისა „Express delivery“).

Wednesday, November 28, 2012

რედაქტორის ხე (პალმა)


 ყვითელი იახტის კვალდაკვალ


ადამიანებს ერთი ცუდი თვისება აქვთ, ელოდებიან რაიმე დღესასწაულს, რათა აღნიშნონ და იმხიარულონ. არადა, შეგვიძლია ყოველდღე ახალ-ახალი ერთჯერადი დღესასწაულის გამოგონება. აგერ, ვიზეიმოთ კიდეც ჟურნალის საიუბილეო მე-8 ნომრის გამოსვლა. იქნებ რიცხვი 8 არ გგონიათ მრგვალი რიცხვი? სულაც არა. არსებობს თვლის რვაობითი სისტემა, რომელშიც ჩვენი ათობითი 8-იანი სწორედაც რომ ასე მოიხსენიება - 10. ეს რიცხვი კი ნამდვილად „მრგვალია“. ამიტომ საიუბილეო ნომერში ჩვენ რევოლუციური გარდატეხა შევიტანეთ მსოფლიოს ჟურნალების ისტორიაში. ჩვენს ჟურნალს არამარტო სამგანზომილებიანი 1 ყდა ამშვენებს, არამედ აკრობატიკული 4 ყდიანი გარეკანი. ეს ყველაფერი ბეჭდურად ვერ გადმოიცემა, ამიტომ ხელმარჯვე ოსტატი აგიხსნით ამ ყდის დამზადების წესს ან შეგიძლიათ ნახოთ ეს ვიდეო, თუ როგორ გამოიყურება რეალობაში. 

Friday, October 12, 2012

რედაქტორის ხე (ბაობაბი)


შვეციური არდადეგები

პარასკევი საღამოა და არ მინდა ვორნები და ბანები ჩამოვარიგო-ო? ჰოდა, მეც ვისარგებლებ ამ შესანიშნავი საღამოთი და... დაგიბრუნდებით. დავბრუნდები იმ  იმედით, რომ მკაცრად არ განმსჯით ამდენხნიანი შესვენების გამო, ჩემი შვეციური არდადეგებისთვის. რატომ შვეცია და არა შვედეთი? ეს დილემა 1995 წლიდან მოყოლებული აწუხებს საზოგადოებას, იმათ, ვინც უყურა ფილმს „შვეციის პრინცი იმერეთიდან“.

მე არც პრინცი ვარ და არც იმერელი, მით უმეტეს, არც პოლიტიკოსი, მაგრამ ხანდახან მეც კაი მამაძაღლი ვარ, ვაფრენ ხოლმე. სწორედ პოლიტიკაა, რომ მომწყვიტა ჟურნალისტურ საქმიანობას და არდადეგები გამიგრძელა. პოლიტიკაა, მთელ ჟურნალზე რომ აირეკლა რუბრიკის, „საძულველი პროფესიის ადამიანის“ გარდა, რიგით უწევდა მაგას „პოლიტიკოსობა“. მიუხედავად ამისა, ჟურნალმა შეძლო გარდატეხა შეეტანა ქართულ ჟურნალისტიკურ სივრცეში და პირველ ანაგლიფურ-სამგანზომილებიან ჟურნალად მოევლინა ქვეყანას.

ანაგლიფურ ჟურნალს, შესაბამისი სათვალეც სჭირდება, მაგრამ მაგაზეც ვიზრუნეთ. სპეციალურად ამობეჭდილ ჟურნალებს მოჰყვება შესაბამისი სათვალე, ხოლო ელექტრო ვერსიაში ხელმარჯვე ოსტატი გასწავლით, როგორ დაამზადოთ 3D სათვალე კუსტარულად. მიღწეულზე შეჩერებას არ ვაპირებთ და წინასწარ გეტყვით, რომ მომდევო ნომრის ყდა არამარტო ანაგლიფური, არამედ აკრობატულიც იქნება, რომელსაც სანამ არ ნახავთ, წერილობით ვერ აგიხსნით.

