Wednesday, February 29, 2012

რედაქტორის ხე (ფიჭვი)

თებერვალი დადგაო, ხეში ბეტონი ჩადგაო...

წლევანდელი თებერვალი შედარებით გამორჩეული იყო, თუნდაც იმით, რომ ნაკიანია და 29 რიცხვით დავითვალეთ. მაგრამ მას სულ სხვა რამ გამოარჩევს  და, მინდა გითხართ, რომ გამორჩეული მაინცდამაინც კარგს არ ნიშნავს...

ამ თებერვალს, გამოთქმის თანახმად, ზოგიერთ ხეში წყალი კი არა ბეტონი ჩადგა, პირდაპირი მნიშვნელობით – თბილისის სხვადასხვა უბნებში ხეები მოჭრეს და მათ ადგილას ბეტონი ჩაასხეს მომავალი მშენებლობისათვის. ხეები, რათქმაუნდა, ადრეც იჭრებოდა, მაგრამ წელს პარკებსა და რეკრეაციულ ზონებშიც დაიწყეს ამის გაკეთება.

მავანი შეიძლება შემომედავოს, მშენებლობა კარგია და მისაღებიო, ამიტომ წინასწარ ვიტყვი – არც მე ვარ ლამაზი დ ორიგინალური მშენებლობის წინააღმდეგი, მაგრამ არსებობს ერთი „მაგრამ“... თბილისში ძალიან ბევრი მოსახლეა, ასევე, ბევრი მანქანა. არაფერს ვიტყვი ჩვენთან შემოტანილი ბენზინის ვარგისიანობაზე, თორემ სხვა თემაზე მოგვიწევს გადასვლა. მოკლედ, თბილისში ჰაერი ძალიან დაბინძურებულია!  თუ ეჭვი გეპარებათ, შეგიძლიათ ქუჩაში მიმავალმა ფეხს აუჩქროთ, მეტიც, გაირბინოთ, რათა ცოტა ხნის შემდეგ იგრძნოთ, რა სწრაფად იღლებით და როგორ გეწვით ცხვირი ღრმად სუნთქვისას. სოფლებში, სადაც ჰაერი უფრო სუფთაა, იგივე სიმპტომები არ  გექნებათ.


დამეთანხმებით, სუფთა ჰაერი ასაშენებელ შენობაზე უფრო მნიშვნელოვანია და არგუმენტი, მოჭრილის ნაცვლად ახლის დარგვაზე, მოკლევადიან პერსპექტივაში საფუძველს მოკლებულია, რადგან უკვე მოჭრილი ხე რომ ახალდარგულმა „ჩაანაცვლოს“, 10–20 წელი უნდა მინიმუმ, რათა გაიზარდოს. მაგალითისთვის, ვანდალური ქმედების გამო, როდესაც კიკვიძის ბაღში 60–80 წლის მარადმწვანე წიწვოვანები მოჭრეს, ახალდარგულმა ხემაც ამდენივე ხანი უნდა იზარდოს.

მართალია, კიკვიძის ბაღში „სულ რაღაც“ 17 ხე მოჭრეს და, სიმართლე ვთქვათ, 17 ხე დიდი არაფერია ეკოსისტემისთვის (რომ არ გავითვალისწინოთ, რომ ისინი რეკრეაციულ ზონაში იყვნენ და მათი მოჭრა კატეგორიულად არ შეიძლებოდა), მაგრამ ასევე რამდენიმე ხე მოჭრეს მოსკოვის გამზირზეც, კიდევ რამდენიმე რომელიღაც პატარა სკვერში და ასე, „ღობეს ჩხირი, ღობეს ჩხირობით“ ავიდა   4000–მდე. მათი რაოდენობა არასამთავრობოებმა დაითვალეს, რომლებიც თბილისის ეკოლოგიურობაზე ზრუნავენ, მაგრამ მათი ხმა ფურცელზე დაწერილი რჩება   სხვადასხვა პასუხისმგებელი პირის მაგიდაზე და ვინ იცის, იქნებ, სანაგვეშიც კი, რადგან პასუხი არსაიდან არ ბრუნდება.

