Sunday, April 1, 2012

უკანასკნელი იმპერატორი (მე-4 სერია)


ჟურნალი აგრძელებს სერიალის გამოქვეყნებას, რომელიც გადაღებულია რეალურ მოვლენებზე. მოქმედება მიმდინარეობს აწ გაუქმებულ მუსიქბოქსის ფორუმზე. ფილმი დიდი ხანი ინახებოდა გრიფით „საიდუმლო“. ჯერ არ აუღია არცერთი ჯილდო საერთაშორისო კინოფესტივალებზე, მაგრამ უქმად ყოფნას არ აპირებს... რაღაცა იქნება!

ვენესუელას მოსახლეობა თავს ყოველთვის უსაფრთხოდ გრძნობდა, რადგან თავდაცვის მინისტრი, Datka, ყველასაგან გამორჩეული ვაჟკაცი იყო. მისი ხმა, სხვა იუზერებისგან განსხვავებით, 105 მეგაჰერცზე მაუწყებლობდა, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ლაპარაკი. ვერ მიხვდით, რას ნიშნავს მაღალსიხშირიანი ლაპარაკი? კარგით, ვეცდები ავხსნა:

როდესაც ადამიანი ჩვეულებრივ სიხშირეზე მაუწყებლობს, იყენებს მის ბაზაში არსებულ კარგ სიტყვათა მარაგს და რაღაც დროის მერე, ეს მარაგი რომ ამოიწურება, ავტომატურად გამოურევს მის ბაზაში არსებულ ცუდ სიტყვათა მარაგს. (აბა, მარტო კარგ სიტყვებს ხომ ვერ იტყვი სულ, დამნ! ) შემდეგ ციკლი ისევ იწყება თავიდან... Datka- შემთხვევაში, რომლის სიხშირეც ჩვეულებრივს 4-5-ჯერ აღემატებოდა, კარგი სიტყვების მარაგი უფრო მალე იწურებოდა და ცუდი სიტყვების კორიანტელიც მალ-მალე დგებოდა.


მართალია, ეს ცუდი სიტყვები ვენესუელის პოტენციური მტრის მიმართ ისმოდა ხოლმე, მაგრამ რადგან ვენესუელას სერიოზული მტრული ძალა არ ერჩოდა და ეს ცუდი სიტყვები მშვიდობიან მოსახლეობას მეტ-ნაკლებად დისკომფორტს უქმნიდა. ვენესუელის იმპერატორმა სცადა არსებული ვითარების დარეგულირება და ძველ სარდაფში ნაპოვნი ცენზორ-ფილტრატორი დაამონტაჟა ქვეყანაში (თავშეყრის ადგილებზე). ერთი ხანობა გაამართლა - ცუდი სიტყვების მაგივრად ისმოდა ხოლმე "პოკ-პოკი" ან "კვატ-კვატი". თუმცა მოძველებული ტექნიკა ხანდახან მაინც ხარვეზებით მუშაობდა, ამიტომ მოდერნიზაცია მუდამ გეგმაში იყო.

Datka-სგან განსხვავებით მისი მეუღლე Gvantsuka თბილი და საყვარელი იყო. გიჟმაჟ ქმარზე მშვიდი და გაწონასწორებული ცოლი ყოველთვის დადებით ეფექტს ახდენს და ცხოვრებაც უფრო მხიარულია. თუ Datka რამეზე გადაირეოდა და ცუდ სიტყვებს ტყვიამფრქვევივით ისროდა, Gvatsuka მოეფერებოდა და დააწყნარებდა. თუ Gvatsuka მოიწყენდა, Datka უმალ გაამხიარულებდა ხოლმე. ზოგჯერ Datka-ს სიბრაზის კოეფიციენტი ისეთი მაღალი იყო, მოფერება არ ჭრიდა, ამიტომ ვენესუელის მმართველმა Gvantsuka ბალიშებით შეაიარაღა, რომელთაც თავში ჩახათქუნების მერე დამაწყნარებელი ეფექტი ჰქონდა.

ცენზორ-ფილტრატორი სულაც არ სჭირდებოდა ვენესუელის ამომავალ ვარსკვლავს, მსახიობსა და მოდელს Natia-ს. იგი მუდამ მხიარული, ბედნიერი და გლამურული იყო. ისეთი მხიარული იყო, რომ ოტელოს გადაღებისას 239 დუბლი დასჭირდა დეზდემონას (რომელსაც თვითონ თამაშობდა) დახრჩობის სცენას. ოტელოს როლში ნამდვილი ზანგი იყო, მაგრამ ნერვიულობისგან ვერცხლისფერი ედო - როცა დასახრჩობად წაეტანებოდა, Natia-ს მხიარულად ეცინებოდა. ბოლოს რეჟისორმა დუბლიორი აიყვანა, ზანგს მუქი გრიმი წაუსვეს და სცენა ასე დაასრულეს. იმის მერე Natia-ს სულ მხიარულ როლებს აძლევდნენ.

Natia-ს ფოტოგენურობა მისმა დამ, Lela-მ შეამჩნია და ფოტომოდელადაც მან აქცია. მის თვალს არ გამოჰპარვია და ფოტოზეც აღბეჭდა ბევრი კადრი, რომელთა შორისაც გამოირჩეოდა ცეცხლოვან ვარდისფერ მაისურიანი ჩაფიქრებული Natia და Natia-ს ნარდში მარსის მოგებით გამოწვეული სიხარული. Natia და Lela ზოგჯერ კინკლაობდნენ. Lela ვენესუელაში არ ცხოვრობდა და, შესაძლოა, ამის გამო ეჩხუბებოდა კიდეც უფროსი და, აქ რატომ არ ცხოვრობო.

ვენესუელას ბევრი ემიგრანტი ჰყავდა, რომლებმაც აქ ცხოვრება არ ისურვეს...

გაგრძელება იქნება...

No comments:

Post a Comment