Friday, June 1, 2012

რედაქტორის ხე (არყის ხე)

თითქმის შეუსრულებელი ნისია


ჟურნალის გამოსვლის დრო კი არ მოდის, მიდის... მთელი ვარდობისთვე ჩაგვივარდა, ხან საქეიფოდ ვიყავით, ხან – უქეიფოდ, ხან – ძალიან დაკავებული, ხან – ზარმაცობის ზენიტში და მიილია მაისიც. ისე, ბილ გეიტსმა თქვა, ვცდილობ სამსახურში ზარმაცები ავიყვანო, რადგან საქმეების მარტივად მოგვარებას ცდილობენო. ცხადია, მეც შემიძლია იგივე გავაკეთო, მაგრამ თავად ვარ ზარმაცი და თავად ვცდილობ, მარტივი გამოსავალი ვნახო, რომ ჟურნალი როგორმე ვაცოცხლო.

ამბობენ, სიმართლეს ლამაზი თვალები აქვსო, ჰოდა, ჩვენც ჩავხედოთ და ვთქვათ, რომ ეს თვე ძალიან დაკავებული ვიყავი. მოგეხსენებათ, ამ ჟურნალზე არ ვმუშაობთ ჟურნალისტები. შესაბამისად, ჩვენ–ჩვენი საქმიანობაა პირველ რიგში მისახედი და ჟურნალისთვის დრო ცოტა, ან არ გვრჩება. საქმის გამოსასწორებლად ნამდვილი ჟურნალისტიც მივიღეთ კოლეგიაში და ექიმიც (ყოველი შემთხვევისთვის), მაგრამ საწყალ კაცს ქვა აღმართშიც მიეწევაო – ნამდვილი ჟურნალისტის მიერ დაწერილი სტატია დამეკარგა იძულებული გავხდი წაკითხულის შინაარსი დამეწერა.

1 ივნისისთვის, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ჩვენმა ჟურნალმა კონკურსი გამოაცხადა ბავშვთა ნახატებზე. რედაქციაში უამრავი ნახატი მოვიდა, რომელიც შოკოლადში გადავუცვალეთ ავტორებს და მკითხველს საშუალება მივეცით ექვს(6)კლუზიურად გაცნობოდნენ მათ და თავადაც მიეღოთ შოკო-კონკურსში მონაწილეობა.

Sunday, April 1, 2012

რედაქტორის ხე (სექვოია)

დღეს პირველი აპრილია...

იცოდით, რომ ჟურნალი „მართლა შოკოლადი“ მართლა შოკოლადისაა და ნობელის პრემიაც მიიღო ტკბილეულის დარგში?!

ეს ამბავი მხოლოდ ექსკლუზიურად და მხოლოდ დღეს გაგიმხილეთ, რადგან დღეს პირველი აპრილია. დღეს, მოგეხსენებათ, ტყუილების დღეა, მაგრამ მე არ მიყვარს ტყუილები. მკითხეთ რაც გინდათ, ყველაფერს სიმართლეს გეტყვით. ალბათ, ჟურნალის ყდაზეც შეამჩნევდით და გიკვირთ, რატომ დავარქვი "რედაქტორის სვეტს" მაინცდამაინც „რედაქტორის ხე“? ეს იმიტომ, რომ დრუიდი ვარ და, როგორც ყველა დრუიდს, მეც მაქვს ჩემი საკუთარი ხე, რომელსაც ვუმხელ იმ საიდუმლოს, რასაც ჩემი საქმიანობა მოიცავს, თვითონ კი მზეს მიჩრდილავს და ვართ ასე, სიამტკბილობაში. კარგები არიან ხეები.

მთელი მარტი გავიდა და ჟურნალი არ გამოსულა. ალბათ, განიცადეთ, ინერვიულეთ, მაგრამ მინდა დაგამშვიდოთ - ყველაფერი კარგად არის. რადგან ჩვენს ქვეყანაში სულ პირველი აპრილია, მარტო საკუთარ თავს უნდა ენდო და გამოკითხვას ვატარებდი საკუთარი ძალებით. ამის გამო, ჟურნალზე დრო არ დამრჩა. ჩემს კითხვაზე, დაიბეჭდოს თუ არა ჟურნალი „მართლა შოკოლადი“, პასუხები ასე განაწილდა: კი - 73%, არა - 23%. ხოლო 4%-მა არ იცოდა ამ ჟურნალის შესახებ. შესაშური შედეგია, ვერაფერს იტყვი. ცხადია, საქმეები თუ კარგად წარიმართა, გეგმები რეალობაში მოვა!