Friday, June 1, 2012

სად დაიხატა ტიმატიმ ხინკალ-ჩალაღაჯ ტატუ


და რა გადახდა თავს 1995 თუ 96 წლებში ყაზახეთში?

საქართველო ოდითგან იყო სტუმართმოყვარეობით განთქმული ქვეყანა, მაგრამ ამ ბოლო დროს სტუმრებმა, უცხოური შოუ–ბიზნესის წარმომადგენლებმა, ჩვენთან სიარულს მოუხშირეს, რაც ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაზე დადებითად ისახება. ჩვენმა ჟურნალმა შოუ–ბიზნესის წარმომადგენლების სტუმრობის სტატისტიკა შეადგინა და აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტჯერ მზიურ საქართველოს ტიმატი სტუმრობდა, რომელიც ამა წლის მაისში მეხუთეჯერ გვეწვია და რომელიც მისი ტატუებითაა ცნობილი – ჩემი სკოლის დროინდელი რვეულივითა აქვს გადაჯღაბნილი ყველაფერი (ალბათ, ყველაფერი). რომ გავიგე, ჩამოდიოდა, მე, „მართლა შოკოლადის“ მართლა ჟურნალისტმა, მარუსამ, თმა წითლად გადავიღებე და ტიმატის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გავეშურე, რათა ჩვენი მკითხველისთვის ინფორმაცია ობიექტურად მიმეწოდებინა მისი ტატუების შესახებ.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, გახდა რა,  ტიმატიმ თავისივე საინფორმაციო ღრუთი აღიარა, რომ მის სხეულზე ყოველი ტატუ მისთვის საყვარელ ან მნიშვნელოვან რამეს აღნიშნავდა. მან ასევე სიყვარული აუხსნა ქართულ სამზარეულოსაც, ამიტომ ეჭვი გვქონდა, რომ სადმე ხინკლის ან ჩალაღაჯის ტატუს დაიხატებდა და ჩვენი მისიაც სწორედ ამ ტატუს ფირზე აღბეჭდვა იყო. თუმცა, იმედი გაგვიცრუვდა – მზისა და ვარდების მხარეს საკმაოდ ჩაფუთნული სწვეოდა „შავი ვარსკვლავი“ და კისრის მალებისა და თითების ტატუს მეტი არაფერი უჩანდა.

ცხადია, ეჭვი შეგვეპარა მის გულწრფელობაში და იმაში, რომ ხაჭაპური, ხინკალი ან ჩალაღაჯი მართლა მოეწონა. თუ არ მოეწონა, არც დაიხატებდა, ხოლო თუ მოეწონა, ხომ დაიხატებდა? და თუ დაიხატა, რაღატომ მალავს? უტყდება?

გატყდომაზე გამახსენდა, პრესკონფერენციის შემდეგ ტიმატიმ კონცერტი გამართა ერთ–ერთ კლუბში და მის კონცერტზე სულ ძერსკე ნაროდე ჩითავდა. აი, ისეთები, რომ ჰკითხო რუსულებს და ჩქარებს რომ არ უსმენენ, მაგრამ კონცერტზე „წიმაწი, შეგვაფურთხეს“ გაიძახოდნენ.

კონცერტის შემდეგ ტიმატიმ დაცვის თანხლებით დატოვა კლუბი. ჟურნალისტები უკან ჩამოიტოვა და მათთან საუბარი რომ არ ეკადრა, უკანმოუხედავად მოკურცხვლას აპირებდა, მაგრამ მე წინ დავხვდი და იძულებული გახდა ერთ დასმულ კითხვაზე მაინც ეპასუხა.

მარუსა: – ტიმატი, „მართლა შოკოლადის“ მკითხველს აინტერესებს, გაქვთ თუ არა ხინკალ–ჩალაღაჯის ტატუ და თუ გაქვთ, რატომ მალავთ საგულდაგულოდ?

ტიმატი: – მოგესალმებით! ხინკლის ტატუ მართლა მაქვს და ვმალავ, იმიტომ, რომ მწარედ მახსოვს 1995 თუ 96 წლები...  ყაზახეთში ვიყავი გასტროლებზე, რათქმაუნდა, უმაიკოდ, ტატუები იმიტომ დავიხატე, რომ მაიკის მაგივრობა გაეწია, ჰოდა, იქაურმა ტატუს სალონებმა პაპარაცები დაიქირავეს, ჩემი ტატუები სულ PSD ფაილებად გადაიღეს და ახლა ნახევარი ყაზახეთი ჩემნაირი ტატუთი დადის, გამიბანძეს რა! მაგ პონტში ვუფრთხილდები ამ ხინკლის ტატუს, ძალიან მაგარი ტატუა და მინდა მარტო მე მქონდეს, რა. ახლა გავიქეცი, დასვიდანიე!

სანამ დავემშვიდობე, ტიმატი მართლაც უკანმოუხედავად გაიქცა და თან გაიყოლა ხინკლის ტატუს საიდუმლო. თუმცა, ჩვენ იმედი არ დაგვიკარგავს, ტიმატის აგენტ–პაპარაცს მივამაგრებთ, რომელიც ყველა კონცერტზე გაჰყვება და, იმედია, რომელიმე კონცერტზე მაინც გაიხდის მაიკას ხალხში სასროლად. ჩვენი პაპარაციც სწორედ მაშინ ჩააჩხაკუნებს ფოტოაპარატს და ხინკლის ტატუს ჩვენს ჟურნალში დავბეჭდავთ HD ხარისხში.

Maru

No comments:

Post a Comment