ჟურნალის ყდა — მაგიური და მიმზიდველი. თუ ოდესმე ჟურნალის ყდაზე მოხვდებით, იგრძნობთ, რომ ეს უბრალო ფოტო არ არის. ამით თითქოს მთელი ჟურნალი თქვენ გეძღვნებათ, მთელი ქვეყანა ნახავს თქვენს სურათს, ყველა შეგიყვარებთ და აქედან პოპულარულობამდეც ერთი ნაბიჯია. პოპულარულობა კი ის არის, რაც უმეტეს ჩვენგანს ასე ძალიან გვინდა და მისი გულისთვის უამრავ ოინბაზობას ჩავდივართ.
ჟურნალის ყდა მარტო თქვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, ის ჩვენი, ჟურნალების, სავიზიტო ბარათია. ლამაზად გაფორმებული ყდა ჟურნალის წარმატებას ნახევარია და სულაც არ აქვს მნიშვნელობა, სტატიები საინტერესო იქნება თუ არა. მაგალითისთვის „მართლა შოკოლადის“ პირველ ნომერს მოვიყვან, რომლის ყდაზეც თეთრკაბიანი აღშფოთებული გოგო ეხატა. დაკვირვებული მკითხველი მის შესახებ მხოლოდ იმას გაიგებდა, რომ შოკოლადებით დატვირთული ყვითელი იახტა აჩუქეს და ასე მოიგეს მისი გული, ხოლო შოკოლადებს ისევე შეჭამდა, როგორც თქვენ ანალოგიურ სიტუაციაში. მიუხედავად ამ იდუმალებისა, ჟურნალის პირველმა ნომერმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა. საქართველოს ყველა რეგიონიდან, განსაკუთრებით ბათუმიდან, გვირეკავდნენ და გვიგზავნიდნენ შოკოლადებს ამ არაჩვეულებრივი გოგონასთვის გადასაცემად. რადგან მისი კოორდინატები დაუდგენელია, შოკოლადები ჩვენს რედაქციაში ინახება და პატრონს ელის.

ასე, რომ სარედაქციო საბჭომ თითქმის ერთხმად გადავწყვიტეთ ჟურნალის ყდაზე სამშობლოზე დარდით დაღლილი ადამიანი დაგვებეჭდა. თითქმის ერთხმად იმიტომ, რომ ამ იდეის მოწინააღმდეგე პირველი იდეის მოწინააღმდეგე იყო, რომელმაც გაგვაფრთხილა - დაგვიჭერენო და თავად თავი შეიკავა გადაწყვეტილების მიღებისგან.
დღის წესრიგის მეორე საკითხი იყო - ვინ დაგვებეჭდა. ისევ იმ ორი ფავორიტის პრაქტიკას გადავხედეთ. პირველმა თავის ყდაზე პირველი ქართველი მილიარდერი დაბეჭდა, მეორემ - პირველი ქართველი აღმშენებელი. ჩვენც გადავწყვიტეთ ვინმე პირველი დაგვებეჭდა და ფოტოზე ქასთინგი გამოვაცხადეთ. რედაქციაში უამრავი მსურველის ფოტო შემოვიდა: პირველი წითურთმიანი, პირველი კლავიატურის კაი ბიჭი, პირველი შავი იუმორისტი, პირველი შაურმის გურმანი, პირველ მერხზე მჯდომი, პირველი მორცხვი, რომელსაც ფოტოს გამოგზავნისაც კი შერცხვა...
დიდი ბჭობის შემდეგ არჩევანი ჩვენს პირველ მკითხველზე შევაჩერეთ, რომელიც, ამავდროულად, პირველი მძიმეწონიანი მკითხველიც არის. მისმა ფოტომ დააკმაყოფილა გამოცხადებული კონკურსის პირობები და გადაღების დროს ფიქრობდა, „ეს მინდა“-ო. რას იფიქრებდა ფოტოგრაფი, თუ მართლა უნდოდა და ფოტოსესიის დამთავრებისთანავე შეჭამდა შოკოლადის დეკორაციებს?!

ჰაჰ! ქურდის ქურდები გამოვედით... ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიმბაძველობა და სხვის მსგავსად პოპულარულობის მოპოვება ძალიან დაბალი დონეა. პლაგიატიზმი ადამიანის უნიკალურობას სპობს და სკოლაში საკონტროლოს გადაწერისას ჭკვიან მოსწავლეზე დამოკიდებულივით გხდის. დამოკიდებული მანამ, სანამ თავის რვეულს მასწავლებელს არ ჩააბარებს და ამასთან, დაშვებული გექნება ყველა ის შეცდომა, რაც მან დაუშვა.
ამიტომ, იყავით დამოუკიდებლები, ორიგინალურები, გამორჩეულები და ნებისმიერი ჟურნალის ყდაზე მოხვდებით. მე მჯერა, რომ თქვენ მართლაც გამორჩეულები ხართ. თუ სურვილი გაქვთ, შემოუერთდით ჟურნალ „მართლა შოკოლადს“, ითანამშრომლეთ ან უბრალოდ, იკითხეთ და გაერთეთ ჩვენთან ერთად მისამართზე: www.martlashoko.blospot.com.
No comments:
Post a Comment