Friday, June 1, 2012

ანა და მზე


ჩემს მაგიდაზე ტელეფონი წკარუნებს.
პატარა დისშვილი მირეკავს დედას არ ცალია, წამიყვანე, რა, მზიურში.
რატომ, მაინცდამაინც მზიურში? მიკვირს მე. მერე მახსენდება, რომ პირველი ივნისია, ბავშვების დღე, რა გასაკვირია, გასეირნება მოუნდა პატარას. ვპირდები, გამოგივლი-მეთქი და ტელევიზორის წინ, პულტით ხელში შეუმჩნევლად მეძინება.


სიზმრად ვიღაც გოგონას ვხედავ.
შავი თმა აქვს და დიდრონი თვალები.
ბავშვობიდან ვხატავდი _ ამბები ხშირად იწყება ასე. მინდა, სხვანაირად დავიწყო, მაგრამ ეს ამბავი მაინც ასე იწყება: ანა გოგუაძე ბავშვობიდან ხატავდა.
ერთხელ, თავისი ნახატები მის ერთ საყვარელ ადამიანს _ ნინო ქათამაძეს აჩვენა.
ფოტოების გადაღება არასოდეს გიცდია? ჰკითხა ნინომ, მგონია, კარგად გამოგივა.
ფოტოები! რატომაც არა!

პირველ კადრად ანამ ნინოს ხელები გადაიღო.



ხუთი წლის მერე ის გამოფენას მოაწყობს ერთ-ერთ კინოთეატრში, ფოტოების თემა ხელები იქნება. ხელი, როგორც მოდელი, ხელი პოზიორი, ხელი ფანტაზიორი; გამოფენა საოცარი გამოვა და ძვირადაც გაიყიდება, მაგრამ მანამდე ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა მოხდეს.
მაგალითად, კიდევ ერთხელ უნდა წაიკითხოს ნოდარ დუმბაძის წიგნები.
დუმბაძეს ყველა ვკითხულობთ, გადავფურცლავთ, გავხალისდებით და უკან, თაროზე დავდებთ. ანაც ასე მოიქცა, ოღონდ წიგნებს ცოტა სხვა თვალით შეხედა. ეს სულაც არ არის მხოლოდ გასართობი ამბები; ეს რაღაც სხვაა. ნოდარს მზიანი გულის მწერალს უწოდებდნენ, ნოდარმა მზიური დააარსა, მზიური, მზე, ნოდარი.

ანა მზიურში მიდის,
კიდევ ერთხელ მისეირნობს.
მარტის თვეა.
ეს ხომ ბავშვების კუნძული უნდა იყოს. სად არიან ისინი?
არიან. კანტი-კუნტად, თითო-ოროლა.
არა, ასე არ გამოვა. მზიურში ბევრი ბავშვი უნდა იყოს. თუნდაც, თოთხმეტ ივლისს, მწერლის დაბადების დღეს.
ანას ბუნდოვანი იდეა უჩნდება და გადაწყვეტს, ეს იდეა ქეთის, ნოდარის შვილს გაანდოს.

მაგრამ, რომ არ იცნობს?! სად ნახოს კოორდინატები?!
გამარჯობა. ქალბატონ ქეთის სთხოვეთ.
ქეთი აქ არ ცხოვრობს.
გოგონა ისევ რეკავს. ბოლოს სასურველი პასუხი ესმის: ქეთი ვარ!
ასე იპოვა ანამ ქეთი დუმბაძე. უბრალოდ, ტელეფონების წიგნი აიღო და ვაკეში მცხოვრებ ყველა დუმბაძეს დაურეკა.

ფოტოებს, წლებია, იღებს.
გამოფენები, დიპლომები, ჯილდოები არც ისე უცხოა მისთვის. ერთ-ერთ კონკურსზე დიპლომი გოგი გვახარიას პორტრეტულმა ფოტომ დაიმსახურა.
ახლა ბინა სტუდიაში გლამურულ ფოტოებს იღებს,  მათ გამოფენასაც აწყობს ხოლმე.
ფოტოგრაფიაში მუდამ ახალ-ახალ საფეხურებს პოულობს. გადასაღები ობიექტებისთვის პროფესიონალური მაკიაჟის გაკეთებასაც აუღო ალღო და ფიქრობს, რომ არაფოტოგენური ადამიანი არ არსებობს!

