Wednesday, November 28, 2012

"ამირანდარეჯანიანი"

( *-ით აღნიშნული ფრაგმენტი აღებულია ჟურნალ „ნიანგის“

ერთი ძველი ნომრიდან, რომელზეც აიწყო მთელი ბალადა)


იყო ჩაბალხეთს ამირან, ბიჭი ძველ-ძველი, სვიანი,
მას ძმებიც დაუდიოდა - ბადრი და უსუპიანი,
ბევრი ჭამა-სმა უყვარდათ, მწვადები მარილიანი,
შოთები თონეს ჩაკრული და ღვინო გემოიანი.

ამირანს ჭამა უყვარდა, სუფრას ვერ შეელეოდა,
ცხრა დღესა და ცხრა ღამესა სუფრა არ ალაგდებოდა,
სუფრის თავსა და ბოლოში მწვადი არ დაილეოდა,
მამის დანატოვ მარანში ღვინო არ დაიცლებოდა.

მეათე დღესა დამთავრდა პურის ჭამა და სმაია,
იმათსა ნასუფრალზედა დარჩა პური და წყალია,
მამის დატოვილ ცხრა ჭურში ღვინო არ იდგა ნამია,
მარანში ბარკლების ნაცვლად ჭერზე ეკიდა ძვალია.

ამის მჭვრეტელსა ამირანს სახლს არ დაუდგა გულია,
არ უნდა შრომით ცხოვრება, პურის ჭამა-სმა სწყურია,
ამ ნანგრევებში რა უნდა, ჯიბეში უდევს ფულია,
თბილისში გამოემგზავრნენ, დატოვეს ქართლის გულია.

*სანადიმოდ წამოვიდნენ ამირან და ძმანი მისნი,
მოიარეს რესტორნები, მეათეი “ისიდნისნი”,
პროსპექტს ფეხი აერიათ, ნაყლაპ იყვნენ “წინანდლისი”,
გზად ირინე გამოუხტათ, ოქრო იყო თმანი მისნი.

შუაღამეს კაფე ნახეს, ანაგები ბროლის ქვისი,
მოუარეს გარემურგვლად, ვერ უპოვეს კარი მისი,
სადაც ბადრიმ მუშტი დაჰკრა, ამირანმა - მუხლი მგლისი,
კაფემ პირი იქ დაარო, იქ ჩაიმტვრა მინა მისი*.

ბარში დევი წოლილიყო, გამძრევ არ ვინ იყო მისი,
გამომთვრალა, სადღაც ხეთქა “წარაფისი”, “მანავისი”,
ხელში ჯიხვი ჩაებღუჯა და ხვრინავდა გლახად ისი,
იქვე გვერდით ბოცა იდო, ღვინო ესხა კახეთისი.

ბადრი, უსუპ და ამირან სუფრასა მიუსხდებიან,
ღვინოს დაისხმენ, ერთურთსა სადღგრძელოებს ეტყვიან,
დააყოლებენ მწვადებსა, გემოზე იზმორებიან,
მისსა საწყალსა პატრონსა სამადლობელს არც ეტყვიან.

ბაყბაყ დევს გამოეღვიძა, იწყო საზარლად ღრიალი,
ამირან დევი შეიბნენ, კაფეს გაჰქონდა გრიალი,
ამირან დევი ძირს დასცა, დააწყებინა ღრიალი,
დასცა და შუშები დასკდა, მინამ გაიღო ზრიალი.

-ნუ მომკლავ, დარეჯანის ძევ, მწვადი გაფიცო ცვრიანი,
კახეთში კაცი გასწავლო, სახელად ელიბო ჰქვიანი,
ისეთ ღვინოებს აყენებს, დასხმისას გააქვს ჩხრიალი,
წასვლა ადვილი იქნება, მოსვლა გახდების გვიანი.

ელიბოსას გაემართნენ ბადრი, უსუპ, ამირანი,
მწყურვალისთვის მოკლე გზაი ერთი-ორჯერ გრძელი არი,
გზაში ყველგან შეუხვიეს, სადაც ნახეს კაფე-ბარი,
გზას მთვრალები აგრძელებდნენ, გადათელეს მთა და ბარი.


ელიბოს არც ისე ეამა მათი უდროო სტუმრობა,
ამირანს ღვინის სმის დროსა სულ არ უყვარდა ხუმრობა,
გაგდებასაც ვერ ბედავდა, იგრძნობა უხერხულობა,
მათი მტრად გადაკიდებას სჯობდა მათივე სტუმრობა.

ღვინო ძმებსა მოეწონათ, ბაყბაყს ტყვილა არ უქია,
ბადრის თქმით, სხვაი ღვინოი ამასთან მართლაც ფუჭია,
ძლიერ უზომოდ დალიეს, სულ აღარ შერჩათ ჭკუია,
ელიბოს ხუთი თვის სარჩო ხუთ დღეში გამოულია.

ღვინის უზომო დალევამ ქნა თავის გასაჭირია,
ბადრიმ, უსუპ და ამირან მოგჭამათ თქვენი ჭირია!

No comments:

Post a Comment