ვასრულებთ წინა ნომერში გამოქვეყნებული ახალგაზრდა,
ნიჭიერი, მაგრამ უცნობი ავტორის ნაწარმოებს. მოთხრობა დაიწერა 2003 წელს და 2012 წლამდე მხოლოდ ერთ ეგზემპლარად და ორ ასლად იყო
მთელ მსოფლიოში გავრცელებული. ერთი ასლი ბოროტ ადამიანს ჩაუვარდა ხელთ, მეორე –
ჩვენ, ხოლო დედანი – ავტორს. იმედია, აქ აღწერილი ამბავი ცოტათი მაინც შეგაყვარებთ საგან
მათემატიკას.
„სასამართლოს დადგენილებით შენი ქარხანა დაიხურება,
ანგარიშები გაიყინება, შენ კი აღარ გაბედო ამ ეშმაკის მანქანების გაკეთება, თორემ სამუდამოს
მოგისჯი და სულს ამოგაცლიო!“ - დამიბარა წასვლის წინ და კარები ისე გაიჯახუნა, ფანჯრებმა
ზრიალი დაიწყეს...
-უხ, მაგისი!... - ვეღარ მოვთოკე ნერვები, - რას გერჩოდნენ,
ან ხელსაწყოები რატომ წაგართვეს, იმ ნაძირლებმა?
-დამაცა, დავამთავრო. რომ დავლაგდი, მეც გული მომივიდა
და სასამართლოში გასაჩივრება გადავწყვიტე. იმდღესვე წავედი კიდეც ქალაქში, მაგრამ რაც
იქ ვნახე... უკან გამოვიპარე.
-რა ნახე ამისთანა?
-ელექტროშოკებით შეიარაღებული პოლიციელები ჩემს გვირგვინებს
ძალით თუ ნებით აგროვებდნენ და ნაგვის მაქანაში ყრიდნენ. ერთი გნიასი იდგა, ვიტრინები
და მანქანის მინები ჩამსხვრეული იყო, ნამდვილი ომი გეგონებოდა. სახლიდან ცხვირი აღარ
გამომიყვია, ინტერნეტიდან ვადევნებდი თვალს მოვლენებს. ყველა ტელევიზია და გაზეთი მე
მთათხავდა. მე მგონი, ლოგიკურიც იყო. ადამიანები ისე შიფრავდნენ ერთმანეთს, თითქოს
გადამწვარ ნათურას ამოწმებენ სინათლეზეო. ორი კაცი შეხვდებოდა ქუჩაში ერთმანეთს, ორივე
თავ-თავისთვის მიმავალი, უცებ ატეხავდნენ ჩხუბს და ჩაითრევდნენ სხვებსაც. ვითომ უმიზეზოდ,
მაგრამ, ალბათ, ერთმანეთის აზრებს რადგან კითხულობდნენ, მაგიტომ. ეგ კი არა, მეც ლამის
ვცემე რამდენიმე ჩემზე ცუდად გაფიქრების გამო. ისე გახშირებულა ასეთი ჩხუბები, რომ
პირდაპირ ეთერშიც კი იღებდნენ. ამასთან, უმუშევრობამაც მოიმატა, რადგან ყველა უფროსს
„მათემათიკოს გვირგვინი“ ეხურა თავზე.





