Wednesday, February 29, 2012

კარლასა და ბიჭუნას გასტრონომიული მოთხოვნილებები

გაკვირვებული შეჰყურებდა ბიჭუნა იდუმალ სტუმარს, უკვირდა საიდან გაჩნდა ეს გოგონა აქ. განსაკუთრებით კი მისი კაბა აოცებდა, ჭრელაჭრულა კაბა ახალგაღვიძებულ თვალებს ჭრიდა:
-გაიღვიძე პატარავ? - ჰკითხა იდუმალმა სტუმარმა და გადაიკისკისა.
-ვინ ბრძანდებით? - გაკვრივებულმა ბიჭუნამ კითხვაზე კითხვით უპასუხა.
-მე კარლა მქვია, შენ? - ეშმაკური თვალები მიანათა ბიჭუნას.
-მე...  ბიჭუნა - ეშმაკურად გაუღიმა კარლას.
-შენ ხარ ჩემი ახალი მეზობელი? - მხიარულად თქვა კარლამ - ყველაზე ძალიან რა გიყვარს?
-შოკოლადი - სერიოზულად უპასუხა ბიჭუნამ.
- რა დამთხვევაა! - წამოიძახა კარლამ, - მეც ყველაფერს შოკოლადი მირჩევნია, გაქვს შოკოლადი?
-არა, არ მაქვს - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ბიჭუნამ - მშობლები არ მაჭმევენ...
კარლა ჩაფიქრდა, ბიჭუნა გაკვრივებული მიშტერებოდა:
-მოვიფიქრე! - წამოიძახა კარლამ, - შოკოლადი უნდა მოვიპაროთ, ჩვენც ვჭამოთ და სხვა ბავშვებსაც ვაჭამოთ, რომლებსაც მშობლები უშლიან.
-მართალია ! - შეჰყვირა ბიჭუნამ და ცქმუტვა დაიწყო, - მაგრამ, რა უნდა გავაკეთოთ? - დაეჭვდა ბიჭუნა.
-ადვილია - თქვა კარლამ - თოკი  და ბინოკლი დაგვჭირდება.
-რატომ? - ჩაეკითხა ბიჭუნა.
- გეგმა მაქვს! - და ბიჭუნას ჩურჩულით აუხსნა, რომ ჩვენ ვერ გაგვეგონა.

-ძალიან კარგი! -შეჰყვირა ბიჭუნამ - როდის ვიწყებთ?
-ნუ ჩქარობ პატარავ - გაუღიმა კარლამ, - ჩემს მეგობარ ტომის დავურეკავ,  ბინოკლს და თოკს გვიშოვნის და ადგილსაც გვეტყვის, - კარლა მხიარულად დაბზრიალდა, სხეული შექანდა, იატაკიდან დაიძრა და ჭერისკენ აიჭრა. ბიჭუნა ამ ყველაფერს გაოგნებული შეჰყურებდა, კარლა დაფრინავდა.
-მოგწონს? - ჰკითხა კარლამ.
-ძალიან მაგარია - უთხრა ბიჭუნამ, - ხომ ვიფრენთ ერთად?
-რათქმაუნდა! - უპასუხა კარლამ, - აი, ტომიც რეკავს...
კარლა ტომს ესაუბრა მობილურზე, შემდეგ კი ძირს ჩაფრინდა და ტომს შეხვდა, ბიჭუნა კიდევ უფრო გაოგნდა, ტომი კატა იყო და მოტოციკლეტზე იჯდა, ტომმა კარლას გადასცა ნივთები და ობიექტიც მიასწავლა.          კარლა ოთახში ნივთებით დაბრუნდა, ბიჭუნას ზურგჩანთაში ჩააწყო, ბიჭუნას ხელი მოხვია და მასთან ერთად გამოფრინდა ფანჯრიდან.
-რა კარგია! - ხარობდა ბიჭუნა.
მიფრინავდნენ ბიჭუნა და კარლა, ორივე მომავალ ძარცვაზე ფიქრობდა.  მალევე მიფრინდნენ დანიშნულების ადგილას. სკვერში, სადაც ტკბილეულის მაღაზია იყო, ცოტა ხალხი მოძრაობდა, თან ყურადღება ხეებისკენ ჰქონდათ გადატანილი, რომლებსაც დაუდგენელი პირი ჭრიდა და სატვირთო მანქანით გაჰქონდა. კარლამ ბიჭუნა ტკბილეულის მაღაზიასთან ახლოს მყოფ მაღალი ხის ტოტზე ჩამოსვა, თვითონ კი სხვა ხეზე გადაფრინდა. თოკი ხის ტოტზე გადაკიდა ისე, რომ ჭოჭონაქის პრინციპით ბიჭუნას აწევა შესძლებოდა. ერთი ბოლო ხელში დაიჭირა, მეორე კი ბიჭუნას მოაბა. კარლამ კვლავ გაიხედა ბინოკლში. ირგვლივ კვლავ ცოტა ხალხი მოძრაობდა, კარგი დრო იყო მოქმედებისთვის, ტოტზე ჩამოჯდა და ბიჭუნა ნელ ნელა ძირს დაუშვა. ნელ-ნელა ბიჭუნა დაბლა იწევდა, თრთოდა, ეშინოდა. იქით ბოროტი ხისმჭრელები ეჩხუბებოდნენ გამვლელებს, აქეთ ბოროტი გამყიდველი აკრაჭუნებდა კბილებს და დახლის ახლოს მოტრიალე ბავშვებს ეჩხუბებოდა.
ბიჭუნა ტკბილეულის ჯიხურში საჰაეროდან შეძვრა და შოკოლადებს მიუახლოვდა. ერთი იქვე გადასასნლა, მერე მოიხსნა ზურგჩანთა და შოკოლადების ჩაწყობა დაიწყო. ცოტა ხანში ჩანთაც გაავსო და კარლას ანიშნა აეწია . ის ის იყო, კარლას ბიჭუნა უნდა აეწია რომ ხის ტოტიდან ბინოკლი ჩამოუვარდა და გამყიდველს თავში მოხვდა.  გაკვირვებული გამყიდველი ჯერ იქით–აქეთ იყურებოდა, მერე უკან მიიხედა და ბიჭუნას დანახვაზე განგაში ატეხა. 
შეშინებულმა ბიჭუნამ თოკი მოიხსნა და გაიქცა. გარბოდა და უკან მისდევდა გამყიდველი, ლანძღვით და მუქარით... ბიჭუნამ ქუჩა გადაჭრა და ჩიხში შევარდა. გამყიდველმა ბიჭუნა კედელთან მიიმწყვდია. დარწმუნდა რა, რომ ვეღარსად გაექცეოდა, ნელი ნაბიჯით უახლოვდებოდა და თან უხსნიდა, როგორ აუწევდა ყურებს და ქოჩრით როგორ ითრევდა. ბიჭუნას შეეშინდა. ეგონა, რომ მისი აღსასრული დადგა, მაგრამ ამ დროს კარლამ გამყიდველს თავზე დიდი ქაღალდის პარკი ჩამოაფარა, ბიჭუნას ხელი მოჰკიდა და მასთან ერთად აფრინდა...
 სახლის სახურავზე ისხდნენ და არცერთი ხმას არ იღებდა, ბოლოს ისევ კარლამ ამოიღო ხმა:
-შეგეშინდა?
-ცოტა, - უპასუხა ბიჭმა და გაიღიმა, - აი შოკოლადიც გვაქვს არ ვჭამოთ?
-ვჭამოთ! - შესძახა კარლამ და შოკოლადების გახსნა დაიწყეს.
გემრიელად მიირთმევდნენ შოკოლადებს, შავებს, რძიანებს, თხილიანებს თუ ჟელეიანებს, მაგრამ მალე შეამჩნიეს, რომ ჩანთაში აღარფერი დარჩა:
-ეჰ, სხვა ბავშვებისთვის აღარ დაგვრჩა... - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ბიჭუნამ.
კარლამაც მოიწყინა, გულწრფელად სურდა ბავშვებისთვის შოკოლადი მიეცა, მაგრამ მსუნაგობამ მასაც გადაავიწყა ეს კეთილი ზრახვები. ნაღვლიანი თვალებით შეჰყურებდნენ ჰორიზონტს კარლა და ბიჭუნა. უცებ კარლა გამოცოცხლდა, მზერა გაუნათდა და გახარებულმა შეჰყვირა:
-მოვიფიქრე! - ბიჭუნას ხელი ჩაჰკიდა, წამ ოდგა და ხმას ბოლომდე აუწია, - ჩვენ გავძარცვავთ ქარხანას!
და ხელი ქალაქის გარეუბანში მდგარი გაკაშკაშებული შოკოლადის ქარხნისკენ გაიშვირა. ბიჭუნასაც აუციმციმდა თვალები და ისიც წამოდგა.
-ეს მინდა! - თქვეს ერთხმად.
musolini

No comments:

Post a Comment