Wednesday, February 29, 2012
უკანასკნელი იმპერატორი (მე-3 სერია)
ჟურნალი აგრძელებს სერიალის გამოქვეყნებას, რომელიც გადაღებულია რეალურ მოვლენებზე. მოქმედება მიმდინარეობს აწ გაუქმებულ მუსიქბოქსის ფორუმზე. ფილმი დიდი ხანი ინახებოდა გრიფით „საიდუმლო“. ჯერ არ აუღია არცერთი ჯილდო საერთაშორისო კინოფესტივალებზე,მაგრამ უქმად ყოფნას არ აპირებს... რაღაცა იქნება!
ბილ კაულიცი ტომისაგან გაჩეჩილი თმებითა და მრავალცოლიანობით გამოირჩეოდა. ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, რომ იგი პირველად ვენესუელაში დაქორწინდა. იგი ქმრად მოიყვანა ვენესუელური მაკდონალდსის პრინცესა RUSO-მ და ცივ ნიავს არ აკარებდა. თუმცა, ცივი ნიავი კი არ აწუხებდა ბილს, არამედ თაყვანისმცემელთა უზარმაზარი არმია, რომელთა შორისაც ფალსიფიცირებული ცოლებიც ერივნენ. ამის მიუხედავად, ყველაფერი რიგზე იყო RUSO-ს ელვისებური საპასუხო რეაქციების წყალობით.
თავიდან Quco-ს, რომელიც ტოკიო ჰოტელს დიდად არ სწყალობდა, ეჭვი ეპარებოდა ბილის შესაძლებლობებში: ეს კაფანდარა ბიჭი ხელში ატატებულ RUSO-ს როგორ შეიყვანს სახლშიო, აშკარად შტანგებზე ვარჯიში დასჭირდება ამისთვისო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბილმა შეძლო ამ მისიის შესრულება. ამის გამო იგი Quco-სგან ნაკლებ წკიპურტს იღებდა, ვიდრე დანარჩენები (არა და მისი აჯობებდა, RUSO მედგრად იცავდა ქმარს).
ტოკიო ჰოტელზე მხოლოდ ფალსიფიცირებული ცოლები და ფანები არ ნადირობდნენ. მათ მუდამ კვალში ედგა ვენესუელაში სახელგანთქმული სუპერმენი მონადირე Crazy, რომელიც არც სხვა მომღერლების მონადირებაზე ამბობდა უარს. მას ხელში ყვითელღრუბლიანი ხელჯოხი ეჭირა, ხოლო უკან მუდამ დაჰყვებოდა ობიექტივისთვალა ციკლოპი. ყვითელ–ღრუბლიანი ხელჯოხით ყველანაირი ხმა იწერებოდა, ხოლო ციკლოპი რასაც შეხედავდა ყველაფერს იმახსოვრებდა. Crazy მონადირებულ მასალას სამზარეულოში მიიტანდა, ხმას და გამოსახულებას დაანაკუწებდა, გადაარჩევდა, ერთ ქვაბში ჩაყრიდა და გემრიელ სიუჟეტებს ხარშავდა.
როგორც ყველა სუპერმენს, მასაც ჰყავდა თავისი Mary Jane სახელად MAO. ისინი უხსოვარი დროიდან დაქორწინებულები იყვნენ, მაგრამ Crazy მუდამდღე ნადირობდა და სახლში ხშირად არ იყო, ამიტომ MAO საოჯახო საქმეებს სრულად განაგებდა, თავისუფალ დროს კი პრანჭიაობაში ატარებდა. ერთხელაც, უკვე იმდენჯერ იყო გამოპრანჭული, რომ აღარ იცოდა ახალი ვარცხნილობა როგორი შეერჩია. არადა კარგი ამინდი იყო და სეირნობა სურდა.
ბედად, ვენესუელის მმართველმა ჩამოიარა ღიღინ-ღიღინით და დაღონებული MAO რომ დაინახა, ჰკითხა, რა გაგჭირვებიაო. MAO-მაც სთხოვა, ვარცხნილობის სტილი შეერჩია მისთვის. Sh@ko ყოველთვის ყველას ეხმარებოდა, მაგრამ ამ თხოვნამ საგონებელში ჩააგდო - როგორია მზეთუნახავისთვის ვარცხნილობის შერჩევა, ის ხომ ისედაც ლამაზია? მაგრამ MAO ჯიუტად ითხოვდა მისთვის ახალი ვარცხნილობის შერჩევას და შეთავაზებულებს (რადგან უამრავჯერ ჰქონდა ნაცადი) იწუნებდა. ბოლოს, თავმობეზრებულმა მმართველმა მიუგო:
მოდას მისდევს აგრაფინა,
თმა იმგვარად შეკონა,
თავზე ყვავი დააფრინდა,
საწყალს ბუდე ეგონა.
და ღიღინით განაგრძო გზა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment