Wednesday, November 28, 2012

როგორ გამოვძალოთ ცხოვრებას ჩვენი კუთვნილი ბედნიერება


ბედნიერება - აბსტრაქტული ცნება, მდგომარეობა, რომელშც ადამიანი თავს კარგად გრძნობს და რომლისკენაც მიისწრაფის ყველა გზითა და საშუალებით, რის სანაცვლოდაც, როგორც წესი, მოელის დიდ, ვეებერთელა, უკიდეგანო ბედნიერებას და სწორედ აქ ცდება. ცდება იმიტომ, რომ ადამიანების უმეტესობა მატერიალისტია და ყველაფერი უნდა დიდი (მაგალითად, ვაშლი), ბევრი (მაგალითად, კანფეტები) და უკიდეგანო (მაგალითად, სახლი). არადა, ბედნიერება მხოლოდ პაწაწინა მუხტია. თუ არის მუხტი - ხარ ბედნიერი, არ არის და არ ხარ, ოღონდ ეს არ ნიშნავს უბედური იყო. უბედურება კოლაფსია და მასზე არ ვილაპარაკებთ.
ბევრ დროს არ დავკარგავთ იმაზე ფიქრით, თუ რა არის ბედნიერება. ვისაც არ უნდა ჰკითხო, ყველა სხვადასხვაგვარად გიპასუხებს, იმიტომ რომ ბედნიერებას პარამეტრები არ აქვს. მაგალითად, ჩვენს ერთ-ერთ მკითხველს, რომელიც კახელია, ვკითხეთ: -ერთი ფურგონი შოკოლადი რომ გაჩუქოთ, რას იზამო? მან მოკლედ მოგვიჭრა: -შევჭამო. ჩავეძიეთ: -ორი ფურგონი რომ გაჩუქოთ, მერე რას იზამ, იმდენს ხომ ვერ შეჭამო?! - ვერ შევჭამ და დავკბიჩავო, - იყო პასუხი.

ასეა, ვისთვის შოკოლადის გაჩუქებაა ბედნიერება, ვისთვის - ამ ჟურნალის კითხვა, მთავარია, რომ ბედნიერი იყო. თუმცა, რაც არ უნდა ძლიერი იყოს ბედნიერების მუხტი, ყველაფერი წარმავალია და ადამიანს ყველაფერი ბეზრდება, ბედნიერებაც კი. როცა საკუთარიბედნიერების მარაგსამოწურავს, მას უხდება ახალი ბედნიერების პოვნა და სწორედ აქ აწყდება პირველ სირთულეს - ცხოვრება არც ისეთი გულუხვი ეჩვენება ბედნიერების გაცემის კუთხით.

ამ სირთულეზე სხვამ იდარდოს, ჩვენს მკითხველს კი სიამოვნებით გავანდობთ კუთვნილი ბედნიერების გამოძალვას ცხოვრებისგან, რაც არც ისეთი რთული და ძალადობრივია, როგორც სიტყვიდან ჩანს. სულ რამდენიმე ნიუანსია გასათვითცნობიერებელი და ბედნიერების მუხტის მოპოვების მეთოდიკა დასახვეწი. პირველი, რაც უნდა ვიცოდეთ, ისაა, რომ როცა ბედნიერების ერთი მუხტი ჩაქრება, იქვე სადმე იმუხტება მეორე, მაგრამ ჩვენ ისევ პირველს დავსტრიალებთ და ვერ ვამჩნევთ.
გამოსავალი მარტივია: ნაკლები ვიღიღინოთ ფრაზა სიმღერიდანდა მე არ მინდა სხვა ნეტარება და მუდამ ახალი ბედნიერების ძიებაში ვიყოთ.

