Monday, July 1, 2013

1 ივლისი - ინტერნეტზე ჩამოკიდებულების დღე



ალბათ, ყველას გახსოვთ შარშანდელი 1 ივლისი, როცა ჟურნალმა მკითხველებთან ერთად ინტერნეტდამოკიდებუ- ლებას შეუტია აქციით, რომელსაც მოვლენების განვითარების შესაბამისად, ორიდან ერთი ფინალი შეიძლება ჰქონოდა: ან ინტერნეტზე დამოკიდებულების, ან ინტერნეტისგან დამოუკიდებლობის დონის განსაზღვრა. რადგან ორივე შემთხვევა გათვალისწინებული იყო, შეიძლება ითქვას, რომ აქციამ წარმატებით ჩაიარა და აქციის მონაწილეთა სიმცირის შესაბამისად, 1 ივლისი გამოცხადდა ინტერნეტზე დამოკიდებულების დღედ, ვინაიდან შოკოლადებითაც კი ვერ გამოვიტყუეთ მკითხველთა უდიდესი ნაწილი ინტერნეტს მიღმა, პუშკინის სკვერში.
მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, თუმცა ამის ასე დატოვებას არ ვაპირებდით. ბოლო ერთი თვე მაინც ვემზადებოდით ცხოვრების ამ მავნე ჩვევაზე, ინტერნეტდამოკიდებულე-ბაზე, რევანშის ასაღებად. თუმცა, მანამდე ჩვენი ერთგული მკითხველის დაჟინებული თხოვნით ვცადეთ გაგვეახლებინა საბავშვო ნახატების კონკურსი და, თუ ჩვენს ფეისბუქის გვერდსაც სტუმრობთ ხოლმე, შეამჩნევდით სარეკლამო ფერად ბანერს, რომელიც პატარებს კონკურსში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებდა. როგორც ჩანს, პატარებმა ნახატების ხატვას ინტერნეტში სათამაშოდ ძრომიალი არჩიეს და კონკურსიც ვერ შედგა.

მხიარული რითმები

ეს გვერდი დაეთმობა ნინო დარბაისელის "მხიარულ რითმებს". მისი პატარ-პატარა ლექსები ერთობ საჭირბოროტო საკითხებს მხიარულად აშუქებენ, რაც განწყობის ამაღლებასა და ამა თუ იმ მოვლენის სხვა თვალით დანახვებაში გვეხმარება.



* * *
იმდენი ვიძახეთ,
იმდენი ვიმღერეთ:
“ჩვენ ერთი გუნდი ვართ!
ჩვენ ერთი გუნდი ვართ!”
გაგვისკდა საქმე და
ცალ-ცალკე გავრბივართ!
არც შინ და არც გარეთ
არავის ვუნდივართ.


(გამოხმაურება "სპლიყვის" აწდახურულ თემაზე, "იყიდება ბილიარდი")
-იყიდება ბილიარდი!
- ნეტა, რა ღირს?
- მილიარდი.
- რა მოჰყვება?
- კია
-გატეხილი კია.
- სამკუთხედში - “შარები”, დამატებით შარი...
- შარი ჩვენიც გვეყოფა, უკვე ყელში არი...
თანაც, სად დავატიო?
იოლია განა,
ბილიარდის გულისთვის ა ვ ა ნ გ რ ი ო ბ ა რ ი ?