მთავარია, ისე გადაიღო, როგორც საჭირო.
ალბათ, ფოტოები იმიტომ გამოდის ასეთი. ეს მე ვარ?! რა ლამაზი ვყოფილვარ...
მესმის რეპლიკა, ალბათ, არც ისე იშვიათი.
ზეიმი მინდა გავმართოთ უთხრა ანამ ქეთი დუმბაძეს, რომელიც მზიურის დირექტორი აღმოჩნდა.
თოთხმეტ ივლისს ბავშვები ქალაქგარეთ არიან, მოდი, პირველ ივნისს, ბავშვების დღეს დავამთხვიოთ, სთხოვა ქეთიმ.

ასე მოაწყო, ჯერ კიდევ, თვრამეტი წლის გოგონამ მზის ზეიმი, რომლის მსგავსიც ჯერ აქ არავის გაუმართავს. ეს სახელი იმიტომ დაარქვა, რომ... ეს ის ფრაზ, რომელიც მიყვარს – „დედამიწა ტრიალებს, მზე ანათებს, არ მოგერიდოს, სახე შეუშვირე! .. მთავარია დაინახო...
მესამე წელია, ივნისის დასაწყისში, მზიურში დიდი ჟრიამულია, უამრავი ბავშვი და მათთან ერთად უფროსები ერთად მხიარულობენ, სწორედ ისე, როგორც ეს ნოდარ დუმბაძეს უნდოდა.

გაიღიმე! ასეთი იყო პირველი ზეიმის დევიზი.
რატომ, გაიღიმე? ეკითხებოდნენ ჟურნალისტები.
იმიტომ, რომ შავი ფერებისა და მოღუშული სახეების დრო დამთავრდა. ახლა ჩვენ ბევრი, ბევრი ღიმილი გვინდა. მეორე დევიზი ეს ფრაზა იქნება! სიყვარული ყველგან არის, ჩვენ ვხედავთ მზეს! სასწაული ხდება!

ანა კიდევ ბევრს მიამბობს, ირინა ლობჟანიძესა და დათო ხოსიტაშვილზე, მაია თაბაგარსა და მათზე, ვინც სულ მის გვერდითაა.
მთავარ საქმეს თვითონ აკეთებს, სპონსორებს ეძებს, ყველაფერს ორგანიზებას უკეთებს და ემოციებით სავსე, ძლივს იძინებს. სხვა საქმეებში უამრავი ადამაინი ეხმარება. ვინ დაარიგებს ფერად დროშებს? ვინ გაანაწილებს ბუშტებს? ვის უნდა ჩაიცვას მზის ზეიმის მაისურები? ინტერნეტსაიტ ფორუმ.ჯი-ზე გაერთიანებული ახალგაზრდები ამ დღეს პატარებზე არანაკლებ იხალისებენ.

კონცერტი ბავშვებისთვის, ნახატების გამოფენა, გაცოცხლებული ზღაპრის გმირები, სხვადასხვა საბავშვო წრეების თეატრალიზებული წარმოდგენები, ნოდარის ლექსების წაკითხვა, ახალი სათამაშო მოედნების გახსნა და მწერლის იუბილეს აღნიშვნა - ეს სიურპრიზების მხოლოდ ნაწილია.
როგორც ყოველთვის, აქ დაპატიჟებულები იქნებიან ბავშვები, რომელთაც მზრუნველობა აქვთ მოკლებული. მათზე დღეს არა მარტო ანა, არამედ ბევრი სპონსორი ზრუნავს და ცდილობენ, დაასაჩუქრონ.
მაააშ ასეეე, მზე ამოდის, ვიწყებთ გაღიმებას, დევიზი - ”სასწაული ხდება!” ძალაში შედის. ანა გოგუაძე წელს მეშვიდედ მართავსმზის ფესტივალს”.
მეღვიძება. ტელევიზორში რატომღაც კადრები გაჩერებულა და დიდი ასოებით  წერია: ჩქარა!

მახსენდება, რომ სინამდვილეში, დისშვილი სულაც არ მყავს, მაგრამ...

რომელი საათია?

მზიურში არ დამაგვიანდეს!



თამუნა თოდუა

ჟურნალი "ბომონდი"
2008 წელი.

No comments:

Post a Comment