ბედნიერების მოპოვების ამ ხერხს პირობითად „A პუნქტიდან B პუნქტამდედავარქვი, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: ადამიანის ცხოვრების გზაზე რამდენიმე პუნქტია, რომელსაც ბედნიერება მოაქვს. მაგალითად, ჯერ ბედნიერია მშობლებით, მერე მეუღლით, მერე შვილებით, შვილიშვილებით და სხვა ცხოვრებისეული მოვლენებით. მაგრამ სანამ ცხოვრებისეულ პუნქტამდე მივალთ, მანამ უამრავი სხვა პუნქტი გვაქვს გასავლელი, რომელთაც ბედნიერების მუხტის ნატარმალიც არ სცხიათ: ბაზარი, საყიდლები, სახლი-სამსახური-სახლი, ექიმთან ვიზიტი და .. სწორედ ამ პუნქტებს შორის შეგვიძლია მოვიპოვოთ პატარა მუხტები, რომ უფრო დიდ პუნქტამდე მივაღწიოთ. ამის გაკეთება ძალიან იოლია, უბრალოდ უნდა დააკვირდეთ გარშემო მიმდინარე მოვლენებს. მაგალითად, სამსახურში მიდიხართ და ქუჩაში გასვლისას მარშუტკა იმწუთში მოვიდა? +1. ხშირად გიწევთ ერთიდაიგივე ნომრით სიარული, მძღოლმა გიცნოთ და უთქმელად გაგიჩერათ თქვენს გაჩერებაზე? +2. ბაზარში პროდუქტის ყიდვისას ჯერ თქვენ გაიფიქრეთ მისი ფასი, რომელიც გამყიდველის ნათქვამ ფასს დაემთხვა? +3. ექიმთან ვიზიტისას, როდესაც დრო ცოტა გაქვთ, ხოლო მას ბევრი პაციენტი და ვიზიტი მეორე დღისთვის გადაიდება, გადარჩი ნემსის გაკეთებას? +4 და ..

ასეთი წვრილმანი მოვლენების სათავისოდ გამოყენებით დღის ბოლოსთვის კარგ მუხტს ააგროვებთ, თუნდაც ცოტა შეგაგვიანდეთ, განსხვავებით მოღუშული ადამიანისგან, რომელიც ორიენტირებულია დანიშნულების წერტილამდე მალე მისვლაზე.
ამ ყველაფერთან ერთად არ უნდა მოერიდოთ ბედნიერების მოპოვების ავანტურისტულ გზებსაც. რას გულისხმობს, ახსნას არ დავიწყებ, უბრალოდ, მინიშნებას გავაკეთებ შატალოზე. სწავლა კარგია და აუცილებელიც, მაგრამ ცოტა დამღლელი. სწორედ ამიტომ არსებობს შატალო, რომელიც ბედნიერების მუხტს სძენს (თუმცა ხშირი გამეორებისას ოროსნად აყალიბებს, ზომიერება აუცილებელია). შატალოს პრინციპი უნდა გამოვიყენოთ ჩვენს ცხოვრებაშიც, გავიპაროთ სამსახურიდან, ნაკლებად მნიშვნელოვანი შეხვედრებიდან და სახლიდანაც კი. მთელი ეს გამოთავისუფლებული დრო კი წვრილმანი ბედნიერების ძებნაში დავხარჯოთ.

რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ყველაფერი რომ გავაკეთოთ, ბოლოსდაბოლოს მაინც მოგვიწევს იმ ყოველდღიური საქმის კეთება, რაც ასე გვღლის და ბედნიერების მუხტებს გვიქრობს. ამ დროსაც კი არ უნდა ჩამოვყაროთ მხრები და რუტინული საქმიდანაც ჩვენი კუთვნილი ბედნიერების გამოდნობა უნდა ვისწავლოთ. ვიცი, ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი. უნდა ვეცადოთ ის საქმე, რასაც ვაკეთებთ, მხიარულებად ვაქციოთ. მაგალითად, თუ დაკვირვებიხართ, ონკანის ჭავლს რომ კოვზს მიუშვერთ, როგორი შხეფები წარმოიქმნება? ან საწოლის ქვეშ ცოცხის გამოსმით რაიმე საინტერესო ან დიდი ხნის დაკარგული ნივთი რომ გამოდის? ანდაც ბაზარში მთელი საქართველოს წვრილმან ამბებს რომ მოისმენთ? გალაკტიონიც ამის გამო დაიარებოდა ბაზარში, ქვეყნის მაჯისცემააო, ვგებულობ, ქვეყანას რა უჭირს ან როგორი მოსავალი აქვსო.

დროა გადავაგდოთ მოწყენილობა და შევუდგეთ მუხტების ძებნას. როგორც ჩამოვთვალე, ისინი ბევრგანაა და მხოლოდ პოვნა სჭირდება. გახსოვდეთ, ადამიანი თავად წყვეტს ბედნიერი იყოს თუ არა. ჰოდა, გადაწყვიტეთ.

No comments:

Post a Comment