Sunday, April 1, 2012

გამრავლების ტაბულა


ჟურნალის ყდა — მაგიური და მიმზიდველი. თუ ოდესმე ჟურნალის ყდაზე მოხვდებით, იგრძნობთ, რომ ეს უბრალო ფოტო არ არის. ამით თითქოს მთელი ჟურნალი თქვენ გეძღვნებათ, მთელი ქვეყანა ნახავს თქვენს სურათს, ყველა შეგიყვარებთ და აქედან პოპულარულობამდეც ერთი ნაბიჯია. პოპულარულობა კი ის არის, რაც უმეტეს ჩვენგანს ასე ძალიან გვინდა  და მისი გულისთვის უამრავ ოინბაზობას ჩავდივართ.

ჟურნალის ყდა მარტო თქვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, ის ჩვენი, ჟურნალების, სავიზიტო ბარათია. ლამაზად გაფორმებული ყდა ჟურნალის წარმატებას ნახევარია და სულაც არ აქვს მნიშვნელობა, სტატიები საინტერესო იქნება თუ არა. მაგალითისთვის „მართლა შოკოლადის“ პირველ ნომერს მოვიყვან, რომლის ყდაზეც თეთრკაბიანი  აღშფოთებული გოგო ეხატა. დაკვირვებული მკითხველი მის შესახებ მხოლოდ იმას გაიგებდა, რომ შოკოლადებით დატვირთული ყვითელი იახტა აჩუქეს და ასე მოიგეს მისი გული, ხოლო შოკოლადებს ისევე შეჭამდა, როგორც თქვენ ანალოგიურ სიტუაციაში. მიუხედავად ამ იდუმალებისა, ჟურნალის პირველმა ნომერმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა. საქართველოს ყველა რეგიონიდან, განსაკუთრებით ბათუმიდან, გვირეკავდნენ და გვიგზავნიდნენ შოკოლადებს ამ არაჩვეულებრივი გოგონასთვის გადასაცემად. რადგან მისი კოორდინატები დაუდგენელია, შოკოლადები  ჩვენს რედაქციაში ინახება და პატრონს ელის.

უხილავი ბავშვების შოკოლადის არმია

მოგეხსენებათ, ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება, მაგრამ დღეს ინფორმაცია იმაზე უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მაშინ, ინტერნეტი რომ არ იყო. დიდი ფიქრი არ დაგვჭირდება იმისათვის, რომ ინფორმაციის ეს თვისება შეიძლება სასარგებლოდაც გამოვიყენოთ და საკუთარი თავი გავიპოპულარულოთ. ჰოდა, გადავწყვიტე, მომეძია გზები და  საშუალებები, რითაც ჩვენს ჟურნალს ცნობილს გავხდიდი.  ერთ მშვენიერ დღეს ინტერნეტში ხეტიალისას ვიდეოს გადავაწყდი, რომელიც მომიწოდებდა, გამევრცელებინა და ცნობილი გამეხადა მაქსიმალურად. რადგან ეს ჩემს გეგმებში არ შედიოდა, არც ვუყურე და არც გავავრცელე, ისე გავაგრძელე საქმიანობა. მაგრამ ვიდეო „არ მომეშვა“ და ახლა სხვა საიტიდან შემომძახა: შეჩერდი 30 წუთით და უყურე ვიდეოს! ჩვენ უნდა გავხადოთ Joseph Kony ცნობილი, რომ ათასობით ბავშვის სიცოცხლე და მომავალი გადავარჩინოთ!

ჯანდაბა! ვინ არის კონი? რატომ უნდა იყოს ცნობილი ის და არა მე? - ეს კითხვები ბუნებრივად გამიჩნდა, რადგან, რამდენადაც გვინდა ვიყოთ ცნობილები, იმდენად ვერ ვიტანთ ჩვენზე ცნობილ ადამიანებს. ვინაიდან ცნობილად ყოფნის სურვილი მაინცდამაინც არ მკლავს, შოკოლადისფერი ბინდი არ გადამკვრია გონებაზე და საღი აზრით დავიწყე ჟურნალისტური გამოძიება კონიზე და უხილავ ბავშვებზე.

წვიმად გადაქცეული და ჩვენთან გამოქცეული დედამთილი

ჩემი რძალი ფორუმელი აღმოჩნდა...


გასულ კვირას რედაქციაში სანდომიანი იერის ქალი გვესტუმრა. ქალბატონი 57  წლის ცუცად გაგვეცნო. ქალბატონი ცუცა დამსახურებული პედაგოგია. ბევრი სასახელო მამულიშვილი აღუზრდია და სემესტრის ბოლოსაც ყოველთვის ის იცინოდა ხოლმე.

მას სურდა თავისი ტრაგიკული ისტორია ჩვენი ჟურნალის მკითხველისთვის მოეთხრო და ჩვენც საშუალება მივეცით მისი ტკივილი თქვენამდე მოეტანა.

ცუცა:  25 წლიდან სკოლაში ვმუშაობ, 30-ის ვიყავი, როცა რეზიკო გავიცანი. მუცელში პეპლები ამიფარფატდა და პირველ დღესვე მივეცი უფლება ხელკავი გამოედო.  ასე გამოდება-გამოდებით მისი გავხდი და მალე თემურიკო შეგვეძინა.

ვანებივრებდით. ყველანაირად ვცდილობდით სასახელო ვაჟკაცად გაგვეზარდა. უნივერსიტეტშიც მოვაწყვეთ და ჩვენი ცხოვრება აპრილის ცაზე გამოჩენილ ცისარტყელას გავდა. თემურიკოც 25 წლამდე კალთიდან არ გვშორდებოდა, მაგრამ მალე ჩვენ ცხოვრებაში საშინელი უბედურება მოხდა.

უკანასკნელი იმპერატორი (მე-4 სერია)


ჟურნალი აგრძელებს სერიალის გამოქვეყნებას, რომელიც გადაღებულია რეალურ მოვლენებზე. მოქმედება მიმდინარეობს აწ გაუქმებულ მუსიქბოქსის ფორუმზე. ფილმი დიდი ხანი ინახებოდა გრიფით „საიდუმლო“. ჯერ არ აუღია არცერთი ჯილდო საერთაშორისო კინოფესტივალებზე, მაგრამ უქმად ყოფნას არ აპირებს... რაღაცა იქნება!

ვენესუელას მოსახლეობა თავს ყოველთვის უსაფრთხოდ გრძნობდა, რადგან თავდაცვის მინისტრი, Datka, ყველასაგან გამორჩეული ვაჟკაცი იყო. მისი ხმა, სხვა იუზერებისგან განსხვავებით, 105 მეგაჰერცზე მაუწყებლობდა, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ლაპარაკი. ვერ მიხვდით, რას ნიშნავს მაღალსიხშირიანი ლაპარაკი? კარგით, ვეცდები ავხსნა:

როდესაც ადამიანი ჩვეულებრივ სიხშირეზე მაუწყებლობს, იყენებს მის ბაზაში არსებულ კარგ სიტყვათა მარაგს და რაღაც დროის მერე, ეს მარაგი რომ ამოიწურება, ავტომატურად გამოურევს მის ბაზაში არსებულ ცუდ სიტყვათა მარაგს. (აბა, მარტო კარგ სიტყვებს ხომ ვერ იტყვი სულ, დამნ! ) შემდეგ ციკლი ისევ იწყება თავიდან... Datka-ს შემთხვევაში, რომლის სიხშირეც ჩვეულებრივს 4-5-ჯერ აღემატებოდა, კარგი სიტყვების მარაგი უფრო მალე იწურებოდა და ცუდი სიტყვების კორიანტელიც მალ-მალე დგებოდა.