წარსუში უღიპო და პოლიციელებთან ხეების
გაჩეხვის წინააღმდეგ მებრძოლი "კმარელი" დღეს.
რადგან კიკვიძის ბაღის ბედის შესახებ პასუხი არ მიგვიღია, მოქალაქეები 4 დღე–ღამის განმავლობაში ვდარაჯობდით იმ ხეებს, რისი მოჭრაც ვერ მოასწრეს, რადგან ნებართვა რომ მოვითხოვეთ, მიატოვეს სამუშაო და  წავიდნენ, თუმცა, მე–5 დღეს კვლავ დაბრუნდნენ პოლიციასთან ერთად. პოლიციელი, რომელიც ათიოდე წლის წინ მოძრაობა „კმარაში“ იყო და უსამართლო პოლიციას ებრძოდა, არ დაინტერესებულა იმით, რომ 4 დღე და ღამე ყინვაში ვუცდიდით პასუხს კიკვიძის ბაღში მშენებლობის შესახებ, ტექნიკას გზა გაუხსნეს, 5–იოდე მოქალაქე დააპატიმრეს 400 ლარიანი ჯარიმის პერსპექტივით და პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში პრობლემის იმ ინსტანციაში მოგვარება გვირჩია, რომელმაც სასიკვდილო განაჩენი მალულად გამოუტანა მარადმწვანე ხეებს...

...იმ ავბედით დღეს გვიან მივედი კიკვიძის ბაღში – ხალხი უკვე დაჭერილი იყო, მშენებლობა – განახლებული, „ადგილობრივი მაცხოვრებლები“ კი, შავტყავისკურტკიანი ბიჭები, საბოლოო დაპირებას აძლევდნენ ადგილობრივ მაცხოვრებლებსვე, რომლებიც პასუხის მოლოდინში ხეებს სდარაჯობდნენ ამ ხნის მანძილზე, რომ შუშის პოლიციის აშენების შემდეგ აქ უფრო მეტ ხეს დარგავდნენ, უფრო გაალამაზებდნენ და უფრო უსაფრთხო გახდებოდა ბაღში სეირნობა, რადგან   პოლიციამ სამართლიანობის მსურველები ხომ დააკავა და უსამართლობის მსურველებს, უხ, რას უზამდა!

მე კი წითელ ტალახში ამოსვრილი ფეხებით მივდიოდი, თითქოს ერთ–ერთი ჯალათი მეც ვიყავი იმ ხეებისა, და თავში ფორუმზე გაგონილი ფრაზა მიტრიალებდა: ტყე შეუნახე შვილებსა, თორემ ჩაგიმტვრევ კბილებსა!

რას ვიზამთ, მოჭრილ ხეს აღარაფერი ეშველება, მაგრამ პირობას გაძლევთ და თქვენი იმედიც მაქვს, რომ ახლებსაც დავრგავ და ძველებსაც მოვუვლი, შეძლებისდაგვარად. ახლა მინდა, უფრო მხიარულ ამბებზე გადავიტანო თქვენი ყურადღება: 29 თებერვალს, ჟურნალის გამოსვლის დღეს, ჩვენს დიზაინერ გუკას 4 წელი შეუსრულდა! გააანალიზეთ? მოცარტი 5 წლისა წერდა ნაწარმოებებს და ეს 4 წლისა მხატვარია უკვე, ფოტოშოპის ოსტატ–ვუნდერკინდი! რედაქციის სახელით ვულოცავ და წინსვლა–წარმატებას ვუსურვებ!

ერთი წუთით... მე მოგატყუეთ...  29 თებერვალს ჟურნალის მხოლოდ ყდა გამოვიდა, მასალები 3 მარტის გვიან ღამით დავასრულე. მაგრამ ეს ფაქტი საზეიმო ელფერს უფრო ამრავალფეროვნებს, რადგან ამ დღეს ერთ ცეცხლოვან გოგოს აქვს დაბადების დღე! ვის? ვის და ბეღურას, რომელსაც ჟურნალსერიალ „უკანასკნელი იმპერატორის“ მომდევნო სერიებში გაიცნობთ ვენესუელის მოსამართლის როლში. ის სინამდვილეშიც იურისტია და მეც მიყვარს იურისტები! ბედნიერებას და წარმატებას ვუსურვებ პირად ცხოვრებაშიც და კარიერაშიც!

კიდევ ერთიც, არ გაგიკვირდეთ, რედაქტორის ბერძნულორნამენტიანი სვეტის ნაცვლად ხის მორი თუ დაგხვდათ მომდევნო ნომრებში. ჯერ ერთი, „რედაქტორის ხე“ ორიგინალურია, მეორეც – მერიის წყალობით, მორები არ მოგვაკლდება, როგორც ჩანს...

No comments:

Post a Comment