იაპონური ხატვა N10

ამ ნომერში, ტრადიციულად, გთავაზობთ იაპონურ კროსვორდს, რომლის ამოხსნის შემდეგ იხილავთ დაპიქსელებულ სურათს.
მისი ამოხსნის წესი ასეთია: თითოეული სვეტისა თუ სტრიქონის თავში დაწერილი რიცხვი აღნიშნავს ამ სვეტსა თუ სტრიქონში არსებული ხაზის სიგრძეს (კუბიკებში). თუ 2 ან მეტი რიცხვი წერია, ეს ნიშნავს, რომ აქ 2 ან მეტი ხაზია და მათ შორის მინიმუმ 1 ცარიელი კუბიკია. ჩართეთ ლოგიკა და შეუდექით ამოხსნას ჯერ ყველაზე გრძელი ხაზის გაფერადებით და შემდეგ ყველაფერი ლოგიკურად დალაგდება.
ამოხსნილი გამოსახულება შეგძლიათ იხილოთ აქ, თუ დააწვებით "წაიკითხე"-ს.

Monday, April 1, 2013


რედაქტორის ხე (ნაძვი)


ლურჯი იების თოვლი


იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა? იყო ერთი ზღაპარი, რომელშიც ერთ ხელმწიფეს ჭირვეული ასული ჰყავდა. მეფეს ერთადერთი შვილი ისე ჰყავდა განებივრებული, რომ ყველაფერი, რასაც დაინახავდა ან გაიგონებდა, სათავისოდ უნდოდა. ერთხელ ამ ზღაპარში შორეული ქვეყნიდან ვიღაც ჩავიდა და ამბავი ჩაიტანა: საიდანაც მოვდივარ, განსაკუთრებულად კარგი ქვეყანაა და ზამთარში ლურჯი იების თოვლი მოდისო. ეს ამბავი მეფის ასულის ყურამდე მივიდა თუ არა, მაშინვე მასაც მოუნდა ლურჯი იების თოვლი, მაგრამ ეგრე სად იყო? სანამ ერთი ბრძენის რჩევით მთელი ქვეყანა იმ შორეულ ქვეყანასავით კარგად არ მოიქცა, მანამ არ მოვიდა ზღაპრის ქვეყანაში ლურჯი იების თოვლი...


თოვლი კარგია, ლურჯი იების მით უფრო, მაგრამ დღეს პირველი აპრილია და გილოცავთ ახალ წელს, რომაულ ახალ წელს.

ცოტა რამაა საჭირო ადამიანებში დაბნეულობის გამოსაწვევად. მაგალითად, ჟურნალის თარიღი ახალი წლის მოლოცვას თითქოს უნდა ემთხვეოდეს, მაგრამ აპრილიც რომაა? ამ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს: ჩვენი ჟურნალი ოდითგანვე გამოირჩეოდა ინოვაციებით, წინა ნომერიც ამის დასტურია. გვინდოდა უფრო ინოვაციური ყოფილიყო მომდევნო ნომერიც და ამისთვის ჟურნალის ციფრული ვერსია 2012 წლის 10 დეკემბერს ზეუსწრაფესი გზავნილით გავაგზავნეთ პლანეტა ნიბირუს ულტრათანამედროვე სტამბაში და ჟურნალი 12 დეკემბერს უნდა გამოსულიყო (პლანეტასთან ერთად)... თუმცა, იქ ჩვენზე უარესი საფოსტო მომსახურება ჰქონიათ და დაბეჭდილმა ჟურნალმა „ცოტათი“ დააგვიანა ან აგვცდა (მიუხედავად ყდაზე დატანილი შტამპისა „Express delivery“).

სურნელოვანი ნიკაპი


მოგეხსენებათ, კარლოს სანტანა "საპნის ოპერების" ყველაზე სასურველი მამაკაცია. მისი საფირმო ნიშანი კი, არა მისი ათლეტური ტანი, არამედ მისი ნიკაპი გახლავთ. 2012 წლის გამოკითხვის თანახმად, მისი ნიკაპი, პლანეტის ყველაზე სექსუალურ ნიკაპად აღიარეს.

ერთი შეხედვით, სანტანას ნიკაპი თითქოს ჩვეულებრივი ნიკაპია, რომელიც მხოლოდ დიდი ზომით გამოირჩევა, თუმცა არც ასეა საქმე. როგორც ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, სანტანას ნიკაპი გამოყოფს სურნელოვან ნივთიერებას, რომელიც მდედრობითი სქესის წარმომადგებლების სექსუალურ აღზნებას იწვევს. "საპნის ოპერების" სექსბომბად წოდებული მონიკა როდრიგესი ამბობს: "მისი ნიკაპის სურნელი გაზაფხულის ნაადრევი ყვავილებისა და თაფლის სურნელების შერწყმაა, სწორედ ამ სურნელების გამო მივანდე კარლოსს ჩემი სხეულის ყოველი ნაკვთი". მეცნიერები ასევე საუბრობენ, რომ კარლოსის ნიკაპს შეუძლია გამოყოს ისეთი ფერმენტები, რომლებიც საშვილოსნოს ავთვისებიან სიმსივნესაც კი კურნავს. ცხადია, რომ ეს მოვლენა ყოვლად ამოუხსნელია. ბრიტანელი მეცნიერების ვარაუდის დონეზე კი, მიზეზი  კარლოს სანტანას დედაა, რომელიც ყვავილოვან მდელოზე გააუპატიურეს ნასვამმა მეფუტკრეებმა.

ვაშლის და მსხლის ღვინის რეცეპტი 2


ნინო ხოფერიას „საოჯახო წიგნის“ მიხედვით

ნაწილი მსხალი


მე უტვინო ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი,
ვის ჰმორჩილებს ჯარი ბაღნთა, მისთვის ვხელობ ცოცხალმკვდარი,
დაიფანტოს სიავდრე და დამდგარიყოს კარგი დარი,
კვლა ვიტყვი, რომ რუსთველთანა არა ვარ მე შესადარი.

მინდოდა მეთავებინა და შემეწყვიტა მე ლექსი,
მარა მნებს, რომ მე დავწერო მსხლისა ღვინისაც რეცეპტი,
ვითხოვ შეწევნას თქვენგანა, დამრთოთ უტვინოს მე ნები,
სხვა რა უნდა ვქნა, მასა ვიქმ, ვწერ მასა, რაცა მენების.

მსხლის ღვინოც ისე კეთდება, როგორც კეთდება ვაშლისა,
ეს განსხვავება ერთია, სხმა არ სჭირდება წყალისა,
მსხალში შაქარიც ბევრია, რაოდენობაც წყალისა,
ამიტომ ღვინო-ბურახი ბევრად ტკბილია მსხალისა.

თუ გვინდა რომ მსხლისა ღვინო არ-შუშხუნა, იყოს ტკბილი,
ხუთ დღეს ერთხელ ვასხათ სხვაგან, არ ვაცადოთ მას დუღილი,
ბოლოს სარდაფს შევინახოთ, ჰერმეტულად დაცობილი,
თიხის ჭურჭელს შენახული ღვინო ხდების მეტად ტკბილი.

შამპანურივით შუშხუნა ღვინოს დრო უნდა ცოტა,
წვენი ჩავასხათ, მოვძებნოთ კასრი ან დიდი ბოცა,
კასრი გოგირდით შევბოლოთ, წვნის ჩასხმა უნდა როცა,
ჩასხმიდან დადუღებისთვის მცირე სჭირდება დროცა.

რა გველის გველის წელში?


ჩინური კალენდრის მიხედვით 2013 წელი შავი გველის წელიწადია. ეს წელიც გველივით სწრაფი და მოქნილი იქნება, მოვლენებიც დინამიურად განვითარდება. ამიტომ წინდახედულობა და გამჭრიახობა უნდა გამოვიჩინოთ. ისე, ცოდვა გამხელილი სჯობს და ჩვენში გველები დიდად არ ევასებათ. ვინ იცის, გველის დანახვისას რამდენი გაქცეულა წივილ-კივილით, ან რამდენს გაუჭეჭყია მისთვის თავი ისე, სინდისის ქენჯნის გარეშე?! შედარებით განვითარებულ და კომპიუტერთან მიმჯდარ ადამიანებს კი უკვირთ, რანაირად შეიძლება გველმა იმუშაოს კომპიუტერთან, ctrl+alt+delete-ს როგორ დააჭერსო? ბრიტანელი მეცნიერები კი უფრო შორს წავიდნენ და იკვლევენ, გველი ცხოველია თუ კუდი.
აი, ჩინელებთან კი ყველაფერ პირიქითაა - გველი, არამარტო საკვები, არამედ სილამაზისა და სიბრძნის სიმბოლოა. 2013 წელსაც სწორედ სილამაზე და სიბრძნე იქნება დაფასებული. შესაძლებელია, ადამიანებმაც შეიცვალონ იმიჯი გველის მსგავსად, რომელიც პერანგს იცვლის ხოლმე, და განსხვავებულ ამპლუაში მოგვევლინონ. წელს არ იქნება ომები და ღია დაპირისპირება, სამაგიეროდ უხვად იქნება გესლიანი სისინი და ჭორ-ინტრიგების აგორება. ჩვენმა ასტოლოგმა, ჩონჩხის ჭვრეტამ, რომელიც სხვათაშორის, ჩონჩხის მზერას გარე ბიძაშვილია, წლის „კვირის პალიტრაში“ განჭვრიტა მიმდინარე წლის ასტროლოგიური პროგნოზი და ზოდიაქოს ცამეტივე ნიშანს მოუთხრობს, დაახლოებით როგორ განვითარდება მათ ცხოვრებაში მოვლენები.

უკანასკნელი იმპერატორი (მე-10 სერია)


სადღაც ერთი დაგრეხილი ჩიტი ცხოვრობდა... ისე იგრიხებოდა, ავატარზე თვალები ზურგზე გაურბოდა... ხანდახან ფეხი ეკეცებოდა და ბალანი ცვიოდა, უფრო სწორად ბუმბული. ეს ჩიტი საგვარეულო იყო და იმპერატორებს შთამომავლობით გადაეცემოდა, ხოლო იმპერატორები კი ბებოებს აწველინებდნენ, რათა ვენესუელის მოსახლეობას ჩიტის რძე არ მოჰკლებოდათ. ვინაიდან  ბებოები სწრაფად ვერ დარბოდნენ და, მითუმეტეს, ვერც ფრინავდნენ, ქვეყანაში ჩიტის რძის დეფიციტი იყო ხოლმე. იმპერატორმა Sh@ko-მ ერთ-ერთ პრიორიტეტად დაგრეხილი ჩიტის მოშინაურება და მისთვის გალიის აშენება დაისახა.

იმპერატორმა ვენესუელის ჯადოსნურ ტყეებში ბევრი იარა, მაგრამ ჩიტის ასავალ-დასავალს ვერ მიაგნო. ბედად, მდელოზე ყვავილებით მორთულ  შუქნიშანთან დაჭედებული გვირილების გვირგვინიანი პოლიციელი შენიშნა, რომელმაც, მართალია, ჩიტისკენ მიმავალი გზა ვერა, მაგრამ სამი ჯადოქრის სახლის გზა კი მიასწავლა. ჯადოქრების: iato-ს, Sunny-სა და Chilli-ს სახლი სულ მათი წითური თმებივით იყო აბურდული. როგორც აღმოჩნდა, ჩიტი სულ თავიდან მათ დაგრიხეს და პირველ იმპერატორს უსახსოვრეს. მათ Sh@ko-ს ჩიტი აპოვნინეს და დაგრეხილი გალიის აშენებაშიც დაეხმარნენ, რადგან ჩიტი ჩვეულებრივი  გალიებიდან ადვილად იპარებოდა. ამის შემდეგ იმპერატორი თვითონ წველიდა ჩიტს და მოსახლეობასაც ჩიტის რძე არ აკლდა.