პროფესია მეხუთე: მე პოლიტიკოსი
ბავშვობისას ბევრი გვიოცნებია,
ვინ რა უნდა გამოვსულიყავით, მაგრამ რეალობა უფრო სასტიკია და ზოგი არათუ გახდა იმ
პროფესიის ადამიანი, რაზეც ოცნებობდა, არამედ, შესაძლოა, შესძულდა კიდეც. მე ჩემთვის
საძულველ პროფესიებს ჩამოვთვლი. ვერ ვიტან:
1. ჟურნალისტებს;
2. ექიმებს;
3.
პოლიციელებს;
4. იურისტებს;
5.
პოლიტიკოსებს.
და ყველა იმათ, ვისაც
ადამიანებსა თუ საზოგადოებაზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ. ჩემი დაკვირვებით,
ამ პროფესიის ადამიანების უმეტესობა ადამიანის სახეს კარგავს და სხვანაირები ხდებიან.
ჟურნალისტები ფრენის თავისუფლებას კარგავენ და სირაქლემას ემსგავსებიან, ექიმები -
გულქვა მგლებს, პოლიციელები - უხეშ მარტორქებს, იურისტები - ქედმაღალ
აქლემებს, პოლიტიკოსები - უტიფარ კამეჩებს.
ლხინში ახირებული ჯეელივით
ჯაჯღანა შესავალი კი გამომივიდა, მაგრამ ცხოველების შეურაცხყოფა სულაც არ მიფიქრია.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ცხოველი და პროფესიის ადამიანი მიყვარს და წარმატებებს ვუსურვებ.
მე კი ვეცდები, ამ რუბრიკაში ყველა ცხოველისა და პროფესიის დადებითი
მხარე დაგანახოთ. მათი კრიტიკა კი აუცილებელია, რათა ნაფერები კატასავით არ გაიტრუნონ.
„კამეჩო“-ო,
თუ ვინმემ მოგმართათ, თქვენს აღშფოთებას საზღვარი არ ექნება! მართლაც, როგორ აიტანთ
თავი წარმოიდგინოთ ზორბა, მოუხეშავი, ტლანქი, მუქი ფერის ცხოველის ადგილას, რომელსაც
სიზარმაცის გამო ლაფში ჩაფლული ურემი შინ მიტანილი ჰგონია? მაგრამ არ იქნება სწორი,
ისიც არ გაიფიქროთ, რომ შესაძლოა, კამეჩიც ვერ აიტანდა თქვენნაირ სუფთა, კეთილსურნელოვან
და მომღიმარ არსებასთან შედარებას. ზოგი კამეჩი ამ თემაზე სდუმს, ხოლო ზოგი მკვეთრად
გამორჩეული რეაქციით გვპასუხობს - სარქენად გვეტანება ან გვიფრთხის...
სინამდვილეში
არ გვაქვს არანაირი საბაბი, „კამეჩობა“ ვიუკადრისოთ. ის, ვინც ამ ეპითეტით ჩვენს დაკნინებას
ცდილობს, საქმეში ჩაუხედავია და არ იცის, რომ კამეჩი მეტად პუნქტუალური, მოწესრიგებული,
გონიერი და გუნდური პრინციპის ცხოველია. მათ მკვეთრად გამოხატული ხასიათი აქვთ, რაც
თითოეული კამეჩის ინდივიდუალურობას განაპირობებს. თამამად შეგიძია კამეჩებს სახელებით
მიმართოთ და „ელაპარაკოთ“, ოღონდ ფრთხილად, რადგან ისინი ინტონაციებს არჩევენ და თუ
არაკორექტულად მიმართავთ, შეიძლება გაანაწყენოთ.